Home » საზოგადოება » ISNA: აზერბაიჯანი, ირანი და საქართველო ახალ სატრანზიტო მარშრუტს გახსნიან

ISNA: აზერბაიჯანი, ირანი და საქართველო ახალ სატრანზიტო მარშრუტს გახსნიან

აზერბაიჯანმა, ირანმა და საქართველომ მიაღწიეს შეთანხმებას სპარსეთის ყურის შავ ზღვასთან დამაკავშირებელი სატრანზიტო მარშრუტის ორგანიზებაზე.

ამის შესახებ ISNA-სთან ინტერვიუში ირანის საერთაშორისო ტრანზიტისა და ტრანსპორტის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, ჯავად ჰედაიათმა განაცხადა.

„აზერბაიჯანსა და საქართველოსთან ორი შეხვედრის შემდეგ, მათ შევთავაზეთ ინიციატივა ახალი სატრანზიტო დერეფნის შექმნაზე რეგიონული დაახლოებისთვის. რა თქმა უნდა, ეს გეგმა 8 წლის წინ იყო შემოთავაზებული, მაგრამ, ამ შეთანხმებაში ბევრი ქვეყნის ჩართვის გამო, ის ჯერ რეალიზებული არ არის და მხარეებმა ვერ მიაღწიეს კონსენსუსს“, – განაცხადა მან.

ჰედაიათიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი მარშრუტის შექმნას შეუძლია სპარსეთის ყურის შავ ზღვასთან დაკავშირება.

“საქართველო და ირანი შეთანხმების მთავარი მხარეები არიან, რადგან ირანი თავისუფალ წყლებს უკავშირდება სპარსეთის ყურის გავლით, ხოლო საქართველოს აქვს ორი მნიშვნელოვანი სავაჭრო პორტი შავი ზღვის აღმოსავლეთით. მეორეს მხრივ, საქართველომ და აზერბაიჯანმა დიდი ძალისხმევა გაწიეს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად და განვითარებისთვის, ამიტომ, ჩვენ შევეცადეთ, გაგვეფართოებინა თანამშრომლობა ორივე ამ ქვეყანასთან“, – დასძინა მან.

შეთანხმების თანახმად, მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში ირანიდან საპილოტე ტვირთები გაიგზავნება აზერბაიჯანში ასტარის საზღვრის გავლით, ასევე, ბულგარეთში ან აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, შავი ზღვით საქართველოს პორტების გავლით.

პროექტის საპილოტე ეტაპის დასრულება იგეგმება ირანული კალენდარული წლის ბოლომდე (2022 წლის 20 მარტი), რომ მოხდეს დაბრკოლებების და პრობლემების გამოვლენა.

აღნიშნულია, რომ სამ ქვეყანას შორის გამართულ ფინალურ სამმხრივ შეხვედრაზე შეიქმნება მექანიზმი, რომელიც შეამცირებს მიწოდების ღირებულებას და დროს.

kvira.ge

Share