Home » ეკონომიკა » ინვესტიციების დაუცველობის განცდა – დამოკლეს მახვილი ეკონომიკაზე
ინვესტიციების დაუცველობის განცდა - დამოკლეს მახვილი ეკონომიკაზე

ინვესტიციების დაუცველობის განცდა – დამოკლეს მახვილი ეკონომიკაზე

“პრობლემები იყო Philip Morris-ისა და Georgian American Alloys-ის ირგვლივ, რაც ამერიკული ინვესტიციების შემოდინებას აფერხებს”

რამდენიმე დღის წინ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ მედიასთან გამართულ შეხვედრაზე ქართული სასამართლოს მიერ ამერიკული კომპანიების დაჯარიმების საქმეებზე ისაუბრა. კელის თქმით, საქართველომ ინვესტორთა დაცულობა უნდა გაზარდოს.

“ჩვენ უნდა გავზარდოთ ამერიკასა და საქართველოს შორის ვაჭრობის მოცულობა, ასევე საქართველოში უნდა გაიზარდოს ინვესტიციები. ამის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია ის, რომ ამერიკაში საქართველოს შესახებ ცნობადობა დაბალია. ამის გამოსწორება შესაძლებელია ვაშინგტონში თქვენი აქტიური წარმომადგენლობის მეშვეობით და თქვენ სწორედ ასეთი ელჩი გყავთ ამერიკაში. საქართველომ უნდა გააკეთოს მეტი, რათა ამერიკელებმა გაიგონ, რომ თქვენი ქვეყანა ბიზნესის კეთების სიმარტივით მსოფლიოში მოწინავე ადგილზეა. მე არა მგონია, რომ ბევრმა ამერიკელმა იცის ამის შესახებ.

საქართველომ ასევე უნდა გაზარდოთ ინვესტორების კომფორტის დონე, უნდა იცოდნენ რომ მათი ინვესტიციები დაცულია. ამ საკითხზე მე საქართველოს პრემიერმინისტრთანაც მქონდა საუბარი. არსებობს აზრი, რომ საქართველოს სასამართლოები სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის არსებულ დავებში გადაწყვეტილების მიღების დროს ბოლომდე მიუკერძოებლები არ არიან. პრემიერმინისტრი ამ გარემოების არსებობას ცნობს და ის ცდილობს, რომ დააჩქაროს სასამართლოს კომერციული პალატის ჩამოყალიბება ისეთი მოსამართლეებით, რომელთაც ცოდნა აქვთ ამ მიმართულებით.

იყო პრობლემები, საუბარი მაქვს Philip Morris-ისა და Georgian American Alloys-ის (“ჯორჯიან მანგანეზის”) საქმეებზე. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი პრობლემა არის მოსამართლეთა კვალიფიკაცია, რომ მოსამართლეები ბოლომდე ვერ იგებდნენ საქმის სრულ დეტალებს. მე ვფიქრობ, რომ პრობლემაა ის, რომ მოსამართლეები უმეტესად სახელმწიფოს არგუმენტებს უცხოური ბიზნესის არგუმენტებზე სარწმუნოდ თვლიან. თუკი შეიქმნება კომერციული დავების განმხილველი სასამართლო სისტემა, რომელიც ბიზნესს შორის დავებს პროფესიონალურად და მიუკერძოებლად გადაწყვეტს, ეს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაზე დადებითად აისახება და მეტ ინვესტიციას მოიზიდავთ.

ჩემს მოვალეობებს შორისაა საქართველოში ამერიკული ბიზნესის ადვოკატირება. სწორედ ამ საქმეებზე, სადაც კომპანიებს სახელმწიფო დიდი მოცულობის საგადასახადო დავალიანებასა და დიდი ზომის ჯარიმებზე ედავებოდა, ჩვენ მათ გავუწიეთ ადვოკატირება. ეს შედის ამერიკის სახელმწიფოს ინტერესებშიც, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ გვინდა უფრო მეტი ამერიკული ინვესტიცია მოვიზიდოთ საქართველოში, მაგრამ თუ ისინი ახალ ამბებში წაიკითხავენ, რომ ამერიკელ ინვესტორებს საქართველოში სადამსჯელო გადასახადებს უწესებენ, ისინი სხვა ქვეყნისკენ გაიხედავენ და ეს თქვენს ინტერესებში არ შედის. თქვენ უნდა გინდოდეთ რომ ხალხმა შეხედოს საქართველოს და მათ იცოდნენ, რომ საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივესთან ერთად არის ადგილი, სადაც ინვესტიციები დაცულია – უსაფრთხოდაა.

სწორედ ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ პრემიერმინისტრი სწორ გზას ადგას, რომ ქვეყანაში სპეციალური კომერციული დავების განმხილველი სასამართლო სისტემა იქმნება”, – ამბობს დიპლომატი.

ორივე დავა, რომელზეც იან კელი საუბრობს უკვე მოგვარებულია. თბილისის სააპელაციო სასამართლომ თამბაქოს საერთაშორისო ბრენდ Philip Morris-ზე დაკისრებული 93-მილიონიანი ჯარიმა დაუსაბუთებლად ცნო და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი “ჯორჯიან მანგანეზზე” დაკისრებული 200-მილიონიანი ჯარიმა გააუქმა.

“ბანკები და ფინანსები” დაინტერესდა, თუ რამდენად რეალურია საქართველოში ინვესტორების დაცულობის საკითხი და, ზოგადად, რამდენად საგანგაშოა ბიზნესის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “საერთაშორისო სავაჭრო პალატის” თავმჯდომარე, ფადი ასლი განმარტავს, რომ პრობლემა სასამართლო სისტემაშია.

“უცხოელმა ინვესტორმა ქვეყანაში თავი დაცულად რომ იგრძნოს არსებული პრობლემები უნდა მოგვარდეს. პირველ რიგში, ეს ეხება სასამართლოს და მასთან დაკავშირებულ ხარვეზებს. ერთადერთი გამოსავალია, ახლანდელი მოსამართლეები სრულად დაითხოვოს მთავრობამ. ისინი სახლში უნდა წავიდნენ და შეიქმნას ახალი, კვალიფიცირებული და კეთილსინდისიერი გუნდი. სხვა გამოსავალი არ არის”,- ასე გამოეხმაურა “საერთაშორისო სავაჭრო პალატის” (ICC) ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ფადი ასლი საქართველოში აშშ-ს ელჩის იან კელის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველომ ინვესტორთა დაცულობა უნდა გაზარდოს.

მისივე თქმით, სასამართლოში არსებულ პრობლემებს მხოლოდ კომერციული დავების განმხილვევლი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება ვერ მოაგვარებს. ინვესტორების უფლებები იმ შემთხვევაში იქნება დაცული, თუ პრობლემა სისტემურად მოგვარდება.

“სასამართლოში ორი პრობლემაა: ერთი ის, რომ ბიზნესდავების განხილვა დროში იწელება და წლები გრძელდება, ანუ დროის ფაქტორი. მეორე პრობლემა – კი ზოგადად სასამართლოსადმი უნდობლობაა, ამიტომ მხოლოდ კომერციული პალატის ჩამოყალიბება არ არის საკმარისი. საჭიროა მთლიანი სისტემის შეცვლა, რაც ვერცერთმა მთავრობამ ვერ შეძლო, არადა შესაძლებელია”, – განმარტავს ფადი ასლი.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე იზიარებს იან კელის მოსაზრებას იმის შესახებაც, რომ ზოგადად გასაზრდელია ინვესტორების კომფორტის დონე. გამჭირვალე სასამართლოს გარდა, ფადი ასლი ყურადღებას ამახვილებს უცხოელ ინვესტორებთან პირდაპირ კომუნიკაციაში.

“უცხოელმა ინვესტორმა რომ თავი დაცულად იგრძნოს, ასევე საჭიროა მთავრობას მასთან ჰქონდეს მუდმივი კომუნიკაცია. სახელმწიფო უნდა დაინტერესდეს კონკრეტულ ინვესტორი რაიმე პრობლემას ხომ არ აწყდება ბიზნესის ოპერირებისას ან რით შეიძლება შეუწყოს ხელი მის საქმიანობას. თუ იქნება მსგავსი მიდგომები და, რა თქმა უნდა, თუ ინვესტორებს ექნებათ განცდა, რომ არიან დაცულნი, მაშინ მერწმუნეთ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციები ძალიან სწრაფად გაიზრდება”,- განმარტავს ფადი ასლი.

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, რატი აბულაძე აცხადებს, რომ ბოლო 4 წელიწადში, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვესიტიციების მაჩვენებელი მერყეობს 1.6 მლრდ დოლარიდან 1.86 მლრდ დოლარამდე (რეალურად ქვეყანა საჭიროებს 5- 6 ჯერ მეტ მოცულობის ინვესტიციას, რომ მივიღოთ ქართული საზოგადოების ეკონომიკური კეთილდღეობა). მსხვილი ინვესტორი ქვეყნებია: აზერბაიჯანი, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, ჩეხეთი, აშშ, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, ჩინეთი. თითოეული ქვეყნის საინვესტიციო აქტივობა პირდაპირკავშირშია ეკონომიკური დიპლომატიის, მართლმსაჯულების სისტემის, ადმინისტრირების ეფექტზე.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ხელისუფლება ზრდის ბიზნეს გარემოს მიმზიდველობას, ბიზნესის კეთების სიმარტივეს, ქვეყნის უსაფრთხოებას, კონკურენტუნარიანობას, ბიზნესთან კომუნიკაციას, მომსახურების სერვისებსა და საინვესტიციო ხელსაყრელობას. ბუნებრივია ძალისხმევა ზრდის ინვესტორების ინტერესებსა და კაპიტალდაბანდებების სურვილს. თუმცა, აღმასრულებელი უწყებების ძალისხმევის ფონზე ქვეყანაში არსებული სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ არსებობს “კითხვები”. ამ კითხვების მიზეზები მდგომარეობს პოლიტიკურ და მმართველობით გარემოში, რადგან მათ მიერ: თანამედროვე გამოწვევებთან “შეთვისების უნარი” და ადმინისტრირება არ ფასდება დადებითად; პოლიტიკური კონტრასტი, აქტივობა და ეკონომიკური პოლიტიკის ტრაექტორია არ ქმნის დამაკმაყოფილებელ შედეგებს; ინსტიტუტების იმიჯი და რეპუტაცია ვერ გახდა პიროვნებებზე მეტი; გლობალურ პოლიტიკურ არენაზე აქტივობა დაბალია, ხოლო ნაციონალური პრობლემის გადაჭრის მიდგომები სხვა არაფერია თუ არა საკუთარი ადგილების შენარჩუნება და “სხვებზე” პასუხისმგებლობის გადამისამართება; გაზრდილი საგარეო ვალები გავლენას ახდენს სახელმწიფოს გლობალურ როლზე.

რაც შეეხება იან კელის განცხადებას, რომ საქართველოში ძალიან დაბალია ინვესტორებისთვის კომფორტი, ანუ ინვესტორების კომფორტის დონე და ამაში მთავარი პრობლემა მოსამართლეთა კვალიფიკაციაა, რატი აბულაძე აცხადებს:

“მადლიერებით უნდა აღვნიშნო მეგობარი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოსთვის მოცემული მზა პროგრამები, რეფორმის სახელმძღვანელოები, რეკომენდაციები და ინტელექტუალური მხარდაჭერა. თუმცა, ხაზი უნდა გაესვას, რომ აღნიშნული პროგრამებისა და რეფორმებისგან შედეგს ნაწილობრივ ვიღებთ, რომლიც მიზეზია არა პროგრამები ან რეფორმის სახელმძღვანელოები, არამედ მისი შემსრულებლები, აღმასრულებლები, პასუხისმგებელი პირები. ფაქტია, რომ ქვეყანაში პრობლემების გადაჭრის გზა გადის ადამიანურ რესურსზე, რომელიც უნდა ფლობდეს აკადემიურ, რეფორმატორულ და მმართველობით უნარ-ჩვევებს. პრაქტიკულად ამ რესურსის დეფიციტი გვაქვს აღმასრულებელ და საკანონმდებლო გარემოში, თუმცა არა საზოგადოებაში.

სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ “ყველაზე შედეგიანად” ქვეყანაში პოლიტიკური და მმართველობითი რესურსის ხარჯზე, ახალი ენერგიის (განსაკუთრებით აკადემიური და პოლიტიკური რესურსი) “ინტელექტუალური პარალიზება” ხდება. შესაბამისად, ასპარეზზე რჩება ის პირები, რომელთა კვალიფიკაციის მიმართ კითხვები არსებობს.

ჯამში, აღვნიშნავ, რომ ქვეყანა იმსახურებს თანამედროვე გამოწვევების შესაბამის ახალი “პოლიტიკური და მმართველობითი პროფილის ფორმირებას” (ამის რესურსი ჩვენ, ახალ თაობას გაგვაჩნია). აღნიშნული პროფილი მკაცრი პოლიტიკური კალიგრაფიითა და რეფორმირების ბერკეტებით, ლეგიტიმურად აამაღლებს სახელმწიფო ინსიტუტების იმიჯს, განახორციელებს გლობალურ პოლიტიკას, აითვისებს ადგილობრივ და უცხოურ რესურსს, ხოლო გლობალურ თანამშრომლობას გახდის შედეგიანს და ორმხრივად მომგებიანს”,-განმარატვს რატი აბულაძე.

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ანალიტიკოსი, პაატა ბაირახტარი განმარტავს, რომ ზოგადად, ქვეყნის საინვესტიციო გარემოს თუ შევაფასებთ, ყველა იმ კომპონენტის და ნაბიჯის მიუხედავად, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ამ სექტორის განვითარებისკენ გადაიდგა, უნდა ითქვას, რომ ეს სექტორი ინვეტორებისთვის მაინც გარკვეულ რისკ ჯგუფად რჩება.

“მაგალითად, ჩვენ ძალიან ბევრ რეიტინგში გავიუმჯობესეთ პოზიციები, ეს პოზიტიური სიგნალია, თუმცა, ქვეყანაში ვეჩეხებით მაგალითად ისეთ მოვლენებს, როგორიც იყო საყდრისის მოვლენები, როდესაც ცამეტმა პარტიამ სრულიად დაუსაბუთებლად აუქციონში მიიღო მონაწილეობა. ამ კომპანიას ხელი შეუშალეს იმ ტერიტორიის ათვისებაში, რომელიც მათ ტერიტორიაში შედიოდა. კომპანიას მისი გამოყენება შემდეგი განვითარებისთვის უნდოდა. მსგავსი ქმედებები ნეგატიური სიგნალია ინვესტორებისთვის”,-განმარტავს ბაირახტარი.

მისივე განცხადებით, ის პოზიტიური ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა, გარკვეულწილად უფასურდება ინვესტორების თვალში. “როდესაც ინვესტორი ქვეყანაში შემოდის, მას სჭირდება რამდენიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილება. აქედან ერთ-ერთი კერძო საკუთრების ხელშეუხებლობაა”, – აცხადებს ბაირახტარი. მისი თქმით, ხელისუფლებამ ამის საპირწონე ნაბიჯები უნდა გადადგას, რადგან საინვესტიციო გარემო ძალიან მნიშვნელოვანია.

ლიკა წიკლაური

Share