Home » საზოგადოება » ირინა მილორავა: „მთავარი კითხვა ენერგეტიკულ ბირჟაზე იმპორტიორის შერჩევის პრინციპებთან დაკავშირებით რჩება“
სემეკის ხელმძღვანელის განცხადებით, ელექტროენერგეტიკულ სექტორში მოხმარების ზრდა, წარმოებას აჭარბებს

ირინა მილორავა: „მთავარი კითხვა ენერგეტიკულ ბირჟაზე იმპორტიორის შერჩევის პრინციპებთან დაკავშირებით რჩება“

1-ლი ივლისიდან საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა უნდა ამოქმედდეს. ეს სიახლე  ელექტროენერგეტიკული სექტორის რეფორმის ნაწილია. ბირჟაზე იქნება ვირტუალური პლატფორმა, სადაც მსხვილ საწარმოებსა და გენერაციის ობიექტებს, ასევე იმპორტიორებს, ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაზლებლობა ექნებათ,

რეფორმის უმთავრესი მიზანი ბაზრის გახსნა და კონკურენტულ გარემოში ფასწარმოქმნის პროცესის ხელშეწყობაა. ბირჟის როლსა და პერსპექტივაზე „ბანკები და ფინანსები“ ბირჟის გენერალურ დირექტორს ქ-ნ ირინა მილორავას ესაუბრა. გთავაზობთ მორიგ ამონარიდს ინტერვიუდან.

– მედიასთან საუბრისას თქვენ აღგინიშნავთ,რომ  ენერგეტიკულ ბირჟაზე იმპორტიორები შემოვლენ ზუსტად იგივე უფლებით და იგივე შესაძლებლობებით, როგორც ნებისმიერი ადგილობრივი მწარმოებელი. ეს ბუნებრივია, დადებითი ფაქტორი გახდება კონკურენტული გარემოს და სამართლიანი და კონკურენტული ფასების ჩამოყალიბების გზაზე. 

ისიც აღგინიშნავთ, რომ ბირჟაზე კონკრეტულ განაცხადებზე ინფორმაცია არ იქნება ღია და მასზე წვდომა მხოლოდ სემეკს ექნება. 

ზოგადად, ტრანსასაზღვრო ვაჭრობის რეგულირება არის ერთ-ერთი ყველაზე რთული და კომპლექსური საკითხი და ამას ობიექტური მიზეზებიც აქვს. ჩვენ ფიზიკურად არ ვართ ევროპის ერთიანი ენერგეტიკული ქსელის ნაწილი  და არც ჩვენ მეზობლებთან გვაქვს ჰარმონიზებული კანონმდებლობა.

ამასთან, ჩვენ სამეზობლოში არ არის განვითარებული კონკურენტული ბაზრები ან, თუ არის, არ გვაქვს სრულფასოვანი წვდომა ამ ბაზრებთან. ჩვენ მეზობელ სამ ქვეყანასთან – რუსეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან ძირითადად ერთი სავაჭრო პარტნიორი გვყავს, რაც ბუნებრივია ვერ უზრუნველყოფს კონკურენციის საკმარის დონეს. თურქეთს, რომელიც მართალია არ არის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყანა, აქვს კარგად განვითარებული კონკურენტული ბაზარი, მაგრამ ტექნიკური თვალსაზრისით შეზღუდულია წვდომა სრულ ტრანსასაზღვრო სიმძლავრეზე. ამიტომ, ასეთი შეზღუდული კონკურენციის პირობებში, ბუნებრივია, რომ კვლავ მაღალი იქნება საზოგადოების ინტერესი იმპორტის ფასთან დაკავშირებით.

გიდასტურებთ, რომ იმპორტიორს ზუსტად იგივე უფლებები და ვალდებულებები ექნება ბირჟაზე, როგორც ნებისმიერ სხვა მონაწილეს, მაგრამ მთავარი კითხვა მაინც იმპორტიორის შერჩევის პრინციპებთან დაკავშირებით რჩება და ეს არის სწორედ ის საკითხი, რომელზეც ახლაც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა და რომელიც მარეგულირებელი კომისიის მიერ დამტკიცებულ სპეციალურ წესში უნდა აისახოს.

რაც შეეხება ინფორმაციის საჯაროობას, ბაზრის წესებითა და მონიტორინგის წესით ზუსტად არის განსაზღვრული, რა სახის ინფორმაცია ექვემდებარება გამოქვეყნებას ბირჟის მიერ და რა ინფორმაცია ითვლება კომერციულ საიდუმლოებად. ეს წესები შემუშავებულია საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით, ჩვენ უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობით და იგი ძირითადად ერთიანია განვითარებული ევროპული ბაზრებისათვის.

ბირჟის ოპერატორი ვალდებულია დაიცვას მონაწილის კომერციული საიდუმლოება, რაც არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს მონაწილის კონკურენტუნარიანობას. ასეთია სწორედ მონაწილის მიერ ბირჟაზე გაკეთებული განაცხადი. ბირჟაზე ერთი მონაწილის მიერ ერთი საათისთვის 200-მდე განაცხადის წარდგენა არის შესაძლებელი და ეს განაცხადები ეფუძნება ამ მონაწილის სავაჭრო სტრატეგიას. შესაბამისად, ინდივიდუალური განაცხადების გასაჯაროება ქმნის სხვა მონაწილეების მიერ ამ განაცხადებში ასახული ინფორმაციის გამოყენებით ბაზარზე მანიპულაციის რისკს. განაცხადი უნდა ასახავდეს ბაზრის კონკრეტული მონაწილის ხარჯების სტრუქტურას და მასზე გავლენა არ უნდა იქონიოს სხვა მონაწილის მიერ გაკეთებულმა განაცხადმა. ამიტომ, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ბირჟების ფუნქციონირების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის საიმედო დაცვა, იმისთვის, რომ კონკრეტული განაცხადები არ გახდეს ცნობილი მესამე მხარისთვის და ზიანი არ მიადგეს მონაწილის კონკურენტუნარიანობას.

მიუხედავად იმისა, რომ კომერციული ინფორმაცია დაცულია კანონმდებლობით, მარეგულირებელი კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, ჩვენ ვალდებულები ვიქნებით მივაწოდოთ მას მათ შორის კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციაც.

თუ მარეგულირებელი კომისია ეჭვს შეიტანს განაცხადში, მონაწილემ უნდა შეძლოს მისი ეკონომიკური დასაბუთება. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამგვარი დასაბუთების მოთხოვნა იყო ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და კრიტიკული საკითხი ბაზრის მონაწილეებისათვის. თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ კონკურენტული ბაზარი არ ნიშნავს იმას, რომ მონაწილეებს სრული თავისუფლება აქვთ, ნებისმიერ ფასი შესთავაზონ ბაზარს. პირდაპირაა მითითებული ბაზრის წესებში, რომ პლატფორმაზე განთავსებული განაცხადები უნდა ასახავდეს მონაწილის მიერ ელექტროენერგიის ყიდვის/გაყიდვის ნამდვილ ინტერესსა და გაწეულ ხარჯებს. შესაბამისად, კომისიის მხრიდან მონიტორინგის საგანს საეჭვო ტრანზაქციებში სწორედ ასეთი ნამდვილი ინტერესის დასაბუთება წარმოადგენს.

 

დაზუსტება უნდა გთხოვოთ – დაინტერესებული საზოგადოებისთვის, მედიისთვის, ანალიტიკოსებისთვის, არასამთავრობო სექტორისთვის მხოლოდ განაცხადების შესახებ ინფორმაცია იქნება დახურული, თუ პოსტფაქტუმ რეჟიმშიც დახურული იქნება ინფორმაცია დადებული გარიგებების შედეგების შესახებ? თუ შეგიძლიათ რომ აღგვიწეროთ რა ტიპის ინფორმაცია იქნება ღია და საჯაროდ ხელმისაწვდომი ბირჟის ყოველი სესიის შემდგომ.

საჯარო და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც არ იძლევა კონკრეტული მონაწილის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. ასეთია ინფორმაცია ყოველი საათში ჩამოყალიბებული საბაზრო ფასისა და ნავაჭრი ენერგიის რაოდენობის შესახებ, რომელიც ბირჟის ვებ-გვერდზე განთავსდება აუქციონის დასრულებიდან მაქსიმუმ 1 საათის განმავლობაში. ასევე, საჯარო იქნება აგრეგირებული ინფორმაცია ბირჟაზე ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობების შესახებ.

ჩვენ ასევე ვუზრუნველვყოფთ შიდა ინფორმაციის გამოქვეყნების შესაძლებლობას ყველა მონაწილისთვის – ეს არის ნებისმიერი ის ინფორმაცია, რომელსაც ფლობს ბაზრის კონკრეტული მონაწილე და რომლის გამჟღავნებამაც შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ელექტროენერგიის ფასზე. ვინაიდან ეს ინფორმაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამართლიანი და კონკურენტული ფასის ჩამოყალიბებისათვის, მონიტორინგის წესებით ბაზრის ყველა მონაწილეს ეკისრება ამგვარი ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულება. ამ შემთხვევაში, ჩვენი ვებ-გვერდი იქნება ის ადგილი, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ მონაწილეების მიერ გაცხადებულ შიდა ინფორმაციას.

Share