Home » საზოგადოება » ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის – 15 22-ის თანამშრომლის ინფორმაციით, ოპერატორების დიდი ნაწილი გაფიცულია

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის – 15 22-ის თანამშრომლის ინფორმაციით, ოპერატორების დიდი ნაწილი გაფიცულია

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის 15 22- ის თანამშრომლის ინფორმაციით, თებერვლის თვის სახელფასო ანაზღაურება ჯერ კიდევ არ მიუღიათ, რის გამოც თანამშრომლების დიდი ნაწილი გაიფიცა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” ჯანდაცვის სამინისტროს „ცენტრალური ონლაინ კლინიკის” ცხელი ხაზის, 15 22- ის ერთ-ერთი თანამშრომელი უყვება, ხელფასის დაგვიანების მიზეზად ხელმძღვანელობამ ტექნიკური მიზეზები დაასახელა, რის შემდეგაც დაპირება მიიღეს, რომ დღეს 18:00 საათამდე ხელფასი დაირიცხებოდა, თუმცა ამ დრომდე კუთვნილი შრომითი ანაზღაურება არ მიუღიათ.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად ცხელ ხაზზე მუშაობას რამდენიმე თანამშრომელი აგრძელებს, თუმცა ოპერატორების დიდი ნაწილი პროტესტის რეჟიმშია.

“მოგეხსენებათ, რომ 15 22 არის ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ცხელი ხაზი კერძოდ, ვაქცინაციის ცხელი ხაზი ვართ – ანუ ვაქცინასთან დაკავშირებით შესაბამის ტექნიკურ დახმარებას უზრუნველვყოფთ ჩვენ, ასევე გვყავს ექიმები, რომლებიც პირველად დახმარებას უწევენ, მაგრამ უფრო მეტად ხაზს ვუსვამ, რომ ვართ ტექნიკური დახმარების ცხელი ხაზი. დღეში ძალიან ბევრი ზარი შემოდის ტექნიკური მხარდაჭერისთვის, არიან ასაკოვანი ექიმები, ვინც ვერ კონტაქტობენ კარგად “ბუკინგის” საიტზე და ჩვენი დახმარება სჭირდებათ ხოლმე.

ამის პარალელურად, თებერვლის თვის ხელფასს ველოდებით დღემდე. ეს პერიოდი გაიწელა მრავალი მიზეზით – ვითომ იმით, რომ ხელშეკრულებებში იყო რაღაც დარღვევა და ამის გამო ვერ რიცხავდნენ, ვითომ იმით, რომ საიდენტიფიკაციო კოდი იყო დაგვიანებული და ა.შ. მოკლედ, იყო მრავალი მიზეზი.

ვაპირებდით, რომ პარასკევს ჩვენი წამოსვლით გაგვეპროტესტებინა ეს ამბავი, მაგრამ ისევ უფროსობასთან შეხვედრის შემდგომ, მათი მხრიდან წამოვიდა ის პირობა, რომ სამშაბათს ბოლო დღე მოგვეცითო და აუცილებლად დაგირიცხავთ თებერვლის ხელფასსო და დღეს უკვე სამშაბათს ისევ ჩვეულებრივად, 6:00 საათამდე, პატიოსნად მივიყვანეთ სამუშაო საათამდე საქმე იმიტომ, რომ ველოდებოდით რომ დაირიცხებოდა, მაგრამ არ დაირიცხა. პროტესტის ნიშნად დავიშალეთ და წამოვედით.

ახლა 15 22-ზე, ვაქცინაციის ცხელ ხაზზე რომ დარეკოთ, არავინ არ გიპასუხებთ იმიტომ, რომ არავინ არ ვართ, შესაბამისად ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტიც ვნახე, რომ უკვე გამოუწვევია პროტესტი საზოგადოებაში და უთქვამთ, რომ 15 05-ზე ვრეკავთ, რადგან 15 22-ზე არ გვპასუხობს და 15 05-დან ისევ 15 22-ზე გვამისამართებენო და მოკლედ, გაფუჭებული ტელეფონია ეს გადამისამართება და ვეღარ ვეხმარებით ხალხს.

ძალიან ცუდი და საწყენია, როდესაც ერთ-ერთი მთავარი დამხმარე რგოლი ჩვენ ვართ ამ ეტაპზე, მით უმეტეს, როდესაც ვაქცინაცია დაიწყო და სახელმწიფო ასე გვიფასებს ჩვენს შრომას. უფროსისგან პასუხი იყო, რომ შეგიძლიათ წახვიდეთო – ანუ ასე, რომ ვთქვათ ჩვენი მხარე დაიჭირა, მაგრამ ხელმძღვანელობისგან საერთოდ არ გვაქვს პასუხი”, – აცხადებს ერთ-ერთი დასაქმებული.

“ინტერპრესნიუსი” დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურს, მისი ინფორმაციით, საკითხზე კომეტარი, სავარაუდოდ, ხვალ გაკეთდება.

Share