Home » ბიზნესი » ივა ჭყონია: “კარფურის” მიერ ადგილობრივ მეწარმეებთან დადებული კაბალური გარიგებები უნდა დარეგულირდეს

ივა ჭყონია: “კარფურის” მიერ ადგილობრივ მეწარმეებთან დადებული კაბალური გარიგებები უნდა დარეგულირდეს

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელ ივა ჭყონიას განცხადებით, მსხვილ სუპერმარკეტებსა და ადგილობრივ მწარმოებლებს შორის პარტნიორული ურთიერთობები არათანაბარ პირობებში მიმდინარეობს, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს ძალიან აზარალებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ და “ჯეი ენდ თი ქონსალთინგის” მმართველმა პარტნიორმა გიორგი ცერცვაძემ პრესკონფერენცია გამართეს.

„კუთვნილ თანხებს დროულად არ გვირიცხავენ. შემდეგ გვიხსნიან, რომ გარკვეული გადასახადია გადასახდელი, რის ანგარიშფაქტურასაც აგზავნიან. ამ კომუნიკაციას შეიძლება თვეები დასჭირდეს, რაც კომპანიებისთვის სერიოზული პრობლემაა.

წარმოიდგინეთ, როდესაც კომპანიას საბრუნავი კაპიტალი არ აქვს და შემოსავალს სწორედ ჰიპერმარკეტში შეტანილი პროდუქციიდან ელოდება და ამ თანხას დროულად ვერ იღებს, ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. ამასთან, რაღაც კუთხით კანონით უნდა დარეგულირდეს, რომ არავის ჰქონდეს უფლება მიღება-ჩაბარების აქტის და დადასტურების ანგარიშფაქტურის გარეშე მოხდეს თანხების ჩამოჭრა.

ეს ძალაუფლება ერთ – რიტეილის მხარეს რომაა, ყველამ კარგად იცის და განსაკუთრებით მავნედ ამას “კარფური” იყენებს. ეს არაერთ კომპანიასთან გამოუყენებია. რაღაც პერიოდის შემდეგ რიგი კომპანიები გარკვეულან მდგომარეობაში, მაგრამ წარმოიდგინეთ, როდესაც რაღაც ვალდებულებები გაქვთ გასტუმრებული და ამის გამო მიდიხართ საბოლოოდ ბანკთან რესურსების მოსაძიებლად. ეს ყველაფერი სწორედ ისაა, რაც კომპანიებისთვის პროდუქტზე იძულებით ფასების მატებას იწვევს, რაც საბოლოოდ მომხმარებელზე მოქმედებს.

არაკოლეგიალურები, საკმაოდ ხისტები არიან, ქედმაღლურად გიყურებენ და საერთოდ არ შემოდიან კომუნიკაციაში. ეს პრობლემა ნაკლებად აქვთ მსოფლიო ბრენდებთან. მათ საერთაშორისო ბაზარზე პირდაპირი კომუნიკაცია არ უჭირთ და რიგ შემთხვევაში, უბრალოდ აიძულებენ, რომ კაბალური პირობებით შევიდნენ, რაც არასწორია, რადგან ადგილობრივი ქართველი რიტეილერებისთვის ძალიან ცუდია.

ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ არ დაზიანდნენ ადგილობრივი მწარმოებლები, რომელთა შემოსავალი ხშირ შემთხვევაში ქსელური სუპერმარკეტების მიერ გადახდილი თანხებია. “კარფური” ბაზარზე იმდენად სწრაფად მზარდია, რომ სახიფათო ხდება. თუ ეს ურთიერთობები დროულად არ დალაგდა ბევრი მცირე და საშუალო კომპანიისთვის უბრალოდ მომაკვდინებელი იქნება და ბაზარზე ოპერირებას ვეღარ შეძლებენ.

კაბალურ პირობაში ვგულისხმობ ქსელში კომპანიის პროდუქციის შესვლის გადასახადის გადახდას. პირობითად კონტრაქტში თუ გიწერია, რომ თითოეულ გახსნილ მაღაზიაზე თანხა უნდა გადაიხადო და შენ ამ მაღაზიაში შეხვალ თუ არ შეხვალ, მოგწონს თუ არ მოგწონს მისი ლოკაცია, იძულებული ხარ გადაიხადო ეს გადასახადი.

ამასთან, რიგ შემთხვევაში ეს ასი ათასობით ლარია, როდესაც საუბარია ე.წ. ქეშ-ბექზე – მარკეტინგულ გადასახადზე, რომელიც 5% იყო, შეიძლება 1 წელში ის გაგიზარდოს 10%-მდე და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ასი ათასობით ლარი, რაც ქსელში დაშვების საფასურია, უბრალოდ, გეკარგება და სწორედ პირად საუბარში მიდის მსჯელობა.

კომპანიას ეუბნებიან, რომ ეს თანხა დაეკარგებათ თუ არ დათანხმდებიან და ხვალ, როდესაც განაახლებენ მოლაპარაკებას ყველა მაღაზიასთან, თავიდან მოუწვეთ გადასახადის გადახდა, რიგ შემთხვევაში მეტის გადახდა. ქსელში შესვლის საფასური მავნე პრაქტიკაა და ამაზე უახლოეს მომავალში პარლამენტში ვიმსჯელებთ“, – აცხადებს ივა ჭყონია.

Share