Home » ფინანსები » ირაკლი კოვზანაძე: დეპოზიტების დაზღვევის სქემაში იურიდიული პირების ჩართვა ფინანსური სისტემის მდგრადობას კიდევ უფრო გაზრდის

ირაკლი კოვზანაძე: დეპოზიტების დაზღვევის სქემაში იურიდიული პირების ჩართვა ფინანსური სისტემის მდგრადობას კიდევ უფრო გაზრდის

„თავის დროზე, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღება ევროკავშირთან ასოცირების ეკონომიკური ნაწილის ერთ-ერთი საკითხი იყო, დეპოზიტების დაზღვევის სქემაში იურიდიული პირების ჩართვა ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მორიგი ნაბიჯია, რაც ფინანსური სისტემის საიმედობას და მდგრადობას კიდევ უფრო გაზრდის“ – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „დეპოზიტების დაზღვევის შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილეს, ერთ-ერთი ცვლილებით, დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში იურიდიული პირების ჩართვა 2022 წლის 1 იანვრიდან მოხდება.

2020 წლის 1 ივლისიდან ფიზიკური პირებისთვის დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი, 5000 ლარიდან 15 ათას ლარამდე გაიზარდა. იურიდიული პირების შემთხვევაშიც, ზღვარი 15 000 ლარი იქნება.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ მკაცრი ზედამხედველობა, ადეკვატური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და ქმედითი დეპოზიტების დაზღვევის სისტემა საფინანსო სექტორის მდგრადი განვითარების საფუძველია და ჩვენ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის გაძლიერების კუთხით მორიგ ნაბიჯს ვდგამთ.

თუ ახლა საბანკო სექტორში დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა თითქმის 4 მილიარდი ლარია, კანონის ამოქმედების შემდეგ ეს მასშტაბი მნიშვნელოვნად გაიზრდება“- “-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „დეპოზიტების დაზღვევის შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილა და მხარი დაუჭირა.

Share