Home » ახალი ამბები » “ივანიშვილს გამოგზავნილი ჰყავდა ხალხი, დავასრულოთ ეს ყველაფერიო, ამაზე არ წავედი”

“ივანიშვილს გამოგზავნილი ჰყავდა ხალხი, დავასრულოთ ეს ყველაფერიო, ამაზე არ წავედი”

ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ქართული ოცნების დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მასთან ხალხი ჰყავდა გაგზავნილი, რომ ეს ყველაფერი “დაესრულებინათ”, თუმცა ხაზარაძის თქმით, ამაზე არ წავიდა.

“ბიძინა ივანიშვილს გამოგზავნილი ჰყავდა ხალხი, რომ დავალაგოთ და დავასრულოთ ეს ყველაფერიო, რომ იცოდეთ მე, ბატონო მოსამართლე. ამაზე არ წავედი, იმიტომ, რომ თუ არ დასრულდა ეს ყველაფერი… ისევე, როგორც არ წავედი წავედი წინა ხელისუფლების დროს”, — განაცხადა მან.

მოგვიანებით, ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზარაძემ კვლავ აღნიშნა, რომ ივანიშვილისგან შემოთავაზებაც ჰქონდათ, რომ ეს საქმე დაემთავრებინათ.

“შემოთავაზებაც გვქონდა, მგონი, შარშან, რომ იქნებ დავამთავროთ, ბიძინა ივანიშვილისგან. იმიტომ, რომ მას როგორ უნდა, იცით? რომ ყველა მასთან იყოს ვალში, ეს უნდა მას. ან ვალში უნდა იყო მასთან, ან უნდა იყო გაშავებული მის სიაში, რომ ყოველთვის კომპრომატი ჰქონდეს მას შენზე სამოქმედოდ”, — თქვა ხაზარაძემ.

დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესის დაწყების დროს მოსამართლემ მამუკა ხაზარაძე დარბაზიდან გააძევა.

მიზეზი ხაზარაძესა და ბრალდების მხარეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გახდა. მოგვიანებით, მოსამართლემ საბოლოო სიტყვის წარმოსათქმელად მისი დარბაზში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. საქმეზე განაჩენს მოსამართლე ხვალ, 11:00 საათზე გამოაცხადებს.

Share