Home » ბიზნესი » ინვესტორებს კარი დავუკეტეთ – ეკონომიკა პოლიტიკური არასტაბილურობის და კოვიდკრიზისის მარწუხებში

ინვესტორებს კარი დავუკეტეთ – ეკონომიკა პოლიტიკური არასტაბილურობის და კოვიდკრიზისის მარწუხებში

ქვეყანაში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობა ეკონომიკაზე მძიმე გავლენას ახდენს, მით უმეტეს, პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე. დისტრიბუტორთა ასოოციაციაში მიიჩნევენ, რომ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები პროდუქტების კიდევ უფრო გაძვირების ერთ-ერთი წინაპირობაა.

გაერთიანების ხელმძღვანელი, ივა ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ მიმდინარე პროცესების შედეგებს მომატებული ფასების თვალსაზრისით მოსახლეობა რამდენიმე დღეში დაინახავს.

„გაძვირებულია საწვავი, ასევე მომატებულია ფასები გაზსა და ელექტროენერგიაზე. ჯამში ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება პროდუქტების ფასზე, რასაც სულ რამდენიმე დღეში დავინახავთ. ფასების ზრდა გარდაუვალია. გარდა იმისა, რაც ქვეყნის შიგნით ხდება, საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ცვლილებამაც კიდევ უფრო დიდი წნეხის ქვეშ მოგვაქცია“,- აღნიშნავს ჭყონია.

ივა ჭყონია ამბობს, რომ ამავდროულად არასტაბილური პოლიტიკური გარემო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემშლელი ფაქტორია.

დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკების მაგიდას დღესვე უნდა მიუსხდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოსავლის პოვნა გაჭირდება.

„არასტაბილური პოლიტიკური გარემო პირდაპირ პროპორციულად აზიანებს ბიზნესს. თუ ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანა გვინდა, მნიშვნელოვანია ინვესტიციების შემოსვლა და დარჩენილი სექტორების ამუშავება. დღევანდელი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ნებისმიერ ინვესტორს, რომელსაც განცდა ჰქონდა, რომ შემოსულიყო და თავისუფალ ვითარებაში ჩართულიყო, ფაქტობრივად, კარი დავუკეტეთ. ოღონდ, ეს მარტო ამ ვითარებიდან გამომდინარე არ ხდება. არ გამოვრიცხავ, რომ ამ მძიმე პოლიტიკურმა ვითარებამ კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში ჩააგდოს მოსახლეობა. თუ ეს ვითარება დღესვე არ დასტაბილურდება, არ ვიცი, რა გამოსავალი უნდა ვნახოთ“,- აღნიშნა ივა ჭყონიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს, ამის გამო ოპოზიციური პარტიები მთავრობის კანცელარიასთან იკრიბებიან და აქციებს აანონსებენ.

წყარო: business-partner.ge

Share