Home » ახალი ამბები » ისრაელის დედაქალაქში „აჭარის დღე“ წარმატებით ჩატარდა

ისრაელის დედაქალაქში „აჭარის დღე“ წარმატებით ჩატარდა

 

რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ისრაელის დედაქალაქ თელავივში „აჭარის დღეს“ უმასპინძლა. ოფიციალურ საღამოზე, რომელსაც წამყვანი ადგილობრივი მედია საშუალებების, ტურისტული სააგენტოებისა და დიპლომატიური კორპუსის 100-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა პოპულარიზაცია გაეწია ქართულ ტრადიციულ კერძებს, ფოლკლორსა და ცეკვებს.

საღამოს სტუმრებს ოფიციალურად მიმართა საქართველოს სრულუფლებიანმა და საგანაგებო ელჩმა ისრაელში პაატა კალანდაძემ და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა, რომლებმაც საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მეგობრობაზე და აჭარაში ებრაელი ტურისტებისა და ავიაკომპანიების მზარდ რაოდენობაზე გაამახვილეს ყურადღება.

„ჩვენი მიზანია „აჭარის დღეები“-თ, რომელიც თელავივის გარდა მინსკში, ასტანასა და ვარშავაში იგეგმება პოპულარიზაცია გავუწიოთ რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს, განსაკუთრებით კი არამატერიალურ კულტურას და სამზარეულოს. ჩვენმა ღონისძიებამ თელავივში საშუალება მისცა სტუმრებს გასცნობოდნენ ჩვენს ფოლკლორსა და ცეკვებს, ადგილზე დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულოს სავიზიტო ბარათები და თავადაც მიეღოთ მონაწილეობა კულინარიულ მასტერკლასში. მინდა აღვნიშნო, რომ ადგილობრივმა მედია საშუალებებმა და ღონისძიების დამსწრე საზოგადოებამ დიდი ინტერესი გამოხატა ჩვენი რეგიონის მიმართ, რაც საბოლოო ჯამში მიმდინარე წელს აჭარაში შემოსული ებრაელი ტურისტების რაოდენობაზე აისახება,“

– განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამეტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.

თელავივში გამართულ აჭარის დღეზე იმყოფებოდა შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „შუახევი“, რომელმაც სტუმრებს ქართული ხალხური სიმღერები გააცნო.

აჭარის დღე თელავივში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ისრაელში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა.

ისრაელის გარდა „აჭარის დღეებს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მინსკში, ვარშავასა და ასტანაში გამართავს, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონის ცნობადობის გაზრდას სამიზნე ქვეყნებში.

12952862_10207127742926368_749910833_o

Share