Home » საზოგადოება » „ივანიშვილის წასვლა-წამოსვლით საქართველოში არაფერი შეიცვლება მანამ, სანამ ის აქტიურია როგორც მოღვაწე და პიროვნება“

„ივანიშვილის წასვლა-წამოსვლით საქართველოში არაფერი შეიცვლება მანამ, სანამ ის აქტიურია როგორც მოღვაწე და პიროვნება“

„მიდის-მოდის იქვე დგას, თუ ამას გამოცანად მივიღებთ კარია, ხოლო თუ პოლიტიკურ კონტექსტს გავითვალისწინებთ ეს ბიძინა ივანიშვილია, მიდის-მოდის, მაგრამ იქვეა. მისი წასვლა – წამოსვლით საქართველოში არაფერი შეიცვლება მანამ, სანამ ის აქტიურია როგორც მოღვაწე და პიროვნება“, – ასე აფასებს პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის პარტიული თანამდებობისა და პოლიტიკის მეორედ დატოვების შესახებ გავრცელებულ განცხადებას. ანალიტიკოსი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია რა იყო ჯერ მეორედ მოსვლა ან ახლა, მეორედ წასვლა რა არის.

„არ ვიცი ბიძინა ივანიშვილი საიდან წავიდა და სად წავიდა, ეს ძნელი სათქმელია. თუ მიდის, მაშინ საზოგადოებას უნდა გასცეს პასუხი კითხვაზე, პარტია “ქართულ ოცნებას” ივანიშვილი აღარ დააფინანსებს?   ბიძინა ივანიშვილი ყველა გადაწყვეტილებას თვითონ აღარ მიიღებს? თუ ვისაც „ქართული ოცნება“ დანიშნავს თავმჯდომარის თანამდებობაზე გადაწყვეტილებებს ის მიიღებს? ვინ აიღებს პასუხისმგებლობას ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე? ამ კითხვებზე საზოგადოებას უნდა მკაფიო პასუხი,წასვლა ნიშნავს, რომ ის ამ პროცესებში მონაწილეობას არ მიიღებს. ჩვენ გვაინტერესებს არა ვიღაცის ხელისუფლებიდან ჩამოშორება ან ვიღაცის ხელისუფლებაში მოყვანა არამედ ნორმალური ცხოვრება. თუ საკითხს ამ კუთხით შევხედავთ, ივანიშვილი საქართველოს ისტორიაში არის ერთ-ერთი თვალსაჩინო მეცენატი და მოღვაწე. ხოლო, მმართველობას თუ შევაფასებთ, რა თქმა უნდა ეს რვა წელი როგორც საშინაო ისე საგარეო ვითარების გათვალისწინებით შეიძლებოდა, რომ ქვეყნისთვის გაცილებით უკეთესი შედეგების მომტანი ყოფილიყო. გარკვეული თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილის მმართველობა ამ ქვეყნისთვის წარუმატებელია. ჩვენ ეს ყველაფერი უნდა ავწონ-დავწონოთ არა როგორც პოლიტიკური პროცესის სუბიექტებმა, არამედ უნდა გავაანალიზოთ თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა და რა გაკეთდა. სამწუხაროდ იმ საშინაო და საგარეო კონიუნქტურის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს ბევრის გაკეთება ამ ქვეყანაში არ შეიძლებოდა, არც იმ მემკვიდრეობის გათვალისწინებით რაც ივანიშვილმა წინა ხელისუფლებისგან მიიღო. ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა და მთავარი რასაც მე პირადად ივანიშვილს ვერ ვაპატიებ , არის ის, რომ ქვეყანა მკაფიო და კონკრეტული ორიენტირის გარეშე დატოვა. ის კრიზის მენეჯმენტს თავისი ხელქვეითების მეშვეობით კარგად უძღვებოდა, თუმცა ქვეყანა ორიენტირის გარეშე დატოვა. ორიენტირების გარეშე დარჩენილი ქვეყანა, გინდა საშინაო, გინდა საგარეო პოლიტიკის კუთხით არის ცოდო, ხალხისთვის ასეთი ვითარება ძალიან მძიმე იქნება“, განაცხადა ვაჟა ბერიძემ.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ არჩევნებზე ხმების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით მიიღო. ხოლო მისი პოლიტიკიდან წასვლით, ვაჟა ბერიძის აზრით, მმართველი გუნდის რეიტინგი მინიმუმამდე დადის, რა დროსაც პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში სრულფასოვანი ვერ იქნება, სწორედ ამიტომ პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს.

„ჩემი აზრით, იმ 48% – დან რომელიც ქართულმა ოცნებამ მიიღო, მომხრეების დაახლოებით 40% -მა პარტიას მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ მას ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. ანუ რა გამოდის 8% იანი პარტია რჩება ხელისუფლებაში სათავეში? ისევე როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 27%- დან 20% მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა, ეს საკამათო არ არის. ჩემი აზრით, პოლიტიკური პროცესი ასე სრულფასოვანი ვერ იქნება და ამ პროცედურების დამთავრების შემდეგ ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს, მაგრამ არა ქუჩიდან ტერორიზებული ხალხის და იმ პოლიტიკური სივრცის პირობებში, რასაც ახლა ოპოზიცია ცდილობს, არამედ მშვიდი, განსჯითი პოლიტიკური გარემოს პირობებში, როდესაც საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება და ცესკოს გადაკომპლექტება მოხდება. ამას მინიმუმ ორი წელი დასჭირდება, ვინც ორ წელზე ადრე არჩევნების დანიშვნას ფიქრობს, ის ელემენტარულად ისევ გადატრიალების, ისევ არევ-დარევის და ისევ აურზაურის მომხრეა. ორ წელიწადში ჩვენ დავინახავთ რას აკეთებს მმართველი პარტია, რას აკეთებს ოპოზიცია, რა ხდება ამ ქვეყანაში. ამასობაში ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, როგორც ლაკმუსის ქაღალდი იმისა, შეიცვალა თუ არა რამე ამ ქვეყანაში და აპირებს თუ არა ქართული ოცნება ობიექტურ და სამართლიან არჩევნების ჩატარებას. უკვე 2022 წლის შემოდგომაზე ჩვენ გვექნება ობიექტური და სამართლიანი არჩევნები, რომლის შედეგებსაც ყველა მხარე და რა თქმა უნდა საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს. თუ „ქართული ოცნება“ ლოგიკურ და თანამიმდევრულ ნაბიჯებს არ გადადგამს მაშინ მას ყველაფერი თავზე დაემხობა. ჩვენ გვინდა სამართლიანი გარემო, კოვიდის მიერ მოტანილი პრობლემების დაძლევა, ეკონომიკური აღორძინება და ნორმალური ცხოვრება, რის საშუალებასაც ეს პოლიტიკური სპექტრი ჩვენ არ გვაძლევს“, – აცხადებს ანალიტიკოსი.

პოლიტოლოგი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურის წარდგენასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ პროცესი არადემოკრატიულად მიმდინარეობს. ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, რომ პარტიის თავმჯდომარე, ქართული ოცნების მხარდამჭერებმა, რამდენიმე კანდიდატიდან უნდა შეარჩიონ.

„საზოგადოების ნაწილი “ქართული ოცნების” მომხრეა, ნაწილი „ერთიან ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მოკავშირეების, ჩვენ რა გვრჩება? ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული მემკვიდრე ან მემკვიდრეები? რა უფლება აქვს ივანიშვილს, რომ მემკვიდრეები დანიშნოს ? ფადიშაჰია? ჩვენ ახლახანს გვქონდა მშვენიერი მაგალითი , როდესაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომლის ოპონენტიც მე იმ ცხრა წლის განმავლობაში ვიყავი, მშვენიერი ნაბიჯი გადადგა, თავისი მომხრეებს და პარტიის წევრებს შესთავაზა, რომ აერჩიათ პარტიის პირველი პირი, ელექტრონულ კენჭისყრის მეშვეობით. შედეგად მივიღეთ, რომ პარტიის ლიდერების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ვერ გახდა, მომხრეებმა გადაწყვიტეს, რომ მელია პარტიის ლიდერობას უფრო იმსახურებდა.

ახლა იქნებ თავისი პარტიის მხარდამჭერებს მისცეს საშუალება, რომ რამდენიმე კანდიდატიდან , რომელიც მათ ჰყავთ იქნება ეს კობახიძე, თალაკვაძე, კალაძე, ვოლსკი ან სხვა თავისი ლიდერი თვითონ აირჩიონ, ან ივანიშვილმა შესთავაზოს 7 კაცი, რომელთაგანაც მოხდება ლიდერის არჩევა. ირაკლი კობახიძეს რომ წარადგენენ გვითხრან ვინ არის წარმდგენი, კახა კალაძეა წარმდგენი და ბიძინა ივანიშვილი არა? იქნებ ალტერნატივაც წარადგინონ, თუ დემოკრატიაზე გვაქვს საუბარი ეს არაა დემოკრატიაა. მე კობახიძის წინააღმდეგი კი არ ვარ, დანიშვნების პრაქტიკის წინააღმდეგი ვარ, ვინც ბიძინას იმას უნდა იმას ნიშნავენ იმ თანამდებობაზე სადაც ბიძინას უნდა. ეს არ არის დემოკრატია, აქ ერთპარტიულზე და მრავალპარტიულზე კი არ არის საუბარი, საუბარია იმაზე, რომ ჩვენ საქართველოში არა დემოკრატიული პარტიები გვყავს. ანუ ბელადების და დამფინანსებლების პარტიები, რომლებიც დემოკრატიულ ქვეყანას ვერ ააშენებენ და ეფექტურად ფუნქციონირებად ეკონომიკას ვერ შექმნიან. „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაფერი ცუდი კი არ აქვს, ბევრი რამ სწორია, ამი მაგალითია, პარტიის ლიდერის არჩევის პროცესი“, – განაცხადა ვაჟა ბერიძემ.

ვაჟა ბერიძე აცხადებს რომ ბიძინა ივანიშვილს და მის პოლიტიკურ ძალას დაკარგული აქვს საზოგადოებასთან, ხალხთან კავშირი და ამ კავშირის გარეშე მოქმედებს. მისვე თქმით, პოლიტიკიდან გარიდება გამოსავალი არ არის. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს  “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” უკვე ყოფილ თავმჯდომარეს მისი რვა წელი ტვირთად მიჰყვება და სჯობს ყველაფერი კარგად აწონ-დაწონოს და აქცენტები გადაალაგოს.

„ბიძინა ივანიშვილის დევიზია, რომ – „მე მდიდარი კაცი ვარ, მინდა რომ ჩემი სიმდიდრე საქართველოს მოვახმარო, მაგრამ ამის სანაცვლოდ ვითხოვ იმას, რომ ხელი არ შემიშალოთ, ყველაზე კარგი ხელის არ შეშლა კი არის ის, რომ ვიყო ხელისუფლებაში და თვითონ გადავწყვიტო ჩემი მილიარდები ამ ქვეყანას როგორ მოვახმარო“. ის ამ მიდგომიდან გამომდინარე სერიოზულ შეცდომას უშვებს, შეძლება მან ეს მილიონები მოახმაროს ხალხს, ბევრი ბიზნესიც გააკეთოს, ბევრი ქონებაც შეიძინოს, მაგრამ როცა მას არ აქვს ორიენტირი , არ აქვს მიზანი, ამ პროცესში საზოგადოება არ არის ჩართული, სხვა შეძლებულ ადამიანებს ინვესტიციების განხორციელება მაინც უჭირთ, ვერც ერთი შიდა და გარე შეძლებული ადამიანი პოლიტიკაში ფულს ვერ დებს , რადგან ხელისუფლების შიში არსებობს, როდესაც განვითარების ორიენტირები არ ჩანს, ამ შემთხვევაში მე ივანიშვილის ხელისუფლების საქმიანობის აღმატებულ ფერებში შეფასება არ შემიძლია. თუმცა ვიტყვი, რომ ის მასშტაბური მეცენატი და მოღვაწეა და ჯერჯერობით მისი შეფასება ნაადრევია, უახლოესი წლები გამოაჩენს რა გააკეთა და რა ვერ გააკეთა, თუმცა ეს ხარვეზები დღესვე არის თვალში საცემი და მე მასვე ამ ყველაფრის გამოსწორებას ვურჩევ.  გვითხრას რას აპირებს, მაგალითად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტს მიიყვანს ბოლომდე? დახარჯავს მილიარდ ევროს? ან იპოდრომის პარკს მიიყვანს ბოლომდე ? რას ითხოვს ამის სანაცვლოდ, რომ მას არც ერთ მომავალი ხელისუფლება არ შეეხოს? მისი სიკეთე, მისი სიკეთეა და შეუძლია როგორც უნდა ისე გამოიყენოს, განსაკუთრებით ამ ქვეყანაში , მაგრამ საზოგადოებასთან მუდმივი დიალოგის გარეშე, საზოგადოების იგნორირებით მისი შეფასება აღმატებული ვერ იქნება“, – განმარტავს ანალიტიკოსი.

commersant.ge

Share