Home » ბიზნესი » “ინოვაციური” პროდუქტი ონლაინსესხების ბაზარზე – სესხი სპეციალურად ონლაინკაზინოსთვის
"ინოვაციური” პროდუქტი ონლაინსესხების ბაზარზე – სესხი სპეციალურად ონლაინკაზინოსთვის

“ინოვაციური” პროდუქტი ონლაინსესხების ბაზარზე – სესხი სპეციალურად ონლაინკაზინოსთვის

კრედიტი, რომლის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 612 000 (!) პროცენტია

სულ სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში არა-საბანკო ონლაინ სესხების კომპანიები შემოვიდნენ და უკვე მყარად დაფუძნდნენ საფინანსო ბაზარზე. ქართული ეკონომიკურ-პოლიტიკური გარემო სათბურივით არის მსგავსი ბიზნესისთვის, ამ სფეროს რეგულირებისთვის დღემდე ვერავინ მოიცალა.

ამჟამად ბაზარზე 30-ზე მეტი მსგავსი პროფილის კომპანია ოპერირებს. მათ შორის, სესხების სიძვირით, დიდი განსხვავება არაა, თუმცა, რამდენიმე გამონაკლისიც არსებობს, რომელთა კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები არადეკვატურად მაღალია.

ონლაინ სესხების კომპანიების რეალურად რეკლამირებული 0%–იანი განაკვეთები წლიურად 400% და 800% იანი სესხია. წარმოგიდგენთ რამოდენიმე კომპანიის წლიურ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის რაოდენობას. 600 ლარიანი, 30 დღიანი კრედიტის შემთხვევაში პროცენტები ასე ნაწილდება: Vivus.ge – 450%; Netcredit.ge – 734.97%; CCloan.ge – 734.97%; Moneyman.ge – 749.35%; Crediton.ge – 872.84%. აშკარაა, რომ ასეთი საპროცენტო განაკვეთებით ამ ბიზნესების მოგება ასტრონომიულია. შედეგად, მათ მიერ შემოთავაზებული სესხის ლიმიტები ნელ-ნელა იზრდება.

ამ მრავალფეროვან და მეტად მიმზიდველ შემოთავაზებათა შორის ერთი ფრიად განსაკუთრებულია. ცრედიტბეტ.გე-ასე ჰქვია საიტს, რომელიც სესხის გაცემისას სპეციფიური კლიენტებით შემოიფარგლება. საკითხი ეხება კრედიტს, რომელიც მხოლოდ ონლაინ კაზინოების ანგარიშზე ირიცხება. თანხა არაა დიდი, – 10, 20, 30 ლარიანი არჩევანია. თუმცა, აღსანიშნავია რომ 10 ლარიანი სესხიდან, 20 ლარიან სესხამდე გადასვლისთვის საჭიროა მომხმარებელმა კრედიტი აიღოს 41-ჯერ, 30 ლარისთვის კი 61-ჯერ. რეგისტრაცია მარტივია, მომხმარებელი პირადობის მოწმობასთან ერთად იღებს სელფს და სულ ესაა. მოთამაშეს სანუკვარი თამაშისთვის თანხა მალევე ერიცხება ანგარიშზე, თუმცა, 3 დღეში დაბრუნება უწევს, 10%-იანი ნამატით, 10 ლარის ნაცვლად 11, 20-ის შემთხვევაში 22 ლარის, ხოლო 30-ის ნაცვლად 33 ლარის. როგორც უკვე აღინიშნა, მსგავსი ტიპის სეხები რეკლამირდება, როგორც 0%-იანი კრედიტი, თუმცა, მათი მომსახურება მაღალ საკომისიოებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, იმის გასაგებად, თუ რეალურად რამდენპროცენტიანია ეს სწრაფი სესხები, ამისთვის ჩვენ საქართველოს ეროვნული ბანკი წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მთვლელი კალკულატორი გამოვიყენეთ. ჩვენ გამოვთვალეთ creditbet.ge-ს სესხების წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და შედეგი საოცარია, – 612 856,13%. ეს განაკვეთი ყველაზე მაღალია სხვა არსებულ კომპანიებთან შედარებით. და საერთოდ, შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სესხია მსოფლიოში.

ყველაფერი მარტივი და სწრაფია, მოთამაშე იღებს სესხს და თამაშობს. თუმცა, ჩნდება ერთი ლოგიკური კითხვა, რის იმედზე იძლევა აღნიშნული კომპანია სესხს?! სხვა კომპანიები ფორმალურად მაინც ითხოვენ ხელფასის შესახებ ინფორმაციას, ასევე, სამსახურის, თანამდებობის შესახებ და სხვა მონაცემებს. მათ იმედი აქვთ, რომ კლიენტს აქვს თანხის დაფარვის რესურსი. ხოლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თანხა გაიცემა ადამიანთა ყველაზე სარისკო კატეგორიაზე. ნუთუ ვინმეს იმედი აქვს, რომ მომხმარებელი კრედიტით ტოტალიზატორში მოიგებს და ამგვარად დააბრუნებს თანხას?! უცნაური შემთხვევაა.

ასეთი გარემოებებიდან გამომდინარე, არაა გასაკვირი, რომ ამ ბიზნესით დაინტერესებულთა რიცხვი იზრდება. ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაარეგისტრიროს შპს, შექმნას ვებ-გვერდი და დაიწყოს სესხები გაცემა. უბრალო მომხმარებელმა კი ჯობს შორს დაიჭიროს თავი მსგავსი შემოთავაზებებისგან. უამრავი მაგალითია იმისა, რომ ამ მორევში ჩავარდნილი ადამიანი ვეღარ ამოდის. სესხებისგან თავის ხსნა დაგროვილი თანხის მთლიანად დაფარვითაა შესაძლებელი, რაც არც ისე ადვილია.

P.S. რამდენიმე კვირის წინ “ბანკები და ფინანსებში” გავიდა მასალა, სადაც მიმოხილული იყო ონლაინსესხების ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთები. ამ სტატიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციების ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით კიკვაძემ უცნაური განცხადება გააკეთა, – ” ფიზიკურად შეუძლებელია, ონლაინ სესხებზე 400% და მეტი განაკვეთი იყოს იგივე საბანკო კრედიტები რომ ავიღოთ, მაგალითად იპოთეკური სესხი, რომელიც წლიურად 9%-ია, გამოდის, რომ 10 წლის საპროცენტო განაკვეთი 90% -ია, რაც არასწორი დათვლაა.  საპროცენტო განაკვეთი უნდა დაითვალოს ერთ თვეზე, რადგან  ერთი თვით ხდება სესხის აღება” ამ განცხადებაში დაშვებული შეცდომების ახსნა და გაანალიზება “ბანკები და ფინანსების” მკითხველისთვის არ იქნება საინტერესო, ამჯერად რედაქცია სთავაზობს ბატონ დავითს უფასო ტრენინგს სხვადასხვა საფინანსო საკითხებში.

ვაჩე ხრიკული

Share