Home » მსოფლიო » ჯო ბაიდენი – თუ არ დავუჩქარეთ, ჩინეთი ჩვენს ლანჩს შეჭამს

ჯო ბაიდენი – თუ არ დავუჩქარეთ, ჩინეთი ჩვენს ლანჩს შეჭამს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის მიერ შექმნილი გამოწვევების წინააღმდეგ მოქმედება უნდა გააძლიეროს და საკუთარი ინფრასტრუქტურა უნდა განაახლოს.

”ისინი მილიარდობით დოლარს დებენ, რომ გაუმკლავდნენ მთელ რიგ საკითხებს, რომლებიც ეხება ტრანსპორტირებას, გარემოს და სხვა საკითხებს. ჩვენ უბრალოდ უნდა ვიმოქმედოთ. თუ არ ვიჩქარებთ, ისინი ჩვენს ლანჩს შეჭამენ,“- განაცხადა ბაიდენმა სენატორებთან შეხვედრაზე, რომელსაც როგორც „დემოკრატი“ ასევე „რესპუბლიკელი“ სენატორები ესწრებოდნენ.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან 2 საათიანი სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენი ჩინელ კოლეგას გუშინ ესაუბრა. თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ შეშფოთებულია ჩინეთის მიერ ჰონგ-კონგზე განხორციელებული ზეწოლით, სინძიანის პროვინციაში ადამიანის უფლებების დარღვევით და ტაივანის მიმართ სულ უფრო და უფრო მკაცრი ქმედებების განხორციელებით. მათივე ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა სი ძინპინთან საუბარში ასევე განაცხადა, რომ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის თავისუფლების შენარჩუნება აშშ-სთვის პრიორიტეტია. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, სი ძინპინმა ჯო ბაიდენს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დაპირისპირება კატასტროფა იქნება ორივე ქვეყნისთვის და მხარეებმა ხელახლა უნდა შექმნან საშუალებები იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ არასწორი მსჯელობები.

Share