Home » ეკონომიკა » „ინვესტიციებს არავინ ჩადებს არასტაბილურ გარემოში, სადაც ცალკეული ინსტიტუტების ჩამოშლის მუდმივი მცდელობებია“

„ინვესტიციებს არავინ ჩადებს არასტაბილურ გარემოში, სადაც ცალკეული ინსტიტუტების ჩამოშლის მუდმივი მცდელობებია“

„ბუნებრივია, არასტაბილურ გარემოში ინვესტიციებს არავინ ჩადებს, ეს კი სერიოზულ დარტყმას აყენებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელიც ისედაც რთულ ვითარებაშია კოვიდის გამო,“ – ამის შესახებ „კომერსანტთან“ ფინანსისტმა და ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველმა თემურ ბასილიამ ისაუბრა.

პოლიტიკური დაძაბულობა საქართველოში ამერიკაში მცხოვრები ფინანსისტისთვის თვალნათლივაა იმის მაჩვენებელი, რომ საინვესტიციო გარემოს, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ქვეყანაში, ისევე როგორც დემოკრატიას საფრთხე შეექმნება, თუკი ცალკეული ინსტიტუტების ჩამოშლის მცდელობები დროულად არ დასრულდება.

„ეკონომიკური ზრდისა და ეკონომიკური განვითარების უმთავრეს წინაპირობას პოლიტიკური სტაბილურობა და სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული მუშაობა წარმოადგნს. საპარლამენტო არჩევნებს შედეგად უნდა ჩამოყალიბებულიყო ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო, რომელიც იზრუნებდა სრულყოფილი ეკონომიკური, ფისკალური და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზე.

სამწუხაროდ, ოპოზიციური პარტიების უარმა პარლამენტში შესვლაზე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ქვეყნის სტაბილური განვითარების ეს შესაძლებლობა. ჩემთვის იყო ცნობილი, რომ ზოგიერთი ჯგუფი ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ, მასობრივი არეულობების მოსაწყობად. ამის შესახებ ვწერდი კიდეც გასული წლის 31 მაისს, რომ „არეულობები მოსალოდნელია საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც არჩევნებში დამარცხებული ჯგუფები შეეცდებიან მოპარული ხმების დაცვის საბაბით ქუჩაში თავისი მომხრეების გამოყვანას და არეულობების მოწყობას.

სამწუხაროდ, ცალკეული ჯგუფების მხრიდან იყო მცდელობა რომ კანონის და სასამართლო გადაწყვეტილებების უგულებელყოფით წარმოეჩინათ სახელმწიფო ინსტიტუტების უსუსურობა. ხელისუფლებას არ შეეძლო მშვიდად მიედევნა თვალი ასეთ ფაქტებზე. არავისში იწვევს რაიმე ეჭვს რომ ხელისუფლების ამ ქმედებას სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა; ლაპარაკია მხოლოდ პოლიტიკურ კონტექსტსა და მიზანშეწონილობაზე.

დემოკრატია საფრთხის წინაშე დადგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები გააგრძელებენ სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის მცდელობას,“ – განმარტავს თემურ ბასილია.

commersant.ge

Share