Home » საზოგადოება » ირაკლი ქარსელაძე – რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობას ეტაპობრივად 2021-2024 წლებში დავასრულებთ

ირაკლი ქარსელაძე – რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობას ეტაპობრივად 2021-2024 წლებში დავასრულებთ

საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების განვითარება ეკონომიკის სიძლიერის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია, შესაბამისად, გზებზე თანამედროვე უსაფრთხოების სტანდარტებისა და მომსახურების მაღალი ხარისხის მიღწევით, ვქმნით ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე საუბრისას, უმთავრესი პრიორიტეტი მაგისტრალებია.

„აღმოსავლეთ-დასავლეთი მაგისტრალის მნიშვნელობა, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ რეგიონულ ჭრილში არის უმნიშვნელოვანესი, რადგან იგი საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელის ნაწილია. როდესაც ამ დერეფანზე ვსაუბრობთ, აღსანიშნავია გასული წლის მიღწევები.

კერძოდ ის, რომ პანდემიის მიუხედავად, 70 კმ მაგისტრალური გზა გავხსენით, რის შედეგადაც თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო 1 საათით შემცირდა და 5 საათის ნაცვლად, აჭარაში ჩასვლა უკვე 4 საათშია შესაძლებელი.

ეს არის ის ხილული ეფექტი, რომელიც პროექტის დასრულების შედეგად იქნება რევოლუციური და წითელი ხიდიდან სარფამდე არსებულ მაგისტრალს 30 კმ-ით შეამცირებს. დერეფნის ასეთი მნიშვნელოვანი განვითარება პირდაპირ დაკავშირებული იქნება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ზრდასთან“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები რიკოთის გზის საუკუნის პროექტზე, სადაც ერთდროულად შენდება 71 ხიდი და 47 გვირაბი, საიდანაც 8 გვირაბი უკვე გაჭრილია.

„უკვე სექტემბერში გავხსნით ახალი გზის 2.5 კმ-იან მონაკვეთს, რომელიც 6 ხიდისა და 4 გვირაბისაგან შედგება, ხოლო სრულად რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობას ეტაპობრივად 2021-2024 წლებში დავასრულებთ. შესაბამისად, ამ დროისათვის თბილისიდან ბათუმში მგზავრობას უკვე 3 – 3.5 საათს მოვანდომებთ.

ამასთან, მნიშვნელოვანია ის სარგებელი და სოციალური ეფექტი, რაც ასეთ მასშტაბურ პროექტებს ახლავს. მხოლოდ 2020 წლის განმავლობაში სამინისტროს 6 000 პროექტზე დასაქმებული იყო 31 000 ადამიანი და 1 300 კომპანია. დასაქმებულთა 70-80% საქართველოს მოქალაქეა და მათ კონკრეტული ფინანსური სარგებლის გარდა, პროფესიული ზრდისა და განვითარების ახალი შესაძლებლობები შეიძინეს“, – თქვა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა სამხრეთ-ჩრდილოეთი დერეფნის განვითარების ჭრილში ქვეშეთი-კობის ისტორიულ პროექტს, რომელიც უნიკალურია სამშენებლო-საინჟინრო თვალსაზრისით.

„ამ პროექტის დასრულების შემდეგ, ჯვრის უღელტეხილი კლიმატური პირობების გამო აღარ ჩაიკეტება, 10 სოფლის მოსახლეობას კი წლის ნებისმიერ დროს ექნება სრული წვდომა განათლების, სამედიცინო და სხვა სერვისებზე.

მთლიანობაში, 12 კმ-იანი მისასვლელი გზის, მისი შემადგენელი გვირაბებისა და ხიდების მშენებლობის ტექნოლოგიური მხარე ცალკე აღნიშვნის ღირსია, რადგან 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის უწყვეტი საავტომობილო გვირაბი კლდოვან ქანებში მსოფლიო მასშტაბით უნიკალურია. სპეციალურად ამ პროექტისთვის აწყობილი მანქანით აგვისტოში დაიწყება გვირაბის გაყვანა, რაც უზრუნველყოფს გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებას“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის თქმით, საერთაშორისდო მაგისტრალებთან ერთად, მნიშვნელოვანი გეგმები არსებობს შიდასახელმწიფოებრივი გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით – მაგალითად, მხოლოდ კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას ჯამში 2 მილიარდი ლარი მოხმარდება. წელს დასრულდება საჩხერე-ონის დამაკავშირებელი 51 კმ-იანი გზა, რომელიც მინიმუმ 1.5 სთ-ით ამცირებს გადაადგილების დროს.

ასევე, ახალი გზით დაუკავშირდება ერთმანეთს ლენტეხი და მესტია და შესაბამისად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან უშგულამდე გზის დასაფარად 3 საათი იქნება საკმარისი. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალ კავშირს აჭარასთან უზრუნველყოფს ხულო-ზარზმის პროექტი, რომლის ფარგლებში რეაბილიტირდება და აშენდება 47 კმ გზა.

ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, 10-წლიან გეგმაში, 31 მილიარდიდან 17 მილიარდი ლარი ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.

Share