Home » ეკონომიკა » „ივლისის თვის ეკონომიკური ზრდა ნიშნავს, რომ კვლავინდებურად ეკონომიკური გამოცოცხლება, გაჯანსაღება, განვითარება გრძელდება“

„ივლისის თვის ეკონომიკური ზრდა ნიშნავს, რომ კვლავინდებურად ეკონომიკური გამოცოცხლება, გაჯანსაღება, განვითარება გრძელდება“

ივლისის თვის ეკონომიკური ზრდა ნიშნავს, რომ კვლავინდებურად ეკონომიკური გამოცოცხლება, გაჯანსაღება, განვითარება გრძელდება, რაც გვაძლევს რწმენას, რომ წლის ბოლომდე გვექნება საკმაოდ კარგი მაჩვენებელი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ივლისის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი 9.9 პროცენტია.

„დღეს დილით გამოქვეყნდა ივლისის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, საკმაოდ მაღალი – 9.9 პროცენტი. ამდენით არის გაზრდილი 2021 წლის ივლისში ეკონომიკა წინა წელთან შედარებით, თითქმის 10-პროცენტიანი ზრდაა.

ეს ნიშნავს, რომ დაჯამებულად მიმდინარე წლის შვიდი თვის მონაცემებით, ეკონომიკა გაზრდილია 12.2 პროცენტით წინა წელთან შედარებით, რაც კიდევ უფრო სასიხარულოა, თითქმის ექვსი პროცენტით არის გაზრდილი 2019 წლის შვიდ თვესთან შედარებით.

ეს ნიშნავს, რომ კვლავინდებურად ეკონომიკური გამოცოცხლება, გაჯანსაღება, განვითარება გრძელდება და ეს კიდევ ერთხელ გვაძლევს რწმენას, რომ წლის ბოლომდე გვექნება საკმაოდ კარგი მაჩვენებელი, ვვარაუდობთ ორნიშნულიან ზრდას.

დარგობრივად რომ შევხედოთ, პრაქტიკულად თითქმის ყველა დარგში არის პოზიტიური დინამიკა. განსაკუთრებით ზრდის ტემპით ლიდერობს გადამამუშავებელი მრეწველობა, ასევე სასტუმროები და რესტორნები, ანუ განთავსების და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია, ასევე ვაჭრობა.

მნიშვნელოვანი ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა ეკონომიკური ზრდის არის ადგილობრივი ექსპორტი, რომელიც გაზრდილია თითქმის 50 პროცენტით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს არის დაკავშირებული ერთი მხრივ, იმასთან, რომ მომავლის იმედის განცდა და სტაბილურობის განცდა გაუჩნდათ ბიზნესებს. დიდი მონდომებით ახორციელებენ ახალ ინვესტიციებს, დებენ ახალ კონტრაქტებს, აფართოებენ ექსპორტის, აფართოებენ ვაჭრობის არეალს, აფართოებენ წარმოებებს, ხდება გადაიარაღება.

ამაზე მეტყველებს ის ინტერესი, რითაც ბიზნესები მონაწილეობენ თუნდაც სახელმწიფო პროგრამებში და თქვენ იცით, რომ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამა კიდევ უფრო მეტად ფართოვდება.

პირველი სექტემბრიდან უკვე ექსპორტზე ორიენტირებული, იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული დარგები დამატებით დახმარებას მიიღებენ არა მხოლოდ იაფი სესხის სახით და საკრედიტო-საგარანტიოს სახით, არამედ გრანტის სახითაც.

გარდა ამისა, ვაქცინაცია, რომელიც ასეთი მაღალი ტემპით მიმდინარეობს, მართლაც ჩვენ ქვეყანაში შექმნილი გვაქვს ვითარება, რომ დღეში 40 ათასი ადამიანი იცრებოდეს და ტემპი სულ უფრო მაღალია, ესეც ქმნის მომავლის პერსპექტივის პოზიტიურ განცდას“, – განახცადა ნათია თურნავამ.

Share