Home » საზოგადოება » ირაკლი კოვზანაძე: ჯერ კიდევ დეკემბერში ვამბობდი, რომ სებ-ს რეფინანსირების განაკვეთის ზრდა მოუწევდა

ირაკლი კოვზანაძე: ჯერ კიდევ დეკემბერში ვამბობდი, რომ სებ-ს რეფინანსირების განაკვეთის ზრდა მოუწევდა

“ჯერ კიდევ დეკემბერში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარლამენტში დამტკიცების დროს ვამბობდი, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს მოუწევდა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება”, – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ სებ-ის გადაწყვეტილების კომენტირებისას.

მისი შეფასებით, არსებულ ვითარებაში ინფლაციაზე მზარდი დაწოლის შესამცირებლად რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ლოგიკური იყო. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ არსებული ეკონომიკური კრიზისის პირობებში ფისკალური და მონეტარული ორგანოების კოორდინირებული მუშაობაა მნიშვნელოვანი.

“ჩვენი ეკონომიკის მთავარ ენდოგენურ გამოწვევებად რჩება ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი, მაღალი სამთავრობო ვალი, მაღალი ინფლაცია და ლარის კურსი, ხოლო მთავარი ეგზოგენური გამოწვევა პანდემია და ნედლეულის საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდაა.

ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია ფისკალური და მონეტარული ორგანოების კოორდინირებული მუშაობა და დროული გადაწყვეტილებები,” – აღნიშნავს ირაკლი კოვზანაძე.

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც რეფინანსირების განაკვეთი 50 პუნქტით 8.5%-მდე გაიზარდა.

Share