Home » საზოგადოება » ირაკლი კოვზანაძე – ჩვენი ამოცანაა, პენსიონერებს ყოველდღიური მდგომარეობა შევუმსუბუქოთ, ამავე დროს, არ გავაღვივოთ ანტისაბანკო განწყობა

ირაკლი კოვზანაძე – ჩვენი ამოცანაა, პენსიონერებს ყოველდღიური მდგომარეობა შევუმსუბუქოთ, ამავე დროს, არ გავაღვივოთ ანტისაბანკო განწყობა

ჩვენი ამოცანა გახლავთ, შევუმსუბუქოთ პენსიონერებს ყოველდღიური ყოფა და მდგომარეობა. მაგრამ ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არ გავაღვივოთ ანტისაბანკო განწყობები, როგორც კონკრეტული ბანკის, ასევე მთლიანად საბანკო სექტორის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხის მოსმენა ამ ფაქტორის გათვალისწინებით მოხდება და არგუმენტებს ბანკების წარმომადგენლების მხრიდანაც მოისმენენ.

„საკომიტეტო მოსმენა იმართება ლევან იოსელიანის, ალექსანდრე ელისაშვილის თხოვნით და რეგლამენტის დაცვით. ჩემი პოზიციაა და მიმაჩნია, რომ საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთი და ვალის ტვირთი მაღალია. 800 ათასი პენსიონერი გვყავს. ჩვენი ამოცანა გახლავთ, შევუმსუბუქოთ პენსიონერებს ყოველდღიური ყოფა და მდგომარეობა. მაგრამ ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არ გავაღვივოთ ანტისაბანკო განწყობები, როგორც კონკრეტული ბანკის, ასევე მთლიანად საბანკო სექტორის მიმართ.

იმ დროს, როდესაც ქვეყანაში პანდემია და ეკონომიკური კრიზისი გვაქვს, მაშინ, როდესაც საბანკო სექტორი მთლიანობაში მდგრადობას ინარჩუნებს და მომავალში ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი საფუძველი გახლავთ. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით იქნება საკითხის მოსმენა. არგუმენტებს მოვისმენთ როგორც ეროვნული ბანკის მხრიდან, ასევე „ლიბერთი ბანკის“ და ფინანსთა სამინისტროს მხრიდან, გარდა ამისა, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

საქართველოს პარლამენტში პენსიონერების სესხზე დაწესებულ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ. ამ საკითხის განხილვის მიზნით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაა ჩანიშნული.

კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის, „ლიბერთი ბანკისა“ და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მისვლა იგეგმება. კომიტეტის სხდომაზე მათი მისვლა პარტია „მოქალაქეებმა“ მოითხოვეს.

Share