Home » ეკონომიკა » ირაკლი კოვზანაძე: 2021 წელი იქნება რისკების მინიმიზაციის და ეკონომიკური ზრდისთვის საფუძვლის შექმნის წელი

ირაკლი კოვზანაძე: 2021 წელი იქნება რისკების მინიმიზაციის და ეკონომიკური ზრდისთვის საფუძვლის შექმნის წელი

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ გადაცემა „ანალიტიკის” ეთერში საქართველოს ფისკალური პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, არსებულ ვითარებაში საქართველოს სხვა ქვეყნების მსგავსად მნიშვნელოვანი მოცულობის ახალი ვალის აღება მოუწია, რაც ეკონომიკური სტაბილურობისთვის რისკს წარმოადგენს, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ ვალის და დეფიციტის ოდენობის ეტაპობრივ შემცირებაზე გააკეთოს აქცენტი.

„მე ვფიქრობ, რომ 2021 წელი მაინც იქნება რისკების მინიმიზაციის და ეკონომიკური ზრდისთვის საფუძვლის შექმნის წელი. ჩვენ გარკვეული რისკები გვაქვს. ზოგადად ფორმულირებას წლევანდელი წლისას ასე ვიტყოდი, რომ ეს არის რისკების მინიმიზაციის, განეიტრალების და ეკონომიკური ზრდისთვის საფუძვლის ჩაყრის წელი. ჩვენ ამ წელს ვხდებით გაზრდილი უმუშევრობით, შემცირებული განკარგვადი შემოსავლებით, ერთობლივი მოთხოვნაც შემცირებულია, კაპიტალდანახარჯები და ინვესტიციებიც შემცირებულია. იგივე 2020 წელი როდესაც ვნახეთ 15%-ით ლარის დევალვაცია, ინფლაცია 5.2% იყო საშუალოდ წლის განმავლობაში. შესაბამისად ეს პრობლემები 2021 წელზეც გადმოვა.

ჩვენ გვაქვს მაღალი დოლარიზაცია, ვართ დამოკიდებული იმპორტზე, ამ პირობებში დეფიციტის ზრდა იწვევს მაკროეკონომიკური რისკების ზრდას. თავად სესხებში მაღალი გვაქვს უცხოური სესხების კომპონენტი. ამ პირობებში გაზრდილმა რისკებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას საბიუჯეტო შემოსავლების აკუმულაციას და აქედან გამომდინარე ასიგნებების განხორციელებას. ჩვენ ამ რისკებთან გვაქვს წელს საქმე, აქედან გამომდინარე EBRD-ის პრეზიდენტიც აღნიშნავს და ჩემი პოზიციაც ეს არის, რომ ჩვენ გვჭირდება, რომ დავიწყოთ ამ ტიპის რისკების მინიმიზაციაზე საუბარი, ვალის და დეფიციტის შემცირებაზე საუბარი, რათა სტაბილურობა შევინარჩუნოთ,”- აღნიშნავს კოვზანაძე.

2021 წლის ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, წელს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 60.1%-ს მიაღწევს, რაც ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანული კანონით გათვალისწინებულ ლიმიტზე მეტია. დეფიციტი კი 7.5%-ს შეადგენს. მთავრობა დებს პირობას, რომ როგორც დეფიციტის, ასევე ვალის ნიშნული მომდევნო 3 წლის განმავლობაში შეამციროს.

2021 წელსაც გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯების დაფინანსების მთავარი წყარო უცხოეთიდან მოზიდული საგარეო კრედიტები იქნება. ჯამურად, წელს 5.27 მილიარდი ლარის მოცულობის ახალი საგარეო ვალების აღება იგეგმება. აქედან 1.45 მილიარდი ლარი საინვესტიციო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიიმართება, ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები 2.17 მილიარდი ლარი იქნება, ხოლო 1.65 მილიარდი ლარით მთავრობა $500-მილიონიანი ევრობონდების რეფინანსირებას გეგმავს.

0 ლარზე არის წელს შიდა ვალი დაგეგმილი, რაც სავარაუდოდ ვალის მთლიანი ნიშნულის კიდევ უფრო მეტად გაზრდისგან თავის არიდებას ემსახურება, 2020 წელს კი შიდა ვალის სახით მთავრობამ 2 მილიარდი ლარი მოიზიდა. 2020 წლის დეკემბრის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის მოცულობა 30.8 მილიარდი ლარი იყო. აქედან 24.7 მილიარდი ($7.5 მლრდ) საგარეო ვალს, 6.14 მილიარდი კი შიდა ვალს შეადგენდა.

ბიუჯეტის თანდართული დოკუმენტის – “ვალის მდგრადობის ანალიზის” თანახმად, იმ შემთხვევაში თუკი 2021 წელს ლარის გაცვლითი კურსი კიდევ ერთი შოკის წინაშე აღმოჩნდება და 30%-ით გაუფასურდება, სახელმწიფო ვალის მოცულობა მშპ-ის 75%-ს გადააჭარბებს.

წყარო: bm.ge

Share