Home » ეკონომიკა » „ისეთ ქვეყნებში, სადაც დაზღვევის კულტურა დაბალია, სავალდებულო დაზღვევის არსებობა სულაც არ იქნება ურიგო“
„ისეთ ქვეყნებში, სადაც დაზღვევის კულტურა დაბალია, სავალდებულო დაზღვევის არსებობა სულაც არ იქნება ურიგო“

„ისეთ ქვეყნებში, სადაც დაზღვევის კულტურა დაბალია, სავალდებულო დაზღვევის არსებობა სულაც არ იქნება ურიგო“

„დაზღვევის სექტორის დაბალი ტემპით განვითარების ორი ძირითადი მიზეზია – ეკონომიკური მდგომარეობა და მოსახლეობის მხრიდან რისკების მართვის დაბალი დონე“

სადაზღვევო სექტორში არსებულ ვითარებაზე, გამოწვევებზე, არსებულ პრობლემებსა და დაზღვევის კულტურის განვითარების მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე, “ბანკები და ფინანსები” სადაზღვევო საქმის ექსპერტ, გიორგი გიგოლაშვილს გაესაუბრა.

– წლებია სადაზღვევო სექტორი, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ სფეროდ ითვლება. მუდმივად არის საუბარი, რომ სექტორს განვითარების დიდი რესურსი და პოტენციალი აქვს. განვითარებულ ქვეყნებში სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდული პრემია მთლიანი შიდა პროდუქტის 8,15%-ია, განვითარებად ქვეყნებში კი 2,71%. საქართველოს 2016 წელს სექტორის მიერ მოზიდულმა პრემიამ 393 მლნ ლარი შეადგინა, რაც მშპ-ს 1,16 პროცენტია, თუმცა რეალურად, თვალსაჩინო  განვითარება არ ჩანს.  რა არის პრობლემის მთავარი განმაპირობებელი მიზეზი და რა განაპირობებს მსგავს სიტუაციას ქვეყანაში?

– ერთი, პოტენციალი რომ დავინახოთ, ავიღოთ ავტომობილები. მილიონ 300 ათასი ერთეული სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული საქართველოში. მათ შორის მხოლოდ 5-6%-ია დაზღვეული. ეს ძალიან მცირე მაჩვენებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ პოტენციალი არის დარჩენილი 95%-ის დაზღვევის. შედეგად, ვაწყდებით ორ მიზეზს, რომელიც დაზღვევის სხვა მიმართულებითაც მუშაობს, პირველი, რაც უფრო ძლიერია ეკონომიკურად ქვეყანა და მისი თითოეული მოქალაქე, რაც უფრო მაღალია გადახდისუნარიანობა, მით უფრო მეტია ალბათობა იმისა, რომ ხალხი და ორგანიზაციები შეიძენენ დაზღვევის სერვისს. ნაკლებია ფული, ნაკლები ადამიანი და ორგანიზაცია ყიდულობს დაზღვევას.

მეორე, რომელიც ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანია, ეს არის სადაზღვევო კულტურა. ეს არ არის მხოლოდ გაცვეთილი სიტყვები. უბრალოდ, რომ შევხედოთ როგორ გადადიან ადამიანები გზაზე, დავინახავთ საქართველოს მოსახლეობას როგორი დამოკიდებულება აქვს რისკებისადმი. რისკის მართვა ჩვენთან ძალიან დაბალ დონეზეა. არ ვგულისხმობ პროფესიონალ ბიზნესებს და სხვა სახის ორგანიზაციებს. რომ ჩავიხედოთ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებში, ვნახავთ რომ საქართველოში მხოლოდ რამოდენიმე ათეული ათასი ობიექტია დაზღვეული, ვგულისხმობ შენობა-ნაგებობას. არადა ასეთი შენობა-ნაგებობის რაოდენობა გაცილებით ბევრია. საცხოვრებელი სახლები რომ ავიღოთ, საოფისე ფართებიც დავამატოთ, სახელმწიფო ორგანიზაციები, ბიზნესები და ასე შემდეგ, გამოდის ძალიან ბევრი რაოდენობა. კონკრეტულად, ქონების დაზღვევა ღირს ძალიან მცირე თანხა, ვთქვათ 100 000 თუ ღირს საცხოვრებელი ბინა, ის შეიძლება წელიწადში 200-300 ლარადაც დაეზღვიოს. განვადებით თვეში ეს გამოდის დაახლოებით 20 ლარი, რაც არ არის ხელმიუწვდომელი, მაგრამ აბა ვნახოთ რამდენ ადამიანს აქვს ბინა დაზღვეული, მხოლოდ ბანკი თუ მოითხოვს უზრუნველყოფით კრედიტის გაცემისას დაზღვევას.

შედეგად, ეს ორი მიზეზი იკვეთება. რაც უფრო მდიდარია ქვეყანა უფრო იზრდება დაზღვევის მოცვა და რაც უფრო მაღალია ადამიანების მიერ რისკების მართვა, მით უფრო მაღალი ხდება დაზღვევის მოცვის მაჩვენებელი. რა უნდა გაკეთდეს და რა პოტენციალი გვაქვს, ეს ორი თემა გვერდზე რომ გადავდოთ, მაგალითად, მე ვაკრეტიკებდი 2008 წელს და მერე 2010-ში სულ სხვა ფორმით მოხდა, სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამებს, რომელსაც უამრავი ხარვეზი ჰქონდა, მაგრამ მან ერთი პლუსი, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ იმ უამრავი ხარვეზის გათვალისწინებით, ნამდვილად დატოვა. ამ დაზღვეულ ხალხს, კარგი თუ ცუდი, ხელში ეჭირათ პოლისი. ეს პოლისი რომ გიჭირავს ხელში და ნელ-ნელა ხვდები თურმე არსებობს დაზღვევა, თურმე შეიძლება ჯიბიდან აიცილო ხარჯი და ისე მიიღო სამედიცინო სერვისები ლიმიტების ფარგლებში, ამან მოიტანა თავისი შედეგი, რომ ხალხმა გაიგო დაზღვევის სიკეთეების შესახებ.

– სავალდებულო დაზღვევები და მათი მნიშვნელობა – ამ მიმართულებით სპეციალისტების და ეკონომისტების აზრი ორ ნაწილად იყოფა. ერთი მხარე მიიჩნევს, რომ აუცილებელია სავალდებულო დაზღვევების არსებობა, მეორე მხარე კი თვლის, რომ სახელმწიფომ მოქალაქეს არ უნდა აიძულოს შეიძინოს ესა თუ ის სადაზღვევო პროდუქტი. თქვენ რა შეფასებას გააკეთებდით სავალდებულო დაზღვევების მნიშვნელობის თაობაზე?

– ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის იაპონია და აშშ, ძლიერი, კაპიტალისტური, რომელიც მრავალი ათეული წლების განმავლობაში იცის ხალხმა რა არის დაზღვევა, სავალდებულო არ არის ეს. ეს ეტაპი გაიარეს მათ. მოცვა საკმაოდ მაღალია. ავტომობილის მფლობელი იქ არც კი გარისკავს იმოძრაოს პასუხისმგებლობის დაზღვევის გარეშე. მოცვა შეიძლება 100% არ არის, მაგრამ 70%-ია, რაც საკმაოდ მაღალია. იქ სხვა კულტურაა და ეს კულტურა წლების განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ბანკებთან ურთიერთობა ვერ გექნება იქ დაზღვევის გარეშე და ა.შ. ისეთ ქვეყნებში, სადაც დაზღვევის კულტურა დაბალია, მაგალითად პოსტ საბჭოტა ქვეყნებში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც სხვა სისტემა იყო, ერთი ცენტრალური ორგანიზაცია იყო და რომელიც თავისი წესებით ჭრიდა და კერავდა ყველაფერს, ასეთ ქვეყნებში უფრო გამართლებულია დაზღვევის სავალდებულო სახით არსებობა. რაც მთავარია სახელმწიფომ კარგად უნდა დათვალოს ობიექტურად რა ეღირება ეს დაზღვევა და ამას, რა თქმა უნდა, ადმინისტრირების ხარჯებიც უნდა დაუმატოს და გონივრული მოგება განმახორციელებელი სადაზღვევო კომპანიებისთვის, რადგან სადაზღვევო კომპანიები რასაც გააკეთებენ იმის სათანადო ანაზღაურება მიიღონ და მოქალაქეები თუ ორგანიზაციები ზედმეტს არ იხდიდნენ. ამის გამოყვანა მათემატიკის და სტატისტიკის გამოყენებით შესაძლებელია. თუ რაღაც პროდუქტი ღირს X, მე არ უნდა გადავიხადო ამაში 3-ჯერ მეტი თანხა. ეს უნდა იყოს გათვალისწინებული და დახვეწილი, დალაგებული პროგრამა უნდა არსებობდეს.

გვინდა თუ არ გვინდა, ადრე თუ გვიან ამის გაკეთება მაინც მოგვიწევს, რადგან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით 2019 წლის ბოლოსთვის უნდა იყოს საქართველოში ევროკავშირის რეგულაციებთან მიახლოებული პროექტის ფორმა, რომელიც ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა მესამე პირებისადმი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევას. ეს პროექტი ევროდირექტივების მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს. თუ გვინდა გავხდეთ ევროკავშირის სივრცის წევრი ქვეყანა, ჩვენთანაც უნდა შემოვიღოთ დაზღვევის ეს სახეობა. სანამ ჩვენი სადაზღვევო კულტურა იქამდე მივა, რასაც აი თუნდაც ავტომობილის ფლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობას ჩვენივე სურვილით დავაზღვევთ, მანამდე ამ ტიპის დაზღვევის სავალდებულო არსებობა არაფერ საფრთხეს არ წარმოადგენს.

– არის თუ არა რომელიმე სავალდებულო დაზღვევის შემოღება მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანაში?

– პროფესიულ საქმიანობის სერვისებს ვინც ეწევა და მათი კომპანიები, აი მათი პასუხისმგებლობის დაზღვევა, ექიმები, სამშენებლო კომპანიები და სხვა. მშენებლობაზე ვიცით, რომ სამწუხარო შემთხვევები ფიქსირდება და ადამიანები იღუპებიან. მათ მიმართ საჭიროა პასუხისმგებლობა. აი, თუნდაც სამშენებლო მასალა ჩამოვარდა და გამვლელს ზიანი მიაყენა ან რომელიმე მესაკუთრის ქონებას. იგივე არქიტექტორებზე. პროფესიულ საქმიანობას ვინც ეწევა და მათმა საქმიანობამ შესაძლოა სხვებს მიაყენოს ზიანი. პასუხსიმგებელი პირი კი ხანდახან გადახდისუუნაროა და ვერ ახერხებს ზარალის ანაზღაურებას. პასუხისმგებლობის დაზღვევის მთელი არსი ის არის, რომ დაზარალებული არ აღმოჩნდეს დაუცველი და მითუმეტეს, ეს მეორე თემაა, რომ არ დააწვეს სახელმწიფოს. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში პროფესიული საქმიანობას ვინც ეწევა, იგივე სამშენებლო კომპანიები, არ იქნებოდა ურიგო აი მათი პასუხისმგებლობის დაზღვევა თუ იქნება სავალდებულო.

– კაპიტალის ბაზარი ქვეყანაში ფაქტობრივად არ ვითარდება. რამდენად პრობლემურად მიგაჩნიათ ეს ფაქტი და რა როლი შეიძლება შეასრულოს სადაზღვევო სექტორის სწრაფმა ზრდამ ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარების თვალსაზრისით?

– ერთ ასპექტზე გავამახვილებ ყურადღებას. საპენსიო დაზღვევა და სიცოცხლის დაზღვევა, გრძელვადიანი დაზღვევა, სადაც კონტრაქტები გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაშია დადებული. დიდი თანხის აკუმულირება რომ მოხდეს, არა ერთ და ორ წელში, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში, საჭიროა ასეთი ფონდები არსებობდა. ამიტომ, ეს კანონი, რომელიც უკვე შევიდა ძალაში საპანესიო ფონდის სახით, დაეხმარება სახელმწიფოს ფულადი სახსრების აკუმულირებაში და შემდგომ ინვესტირებაში. დაზღვევის ეს სახეობა თუ ბოლომდე შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, ეკონომიკას ათეულობით წლების განმავლობაში უჩნდება ამ საპენსიო ფონდში გადახდილი თანხების ამუშავების საშუალება. ეს თანხები შეიძლება ჩაიდოს ისეთ პროექტებში, რომელთა მოგების მარჟა შედარებით ნაკლებია, მაგრამ ქვეყნას სჭირდება მშენებლობები, პროექტები იგივე სოფლის მიმართულებით და ასე შემდეგ, რაც დაეხმარება სექტორს და მოქალაქეც ვთქვათ, თუ 30 წლის განმავლობაში ახორციელებს ამ ფონდში შენატანებს, ისიც იხეირებს საპენსიო ასაკის დადგომისას. კაპიტალის ბაზრის მიმართულებით ჩვენ კარგად ვხედავთ რაც ხდება, რამდენი კომპანიაა საქართველოში ამ მიმართულებით აქტიური, ამიტომ მისი განვითარების პერსპექტივაზე, იმაზე თუ რამდენ წელში განვითარდება ის, ამის თქმისგან თავს შევიკავებ.

– რა საკითხში სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სადაზღვევო სექტორი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს?

– სადაზღვევო კომპანიები მარკეტინგულ და მენეჯერულ ძალისხმევას არ აკლებენ ამ სექტორის განსავითარებლად. 10 წლის წინ რა სიტუაციაც იყო, შედარებაც არაა. ბევრი რაღაცის გაკეტება შეიძლება, თუმცა ერთ-ერთს ვიტყვი. ცუდი არ იქნება სახელმწიფოს მხრიდან საინფორმაციო-მარკეტინგული კამპანია არა რომელიმე სადაზღვევო კომპანიის, არამედ ზოგადად დაზღვევა რას წარმოადგენს იმასთან დაკავშირებით. სკოლებში უნდა ისწავლებოდეს, ტელევიზიით გადაცემები უნდა იმართებოდეს. ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ თქვენი მკითხველის ინფორმირებაც მოხდება დაზღვევის კულტურის განვითარების მიმართულებით. ეს ყველაფერი წვეთ-წვეთად გროვდება და დაზღვეულთა რაოდენობაც ასე იზრდება. ასე რომ, სახელმწიფომ საინფორმაციო-საკუნსულტაციო ნაბიჯები უნდა გადადგას დაზღვევის კულტურის გასაცნობად მოსახლეობისთვის. იმედია ჩვენი ქვეყანაც განვითარდება იმ დონეზე, რომ დაზღვეული 2-3-ჯერ, თუნდაც 5-ჯერ მეტი იქნება ქვეყანაში.

ბაჩანა ჯინჭარაძე

Share