Home » ფინანსები » ივლისიდან, ბანკებისათვის უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა იცვლება

ივლისიდან, ბანკებისათვის უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა იცვლება

„ივლისის თვიდან, უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა ინდივიდუალურად, ცალკეული კომერციული ბანკისთვის, დეპოზიტების დოლარიზაციის მიხედვით განისაზღვრება”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ონლაინ ფორმატში საზოგადოებისათვის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების გაცნობისას განაცხადა.

„ნათელია, რომ მაღალი დოლარიზაციიდან მომდინარე წნეხი ინფლაციასა და გაცვლით კურსზე კვლავ ძლიერია. ამასთან, ის, მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის შეზღუდვასთან ერთად, ფინანსური სტაბილურობის რისკებსაც შეიცავს და, ამდენად, მისი ეტაპობრივად  შემცირება საქართველოს ეროვნული ბანკის გრძელვადიან პრიორიტეტად რჩება. ამ მიზნით, ივლისის თვიდან, უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა ინდივიდუალურად, ცალკეული კომერციული ბანკისთვის, დეპოზიტების დოლარიზაციის მიხედვით განისაზღვრება.

კერძოდ, თუ დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 40 პროცენტს არ აღემატება, მაშინ სარეზერვო ნორმა 1 წლამდე ნარჩენი ვადიანობის მქონე უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის 25-დან 10 პროცენტამდე მცირდება; თუ დოლარიზაცია 70 პროცენტი ან მეტია, ის კვლავ 25 პროცენტი იქნება; ხოლო 40-70 პროცენტის შუალედში სარეზერვო ნორმა, დეპოზიტების დოლარიზაციის კლებასთან ერთად, წრფივად შემცირდება.

ანალოგიურად, 15-დან 10 პროცენტამდე შემცირდება სარეზერვო ნორმა 1-დან 2 წლამდე ნარჩენი ვადიანობის მქონე უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის.

აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ლარის დეპოზიტების ბაზარზე კონკურენციის გააქტიურებას, ეტაპობრივად ლარზე მოთხოვნის ზრდასა და სავალუტო ბაზარზე წნეხის შერბილებას.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

Share