Home » საზოგადოება » “ისრაელში სიცილით კვდებიან, როდესაც იგებენ, რომ ჩვენ ირიგაციის პრობლემები გვაქვს”

“ისრაელში სიცილით კვდებიან, როდესაც იგებენ, რომ ჩვენ ირიგაციის პრობლემები გვაქვს”

„რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი, ლაშა პაპაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე საუბრობს. ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ქვეყანა ბუნებრივი რესურსებით მდიდარია, თუმცა ამას ვე იყენებს. აქვე განმარტავს, რომ მწირი ბუნებრივი რესურსების მქონე სხვა ქვეყნებს უკვირთ, შესაძლებლობების გათვალისწინებით, რატომ აქვს საქართველოს ამ თვალსაზრისით ამდენი პრობლემა.

„ხშირად ვამბობ დ მთავრობისთვისაც მიმიცია რჩევა, რომ სოფლის მეურნეობის აღორძინება და აღდგენა თუ გინდა, მინიმუმ 50 წლიანი პროგრამები უნდა გაკეთდეს. სრული რეფორმაა საჭირო. მათ შორის, ბიზნესის „მტრები“ გვყავს – ჩვენი ენერგოდისტრიბუტორები. ჩვენ კახეთში ვმოღვაწეობთ და „ენერგო-პროს“ მოწოდებული იმდენად უხარისხო დენია, ათეულობით ათასი დოლარის ჩადება გვიწევს დენის სტაბილიზაციაში. ასეა ყველა საწარმო. სჯობს, ჩვენ თვითონ გავაკეთოთ ინვესტიცია „ენერგო-პროში“, რომ წესიერი დენი მოგვეწოდოს.

იგივე შეეხება გაზსაც. წნევა არ ვარგა. არათუ საწარმოები, წნევის უქონლობის გამო რაიონში დუშს ვერ მიიღებ წესიერად. ეს ყველაფერი დიდი დარტყმაა და ამაზე სახელმწიფომ უნდა იფიქროს. როგორ მოსთხოვს, რა დახმარებას, ან სუბსიდიას გასწევს, არ ვიცი რა კონტრაქტები აქვთ ამ დისტრიბუტორებთან. არ ვარ ჩახედული, მაგრამ ვხედავ, რომ ძალიან დაბალი ხარისხია. წყალზე არაფერს ვამბობ. ჩვენი ქვეყნის სოფლების მგონი ნახევარი, უწყლოდ არის დარჩენილი მაშინ, როდესაც საქართველო უამრავი რაოდენობით წყალს უნდა ყიდდეს. დიდი პრობლემა გვაქვს საწარმოებში. ირიგაციაზე არაფერს ვამბობთ. ისეთი ქვეყნები ახერხებენ ამას, როგორიც ისრაელია. გაუგონარია, სიცილით კვდებიან, როდესაც იგებენ, რომ ჩვენ ირიგაციის პრობლემები გვაქვს“,- ამბობს პაპაშვილი.

ბიზნესმენის აზრით, ამ პრობლემების სათავე არასწორი მენეჯმენტია.

business-partner.ge

Share