Home » ეკონომიკა » ინვესტორებმა საქართველოში 705 მილიონი დოლარი შემოიტანეს და 260 მილიონი უკან წაიღეს
ინვესტორებმა საქართველოში 705 მილიონი დოლარი შემოიტანეს და 260 მილიონი უკან წაიღეს

ინვესტორებმა საქართველოში 705 მილიონი დოლარი შემოიტანეს და 260 მილიონი უკან წაიღეს

ინვესტორებმა წლის პირველ ნახევარში 837 მილიონი დოლარი წმინდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოიტანეს.

ყველაზე უხვი კაპიტალდაბანდება ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა. მთავარი ინვესტორი ქვეყანა კი აზერბაიჯანია. სპეციალისტები, არჩევნების მიუხედავად წლის ბოლოსთვის 1,5 მილიარდ ინვესტიციის შემოსვლას ვარაუდობენ.

6 თვის საინვესტიციო მონაგარი 11 პროცენტით აღემატება შარშანდელი წლის ანალოგიურ მონაცემებს. ამასთანავე, მეორე კვარტლის წმინდა უცხოური ინვესტიცია (445 მილიონი დოლარი) 4 პროცენტით ჩამორჩება 2015 წლის მეორე კვარტალს. ამასთან დაკავშირებით, სტატისტიკის სამსახურმა ცოტა უცნაური განმარტება გააკეთა. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ მეორე კვარტალში შემოსული ინვესტიციები დაზუსტებულ მონაცემებთან შემცირდა, თუმცა წინასწარ მონაცემებს 20 პროცენტით აღემატება. სტატისტიკოსები აღნიშნავენ, რომ სტატისტიკურ მონაცემებში უზუსტობა მაქსიმუმ 3 პროცენტი შეიძლება იყოს, მაგრამ საქართველოს სტატისტიკის სამსახურიდან ინვესტიციების გამოქვეყნებისას 10-15 პროცენტიანი უზუსტობაც არ არის მოულოდნელი.

რაც შეეხება წინა კვარტალს, საქართველოში 56 მილიონი დოლარით მეტი ინვესტიცია შემოვიდა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მომდევნო კვარტალში, ინვესტიციების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, თუკი არჩევნები მშვიდად ჩატარდება და ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა გამოირიცხება.

მეორე კვარტალში შემოსული წმინდა უცხოური ინვესტიციიდან 256 მილიონი დოლარი სააქციო კაპიტალია, ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ წინა კვარტლებთან შედარებით მკვეთრად არის გაზრდილი რეინვესტიციის მაჩვენებელი – 146 მილიონი დოლარი, ხოლო 42 მილიონი დოლარი ვალია.

“თუ ინვესტორს მოსწონს ბიზნესგარემო, არ აშინებს კორუფციული წნეხი, ხედავს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პერსპექტივას, მაშინ სპეკულაციური სავალო ოპერაციების ნაცვლად ქმნის სააქციო კაპიტალს და ახდენს რეინვესტირებას. წინა ხელისუფლების დროს, ანუ ბიზნესის რეკეტის ხანაში ძირითადად სპეკულაციურ დაბანდებებზე, ანუ ვალებზე დაფუძნებული მყიფე ეკონომიკა ჩამოყალიბდა”, – ამბობს ეკონომისტი მიხეილ დუნდუა.

ეკონომისტი გიორგი ღაღანიძე აღნიშნავს, რომ საქართველოში ინვესტიციებს არასწორად ითვლიან. მისი აზრით, ინვესტიციების მაჩვენებელი კვარტალი კვარტალთან არ უნდა შეადარო, ისე როგორც საგარეო ვაჭრობის მონაცემები.

“ინვესტიციებში ასე არ ხდება. ეს არასწორი შედარებაა. როგორც წესი, უნდა ვნახოთ წლის მაჩვენებელი. ჩვენი ტიპის ქვეყნებში საარჩევნო წელს, რომ ინვესტიციების მოცულობა მაღალი არ იქნება, ეს აქსიომაა. 2012 წელს პირველად მოხერხდა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა, აქედან გამომდინარე ძნელია, რომ ინვესტორებს დიდი ნდობა ჰქონდეთ ქვეყნის ეკონომიკის მიმართ”, – ამბობს გიორგი ღაღანიძე და დასძენს, რომ საქართველომ კიდევ მინიმუმ სამი არჩევნები უნდა ჩაატაროს, რომ მსხვილი ინვესტორების ნდობა მოიპოვოს.

მეორე ვარტალში ქვეყნიდან დიდი რაოდენობის კაპიტალის გადინება აღარ აღინიშნება (260 მილიონ დოლარამდე), მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ სტატისტიკოსებმა პირველ კვარტალში “ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირების” პუნქტში 953 მილიონი დოლარის გასვლა დააფიქსირეს, საბოლოო ჯამში წლის პირველ ნახევარში ქვეყნიდან 1,2 მილიარდ დოლარზე მეტი კაპიტალი გავიდა, რაზედაც “ბანკები და ფინანსები” ცოტა ნის წინაც წერდა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნიდან გასული ინვესტიციების მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება. ძირითადად, ხდება უცხოური ინვესტიციებით შექმნილ საწარმოებში მოგების რეპატრიაცია თავის სამშობლოში ან კიდევ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ამ ინვესტიციის გადინება. შესაბამისად, შემოსულ და გასულ ინვესტიციებს შორის, თანდათანობით, სხვაობა ძალიან მცირდება. 2015 წლის მონაცემებით, ბოლო 5 წელიწადში საქართველოდან 4,5 მილიარდი დოლარის კაპიტალი გავიდა. ამ პერიოდში შემოსული ინვესტიციების რაოდენობა კი მხოლოდ 6 მილიარდია. ფაქტობრივად, ინვესტორებს რაც შემოაქვთ ისევ უკან გააქვთ, როგორც ჩანს, მათთვის საქართველოში რეინვესტირება არც ისე მიმზიდველია.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის სოსო არჩვაძის განცხადებით, თუკი შემოსულ ინვესტიციებს შევადარებთ საინვესტიციო მოგებისა და რეზიდენტების მიერ უცხოეთში გატანილი კაპიტალის საერთო მაჩვენებელს, გაცილებით საგანგაშო მაჩვენებელს მივიღებთ. აღმოვაჩენთ, რომ ქვეყნიდან უფრო მეტი თანხა გაედინება, ვიდრე შემოდის. კერძოდ, ბოლო 5 წელიწადში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, ხოლო გასული კაპიტალის მაჩვენებელი 6,5 მილიარდ დოლარს აღემატება.

ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და რესურსების სიდიდის განხილვისას უნდა გავითვალისწინოთ არა მარტო უცხოეთიდან შემოტანილი ინვესტიციები, არამედ მათი შემდგომი ბედიც. კერძოდ ის, რომ წარმოების მომდევნო ეტაპზე ამ ინვესტიციებიდან მიღებული მოგება რჩება საქართველოში, თუ გაედინება ფარგლებს გარეთ.

აკადემიკოსი ავთო სილაგაძე ასევე აღნიშნავს, რომ რეინვესტირებაზე მოგების გადასახადის გაუქმება კარგი სიგნალი იქნება ინვესტორებისთვის, “ყოველწლიურად საკმაოდ დიდი თანხა გადის უცხოეთში – ასეულობით მილიონი დოლარი. ამ ფულის ბრუნვაზე გარკვეული საგადასახადო შეღავათების დაწესება მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანამ ეს კაპიტალი შეინარჩუნოს”, – დასძენს ავთო სილაგაძე.

რაც შეეხება სექტორულ ინვესტიციებს, ტრადიციულად ინვესტორებმა ყველაზე მეტი ფული ტრანსპორტსა და კავშირგაბმლობაში დააბანდეს – 175 მილიონი დოლარი. ეს არის მთლიანი ინვესტიციების 39 პროცენტი. შემდეგ მოდის საფინანსო სექტორი – 60 მილიონი დოლარი, მესამე ადგილზე მოხვდა ენერგეტიკა – 46 მილიონი დოლარი, მშენებლობამ მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა – 19 მილიონი დოლარი, დამამუშავებელი მრეწველობა – 17 მილიონი დოლარი.

ყველაზე მეტი ინვესტიცია აზერბაიჯანიდან (146 მილიონი დოლარი) და ბრიტანეთიდან (64 მილიონი დოლარი) შემოვიდა. ეს ძირითადად, სოკარისა და ბიპის ინვესტიციებია, რომელიც ენერგეტიკულ სექტორში იდება. 36 მილიონი დოლარი შემოვიდა ჩეხეთიდან, თურქ ინვესტორებმა საქართველოში 28 მილიონი დოლარი შემოიტანეს. დაახლოებით 6,4 მილიონი დოლარი ოფშორული ზონებიდან გადმოირიცხა – პანამა, ნიდერლანდები, კვიპროსი.

Share