„ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ქვეყანაში მესამე „ლოქდაუნის“ გამოცხადების შემთხვევაში სერიოზულად დადგება გაღარიბების პრობლემა.
მისი განმარტებით, ეს ასევე ნეგატიურად აისახება ლარის კურსზე, რადგან მოთხოვნა-მიწოდება, ე.წ ბალანსი, რომელიც იყო 2 წლის წინ, დაირღვა, აირია ბაზარზე არსებული წონასწორობა, როგორც სავალუტო, საფინანსო, ისე სამომხმარებლო.
„ეს რეალურად შეცვლის მდგომარეობას, უკეთესობისკენ რომ არ შეცვლის, ფაქტია. ამ ფონზე სუბიექტური მიზეზების დამატება, სრულიად წარმოუდგენელია,“ – აცხადებს იაშვილი.
გამოსავალს „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მასობრივ ვაქცინაციაში ხედავს. მისი ინფორმაციით, აუცილებელია ქვეყანაში მოსახლეობის 70%-მდე აიცრას, წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია არ გამოსწორდება.
„ვაქცინაციის გარეშე ვირუსი არ გაქრება. პროპაგანდა ცოტა დააკლეს აშკარად, ჯანდაცვის სამინისტროს ცოტა მეტი უნდა ემუშავა, შეეექმნა ვიდეო რგოლები და ახსნა-განმარტებითი სამუშაოები ჩაეტარებინა, ეგონათ, რომ ხალხი რიგში ჩადგებოდა ვაქცინაციისთვის. მით უმეტეს, ამას ტრაგიკული შემთხვევაც დაემთხვა. ამიტომ, მოსახლეობასთან გაათმაგებული მუშაობაა საჭირო. სხვანაირად პანდემია როგორ უნდა დავამარცხოთ?!“ – აცხადებს იაშვილი.
აღსანიშნავია, რომ შეზღუდვების ახალ ტალღაზე საუბარი ბოლო დღეებია საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს.
business-partner.ge