Home » საზოგადოება » ირაკლი კოვზანაძე: 1 მინისტრის მაგივრად 2 იქნება, ხარჯებიც შეიცვლება

ირაკლი კოვზანაძე: 1 მინისტრის მაგივრად 2 იქნება, ხარჯებიც შეიცვლება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბების შემთხვევაში, გაიზრდება როგორც მინისტრების, ისე მინისტრის მოადგილეების რაოდენობა, რაც ხარჯების ცვლილებასაც გამოიწვევს.

კომიტეტის სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს გაყოფის შესახებ კანონპროექტი, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა წარადგინა.

კანონპროექტის თანახმად, მას შემდეგ, რაც პარლამენტი მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს მხარს დაუჭერს, კანონი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა. 10 დღის ვადაში კი, ფინანსთა სამინისტრო მთავრობას წარუდგენს წინადადებას, როგორ უნდა მოხდეს იმ საბიუჯეტო ასიგნებების გამოყოფა-განკარგვა, რომელიც 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით უკვე დამტკიცებულია.

როგორც ბექა დოჭვირი აცხადებს, წარმოდგენილი კანონპროექტით, მოცემულ ასიგნებებში ცვლილება არ მოხდება – არ იგეგმება არც დაფინანსების ზრდა, არც შემცირება.

„10 დღის ვადაში შეიქმნება კომისია, რომელიც განკარგავს და განსაზღვრავს, გაყოფის შედეგად, რომელ სამინისტროს რა ქონება უნდა გადაეცეს.

ბიუჯეტის ასიგნებების ცვლილება არ იგეგმება, გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში მოხდება ყველა საორგანიზაციო საკითხის დაგეგმვა, რომელიც დღეს პარლამენტთან შეთანხმებულია, ჩაშლილია პროგრამული კოდების მიხედვით, სფეროების მიხედვით. იქ სახელფასო ბიუჯეტებიც არის გამოყოფილი, ამ მონაცემებში ჩავეტევით. შემდეგ, თუ სამინისტრო შეიქმნება და საჭირო იქნება დამატებითი რესურსების მოზიდვა და ახლანდელი გამოყოფილი ასიგნებები საკმარისი არ იქნება, რა თქმა უნდა შესაბამისი ცვლილებები პარლამენტში იქნება წარმოდგენილი. ალბათ სხვა საკითხებთან ერთად, მოხდება ბიუჯეტის კორექტირება, თუ ამას პარლამენტი მხარს დაუჭერს“,- განაცხადა ბექა დოჭვირმა.

მისი ინფორმაციით, არ იგეგმება შტატის არც შემცირება, არც დამატება. უწყებაში დასაქმებული ადამიანები სფეროების მიხედვით განაწილდებიან. ახალ უწყებაში კი, 329 საშტატო ერთეული გადადის, საიდანაც 60 ვაკანტური ადგილია.

კომიტეტის სხდომაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ კანონპროექტთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრება გამოთქვა.

მისი თქმით, კანონპროექტში წერია, რომ სამინისტროს გაყოფის შედეგად არსებული ასიგნებების ფარგლებში მოხდება გადანაწილება, რაც წარმოუდგენელია.

„ან რაღაცის შემცირება მოხდება, ან გამოიწვევს შტატების ზრდას, რასაც უნდა მივაყოლოთ ხელფასები. როდესაც სამინისტროსთან დაკავშირებით რაღაცას ვამტკიცებთ, ეს თემები დალაგებული უნდა იყოს“, – აღნიშნა ბეჟან წაქაძემ.

ბეჟან წაქაძის საპასუხოდ ბექა დოჭვირმა აღნიშნა, რომ 2021 წელს გაყოფილ უწყებებში შტატების ზრდა არ იგეგმება, 2022 წელს კი, ანალიზიდან გამომდინარე, თუ ცხადი იქნება, რომ შტატები საკმარისი არ არის, ბუნებრივია ის გაიზრდება, მასთან ერთად სახელფასო ფონდიც.

ხარჯების ცვლილება არ გამორიცხა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.

„1 მინისტრის მაგივრად, ორი იქნება. აგრეთვე იქნება, მინისტრის რამდენიმე მოადგილე. შესაბამისად, ხარჯებიც შეგეცლვებათ, ასიგნებებიც“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

ინფორმაციისთვის, კანონპროექტის თანახმად, განათლების სამინისტროს, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გამოეყოფა. კულტურასა და სპორტს, ახალგაზრდობაც დაემატება და ჩამოყალიბდება, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო.

ბიზნესპარტნიორი

Share