Home » საზოგადოება » ჯანმო-ს წარმომადგენელი – „კოვაქსი“ და ჯანმო 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ, რომ საქართველოს ვაქცინა რაც შეიძლება სწრაფად ჰქონდეს

ჯანმო-ს წარმომადგენელი – „კოვაქსი“ და ჯანმო 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ, რომ საქართველოს ვაქცინა რაც შეიძლება სწრაფად ჰქონდეს

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და მთავრობამ ყველა ვალდებულება შეასრულეს, თუმცა, „კოვაქსი“ ახლა იწყებს და იკრებს სიჩქარეს და ეს რთული პროცესია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მან უპასუხა შეკითხვას, როდის ექნება საქართველოს ვაქცინა და რა არის ქართველი ხალხისადმი მისი გზავნილი.

„განსხვავებული გზავნილები ვიხილე პრესაში. საქართველომ, როგორც ქვეყანამ და როგორც მთავრობამ ყველა ვალდებულება შეასრულა. პირველი მიწოდება გლობალური მასშტაბით უკვე დაიწყო და იმედი გვაქვს და დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოეს კვირებში ეს ყველა რეგიონში მოხდება“, – განაცხადა ჰანს კლუგემ.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს შორის ამ საკითხზე გასული კვირის ბოლოს სატელეფონო კონფერენცია შედგა.

„დღესაც გვაქვს კომუნიკაცია UNICEF-თან და ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ჟენევაში, რათა დავადგინოთ მიწოდების თარიღი. ამიტომ ხალხისადმი გზავნილი არის, რომ დაიცვან საზოგადოებრივი და სოციალური ზომები და ის, რომ: მათი მთავრობა, „კოვაქსი“ და ჯანმო ნამდვილად 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ, რომ ქვეყანას ვაქცინა რაც შეიძლება სწრაფად ჰქონდეს,“ – აღნიშნა ჰანს კლუგემ.

Share