Home » ბიზნესი » ივა ხასია: თამბაქოზე აქციზის გაზრდით, თამბაქოს უკანონო შემოდინებაც გაიზრდება
ივა ხასია: თამბაქოზე აქციზის გაზრდით, თამბაქოს უკანონო შემოდინებაც გაიზრდება

ივა ხასია: თამბაქოზე აქციზის გაზრდით, თამბაქოს უკანონო შემოდინებაც გაიზრდება

JTI-ს კომუნიკაციების სპეციალისტი ივა ხასია მიიჩნევს, რომ თამბაქოს რეგულირების კანონპროექტი, რომლის ინიციატორი გუგული მაღრაძეა ნაჩქარევად შეიტანეს პარლამენტში განსახილველად. როგორც ხასია ამბობს, კანონპროექტის ავტორებს კონსულტაციები არც ბიზნესთან და არც მთავრობასთან გაუვლიათ.

„თავდაპირველად, როდესაც ამ კანონპროექტის განხილვა იყო, ჩვენ პარლამენტში ვიყავით. რეალურად, ეს კანონპროექტი ნაჩქარევად იყო შემუშავებული. არც ბიზნესთან და არც მთავრობასთან კონსულტაციები არ იყო გავლილი. შესაბამისად, კანონპროექტში ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი არ იყო ასახული.

რამდენადაც ვიცი, დღესდღეობით მთავრობას კანონპროექტის ავტორებისადმი შესაბამისი რეკომენდაციები გადაგზავნილი აქვს. მასში მთელი რიგი საკითხებია გაწერილი.

ამ ეტაპზე ჩვენ თვითონაც მოლოდინის რეჟიმში ვართ, როგორ მოხდება რეკომენდაციების ასახვა და უკვე შემდეგ, როდესაც განახლებული კანონპროექტი საჯარო გახდება, რა თქმა უნდა, დამატებითი კომენტარებიც გაკეთდება.

ხასიამ სააგენტოსთან სიგარეტზე აქციზის ზრდასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, აქციზის მატებამ ქართულ ბაზარზე თამბაქოს უკანონოდ შემოდინება გამოიწვიოს.

„2013 წლიდან მოყოლებული, ფაქტობრივად, ყოველწლიურად იმატებდა აქციზი. ერთადერთი გამონაკლისი 2014 წელი იყო, როდესაც არ გაიზარდა. რა თქმა უნდა, თამბაქოს ფასიც აქციზზეა დამოკიდებული. როდესაც აქციზი იმატებს, ეს ფასზეც აისახება.

ამ წუთისთვის, გრძელვადიან შემთხვევაში ზუსტი კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. დღეს საქართველოში სიგარეტს ბევრად უფრო მაღალი ფასი აქვს, ვიდრე ვთქვათ, სომხეთში. როგორც კი სხვაობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, არის იმის რისკები, რომ თამბაქოს უკანონოდ შემოდინება მოხდეს.

ამის სამწუხარო გამოცდილება ქართულ ბაზარზე 2005 წელს უკვე გვქონდა. მაშინ აქციზის მატება გაუაზრებლად მოხდა. ძალიან დიდი ტემპებით. შესაბამისად, ამან კანონიერი ბაზრის დაკნინება გამოიწვია, რაც საბიუჯეტო შემოსავლებზეც ნეგატიურად აისახა.

JTI-ს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ თამბაქოს ინდუსტრიაში ნებისმიერი ცვლილებების შემუშავებაში ჩართული უნდა იყვნენ ამავე ბიზნესის წარმომადგენლები.

„რა თქმა უნდა, ნებისმიერი საკითხი, რომელიც პირდაპირ ეხება ბიზნესს, არ უნდა გადაწყდეს ისე, რომ ბიზნესთან კონსულტაციები არ გაიმართოს“,- აღნიშნა ხასიამ.

წყარო: Bpi.ge

Share