Home » საზოგადოება » ჯანდაცვის სამინისტრო რეფორმისთვის, სხვა ექსპერტებთან ერთად „გლობალ ალიანსის“ რესურსს გამოიყენებს
„ჯანდაცვის სამინისტრო რეფორმისთვის, სხვა ექსპერტებთან ერთად „გლობალ ალიანსის“ რესურსს გამოიყენებს“

ჯანდაცვის სამინისტრო რეფორმისთვის, სხვა ექსპერტებთან ერთად „გლობალ ალიანსის“ რესურსს გამოიყენებს

დღეს, მინისტრმა დავით სერგეენკომ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე ისაუბრა.

„პირველადი ჯანდაცვა, ზოგადად, ოჯახისა და უბნის ექიმებს გულისხმობს. განვითარებულ ჯანდაცვის სისტემაში პრობლემების 80 პროცენტს აგვარებს ოჯახის ექიმი და მხოლოდ 20 პროცენტს სჭირდება, რომ მიმართოს სტაციონარს. ჩვენთან ეს პარიტეტი არის პირიქით, უფრო მეტიც – 90 პროცენტის შემთხვევაში პაციენტი კლინიკაში მიდის. ჩვენი ამოცანაა, რომ პირველადი ჯანდაცვის რაოდენობრივი და თვისობრივი მახასიათებლები გაუმჯობესდეს. ეს გამოიხატება რამდენიმე მიმართულებაში: პირველ რიგში ესაა ინფრასტრუქტურული პროექტები. როდესაც პოლიკლინიკები და ამბულატორიები გარემონტდება და აღიჭურვება შესაბამისად. ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით გავაკეთეთ რისკების შეფასება, დაზუსტებულად ვიცით, სად რამდენი დაწესებულებაა და მათგან რამდენს სჭირდება აღჭურვა და გარემონტება. გარდა ამისა, რეფორმის ფარგლებში ვგეგმავთ პირველადი ჯანდაცვის ექიმების სწრაფ და ეფექტურ გადამზადებას, რათა მათ მოახერხონ მოვალეობების მაქსიმალურად შესრულება. რეფორმაში გათვალისწინებულია ფინანსური უზრუნველყოფა – ოჯახის ექიმებს, განსაკუთრებით კი, სოფლის ექიმებს, ანაზღაურება მწირი აქვთ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ შარშან 30 პროცენტით გავუზარდეთ ანაზღაურება. ამ ეტაპზე კი, ფინანსური ნაკადი, რომლებიც უნდა შემცირდეს გართულებული შემთხვევების მართვაში, გადამისამართდება პირველად ჯანდაცვაზე. ეს გახლავთ მოკლე მოცემულობა სამი მთავარი კომპონენტისა. ვფიქრობ, რომ ოქტომბრის ბოლოს ჩვენ უკვე გვექნება კონკრეტული  გაწერილი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელსაც წარვუდგენთ საზოგადოებას და ვიმოქმედებთ ამ გეგმის მიხედვით“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მინისტრმა, ჯანდაცვის სისტემაში საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსის“ როლზეც ისაუბრა, რომელიც სამინისტროს სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად, პირველადი ჯანდაცვის რეფორმის განხორციელებაში კონსულტაციებს უწევს.
„ჯანდაცვის სამინისტრო ფლობს საკონსულტაციო რესურსების საკმაოდ ფართო სპექტრს, რომელთაც ვიყენებთ რეფორმების ეფექტურად განსახორციელებლად. ეს რესურსები გახლავთ ,,მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია“, მსოფლიო ბანკის ექსპერტები, უნისეფი (UNICEF) და სხვა ინსტიტუტები. ეს გახლავთ დიდი ჩამონათვალი საკონსულტაციო ტექნიკური ექსპერტებისა, რომელთა დახმარებასაც ჩვენ ვიყენებთ. მათგან ერთ–ერთი გახლავთ ,,გლობალ ალიანსი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
წყარო: Pia.ge
Share