Home » მსოფლიო » ისტორიაში ყველაზე დიდი ფინანსური პირამიდის შემქმნელი 82 წლის ასაკში ციხეში გარდაიცვალა

ისტორიაში ყველაზე დიდი ფინანსური პირამიდის შემქმნელი 82 წლის ასაკში ციხეში გარდაიცვალა

მსოფლიოში ყველაზე დიდი ფინანსური პირამიდის შემქმნელი ბერნარდ (ბერნი) მედოფი 82 წლის ასაკში საპატიმროში გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ს საპატიმროთა ფედერალურმა ბიურომ გაავრცელა. მედოფს 150-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

მან ისტორიაში ყველაზე მსხვილი ე.წ. პონცის სქემა შექმნა. სქემის სახელწოდება მის გამომგონებელს, ჩარლზ პონცის უკავშირდება, რომლის ფინანსურმა პირამიდამ გასული საუკუნის 20-იან წლებში ბევრი ინვესტორი აზარალა ან გააკოტრა, თავად ჩარლზ პონცი კი საპატიმროში მოხვდა. ასე მოხდა ბერნი მედოფის მაგალითზეც, ოღონდ, ამ უკანასკნელმა ისტორიაში პონცის სქემა ყველაზე მასშტაბურ აფიორად გადააქცია.

ათწლეულების განმავლობაში მედოფი უოლ-სტრიტზე წარმატებულ და ნდობის მქონე ავტორიტეტულ ფინანსისტს წარმოადგენდა, თუმცა საიდუმლოდ საინვესტიციო მაქინაციებში მონაწილეობდა. მისმა ფინანსურმა პირამიდამ ბევრი ადამიანი გააუბედურა, ამიტომაც საოლქო მოსამართლე დენი ჩინმა თავის განაჩენში მედოფის დანაშაული, რომელიც 64,8 მილიარდი დოლარის მაქინაციაში მდგომარეობდა, „უკიდურეს ბოროტებად“ შეაფასა.

საპატიმრო ბიუროს წარმომადგენლის განცხადებით, ბერნი მედოფი ჩრდილო კაროლინის ქალაქ ბატნერის მედიცინის ფედერალურ ცენტრში დილის 4-ის ნახევარზე გარდაიცვალა. სიკვდილი ბუნებრივი მიზეზით იყო გამოწვეული: მედოფს თირკმლის ტერმინალური და რამდენიმე სხვა დაავადება აწუხებდა.

მედოფი 150-წლიან სასჯელს ბატნერის ციხეში 2009 წლიდან იხდიდა. ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ ბერნი მედოფი საპატიმროშიც აგრძელებდა პატარა ფინანსურ მაქინაციებს და ამით ერთობოდა. მაგალითად, 3-4 წლის წინათ მან ციხის მაღაზიაში შოკოლადის ფხვნილის Swiss Miss-ის მთელი მარაგი იყიდა და შემდეგ მას ციხის ეზოში უფრო ძვირად ჰყიდდა. გასულ წელს ბერნი მედოფი ავადმყოფობის გამო შეწყალებას ითხოვდა, რათა სიკვდილს სახლში შეხვედროდა, მაგრამ იმავე მოსამართლემ, რომელმაც მას პატიმრობა მიუსაჯა, შეწყალების თხოვნა ბერნის არ დაუკმაყოფილა.

მედოფის ადვოკატ ბრენდონ სემპლის განცხადებით, ბერნი სიკვდილამდე დანაშაულის გრძნობით ცხოვრობდა და თავის დანაშაულს ინანიებდა.

„მართალია, მისმა კრიმინალმა, ძირითადად, განსაზღვრა, თუ ვინ იყო ბერნი, მაგრამ ამავე დროს ის იყო მამა და მეუღლე, იყო მშვიდი და ინტელექტუალი. ის იდეალური არავითარ შემთხვევაში არ ყოფილა, მაგრამ ასეთი არც არავინაა,“ – განაცხადა ადვოკატ სემპლიმ.

მედოფის ათასობით მსხვერპლს შორის იყვნენ კერძო პირები, საქველმოქმედო ორგანიზაციები, საპენსიო და ჰეჯ-ფონდები. მის მიერ „გადაგდებული“ ცნობილი სახეებიდან იყვნენ მსხიობები კევინ ბეკონი, კირა სეჯვიკი და ჯონ მალკოვიჩი, აგრეთვე, რეჟისორ სტივენ სპილბერგთან დაკავშირებული საქველმოქმედო ორგანიზაცია.

„ჩვენ გვეგონა, რომ ის ღმერთი იყო და ყველაფერს მას ვანდობდით,“ – აცხადებდა 2009 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი ელი ვიზელი, რომლის ფონდმაც 15,2 მლნ დოლარი დაკარგა. ყველაფერი დაკარგეს ებრაული თემის წარმომადგენლებმაც, სადაც ბერნი მედოფი დიდი ფილანტროპის სახელით იყო ცნობილი.

მედოფის დანაშაულობების შესახებ ხელისუფლებას მისმა ორმა ვაჟმა აცნობა, რომლებიც მამის მაქინაციურ სქემაში არ მონაწილეობდნენ. ბერნი მედოფი Nasdaq-ის მსხვილი მარკეტ-მეიკერი იყო, სადაც ერთი პერიოდი აღმასრულებელი მდინვის მოვალეობას ასრულებდა. მისი საბროკერო ფირმა მანჰეტენის ცენტრში, Lipstick Building-ის ცათამბჯენში მდებარეობდა. თანამშრომლები „ერთ დიდ ოჯახში“ გრძნობდნენ თავს, მაგრამ არაფერი იცოდნენ იმაზე, რომ ერთ-ერთ სართულზე მედოფი ფინანსური მაქინაციებით იყო დაკავებული. ამაში მხოლოდ მედოფის საახლობლო წრის რამდენიმე წევრი მონაწილეობდა, რომლებთაც ფინანსისტი მეტად ენდობოდა.

ამ გზით ნაშოვი ფულით ბერნი და მისი მეუღლე რუტი ცხოვრებას ფუფუნებაში ატარებდნენ: შეიძინეს პენტჰაუზი მანჰეტენზე, ვილა საფრანგეთში, ძვირადღირებული ავტომობილები და იახტები, რომლის საერთო ღირებულება 825 მლნ დოლარი იყო.

თუმცა როცა მოსამართლე დენი ჩინი მედოფის პროცესზე განაჩენს კითხულობდა, მანჰეტენზე სასამართლო დარბაზში ბერნის არც ერთი ახლო ნათესავი არ იმყოფებოდა. მისი კეთილი ხასიათის დასადასტურებლად არც ერთ მის მეგობარს, ნათესავსა თუ მხარდამჭერს სასამრთლოსთვის წერილი არ წარუდგენია.

„ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ვიცი, რომ ეს თქვენ ვერ დაგეხმარებათ,“ – ასე მიმართა ბერნი მედოფმა პროცესის ბოლოს თავისი ფინანსური მაქინაციების მსხვერპლ პირებს.

BPN.GE

Share