Home » ეკონომიკა » ირინა მილორავა: „ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება პანდემიის გამო გადაიდო“

ირინა მილორავა: „ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება პანდემიის გამო გადაიდო“

პირველი ივლისიდან საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა უნდა ამოქმედებულიყო. უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელზე საუბარიც ბოლო 1 წელია აქტიურად მიმდინარეობს, სავარაუდოდ, მინიმუმ 6 თვით გადავადდება.

„რეალურად, რეფორმის დროულად განხორციელებას მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი პანდემიამ. მინდა გითხრათ, რომ ჯერ კიდევ შარშან დაიწყო ბირჟის გადადებაზე საუბარი, როდესაც პანდემია პიკში იყო და გამოცხადდა ლოქდაუნი“, – ამის შესახებ ენერგეტიკული ბირჟის გენერალურმა  დირექტორმა ირინა მილორავამ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მაშინ რომ გამოსულიყო სამინისტროს წარმომადგენელი და ეთქვა, რომ რეფორმა გადაიდება, არავის ექნებოდა შეკითხვა. ვინაიდან, ცალსახაა, რომ პანდემიამ, ლოქდაუნმა და დამატებითმა დასვენების დღეებმა, გარკვეულწილად გაართულეს ბაზრის მონაწილეებთან ურთიერთობა.

„ფაქტობრივად ყველაფრის გაკეთება გვიწევდა ონლაინ, რაც პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებდა. ვფიქრობ, პანდემია მეტად აღარ შეგვიშლის ხელს. ახლა, რადგან ეს პროცესი ამოიქოქა,  ვფიქრობ, რომ  6 თვეში სრულ მზადყოფნაში ვიქნებით“, – აღნიშნა მილორავამ გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას.

რეფორმის განხორციელება, რომ დათქმულ ვადებში ვერ ესწრებოდა, ამის შესახებ განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ გაავრცელა და ამ საკითხზე საპარლამენტო მოსმენა მოითხოვა.

აფბას განცხადებას, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის კომენტარი მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ ენერგეტიკული ბირჟა სატესტო რეჟიმში მუშაობს და 6 თვის შემდეგ ამოქმედდება.

 

Share