Home » ფინანსები » ინფლაცია, ლარის კურსი, ინტერვენციები – სებ-ის პოზიცია სამ მნიშვნელოვან საკითხზე
ინფლაცია, ლარის კურსი, ინტერვენციები - სებ-ის პოზიცია სამ მნიშვნელოვან საკითხზე

ინფლაცია, ლარის კურსი, ინტერვენციები – სებ-ის პოზიცია სამ მნიშვნელოვან საკითხზე

ეროვნული ბანკის მიმართ ხშირად გაისმის კრიტიკა, რომ სებ-ი ლარის კურსის განსაზღვრაზე არიან პასუხისმგებელი, ასევე, ინფლაციის განსაზღვრის მეთოდიკის რელევანტურობასა და სავალუტო ინტერვენციების საჭიროებაზე. ამ თემებთან დაკავშირებით, „ბანკები და ფინანსებმა“ ეროვნულ ბანკს კითხვებით მიმართა. გთავაზობთ ეროვნული ბანკის პოზიციებს აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით.

– ლარის კურსის ბოლო დროინდელმა მერყეობამ საკმაო მღელვარება გამოიწვია და ამ თვალსაზრისით, ბევრი კითხვა დატოვა, მათ შორის ეროვნული ბანკის მიმართაც. ზოგადად (კიდევ ერთხელ), რა როლი აქვს სებ-ს კურსის ფორმირებაში და რამდენად ლეგიტიმურად თვლიან ცენტრალურ ბანკში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებულ კრიტიკას, ამასთან დაკავშირებით „ბანკები და ფინანსები“  ეროვნული ბანკის პოზიციას გთავაზობთ.

– საქართველოს კანონმდებლობით, რომელიც  საერთაშორისო საუკეთესო პრქტიკას შეესაბამება, ეროვნული ბანკის ფუნქცია ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა ხელი უნდა შეუწყოს მდგრად ეკონომიკურ ზრდასა და ფინანსურ სტაბილურობას.

საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც იმას ნიშნავს, რომ გაცვლითი კურსი განისაზღვრება საბაზრო მექანიზმებით და არა ცენტრალური ბანკის ან მთავრობის მიერ. საქართველოს მსგავსი ქვეყნისათვის, გაცვლითი კურსის ასეთი რეჟიმი ოპტიმალურია როგორც ფასების სტაბილურობის, ასევე ეკონომიკის, მათ შორის დასაქმების, მდგრადი ზრდისა და ფინანსური სტაბილურობისათვის.

მცურავი კურსს მოკლევადიანი მერყეობა ახასიათებს. თუმცა, ვინაიდან ამით იგი შოკების შერბილების ფუნქციას ასრულებს, ის გრძელვადიან პერიოდში ვალუტის სტაბილურობას განაპირობებს. ამდენად, სებ-ი არ ერევა გაცვლითი კურსის ფორმირებაში და არ გააჩნია გაცვლითი კურსის არავითარი მიზნობრივი ნიშნული.

რაც შეეხება კრიტიკას, შეგახსენებთ, რომ ცენტრალური ბანკების სწორი გადაწყვეტილებები გრძელვადიანად სარგებლის მომტანია ყველასთვის, მაგრამ მოკლევადიან პერიოდში მას სხვადასხვა გავლენა აქვს მოსახლეობისა და ბიზნესის ცალკეულ წარმომადგენლებზე. შესაბამისად, ცენტრალური ბანკის ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების ან გადაწყვეტილების არ მიღების შემთხვევაში, ყოველთვის მოიძებნება პირი/ეკონომიკური აგენტი, ვინც სხვა ტიპის გადაწყვეტილებას ისურვებდა, რისთვისაც ის ცენტრალურ ბანკს გააკრიტიკებს სწორი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაშიც. ამიტომაც არის, რომ ცენტრალურ ბანკებს ანიჭებენ დამოუკიდებლობას, რათა ისინი არ აყვნენ კრიტიკას და მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისათვის არის საჭირო. აუცილებელი, თუმცა არაპოპულარული, გადაწყვეტილების არ მიღება ან დაგვიანება მომავალში უფრო მკაცრი და მაღალი ამპლიტუდის გადაწყვეტილებების მიღებას განაპირობებს, რაც ეკონომიკის ზრდისათვის დამაზიანებელი იქნება.

– ბოლო მონაცემებით, ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივზე დაბალია და ამ კუთხით, ერთი შეხედვით, საგანგაშო არაფერია. თუმცა, მნიშვნელოვნად არის გაძვირებული სასურსათო კალათის და მედიკამენტების ფასები. ზოგადად, რა პოლიტიკა აქვს ეროვნულ ბანკს მომავალში ინფლაციის მართვასთან მიმართებით და თეორიულად შესაძლებელია თუ არა სებ-ის ხელთ არსებული ბერკეტების გამოყენებით კონკრეტული სასაქონლო ჯგუფების ფასებზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა?

– ინფლაცია არის ფასების საერთო დონის ზრდის პროცესი – ზოგადი მსყიდველობითი უნარის საზომი. ინფლაცია იზომება როგორც სამომხმარებლო კალათის ინდექსი და არა როგორც რომელიმე პროდუქტისა თუ სასაქონლო ჯგუფის ფასის ზრდა. კონკრეტული პროდუქტების ფასებზე ეროვნულ ბანკს გავლენა არ აქვს და ვერ ექნება.

ინფლაციის საშუალოვადიანი დინამიკა ეკონომიკური განვითარებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ამიტომაც არის, რომ ცენტრალურ ბანკებს მიზნად ინფლაციის საშუალოვადიან მაჩვენებელს უსახავენ. კონკრეტული საქონლის ან სასაქონლო ჯგუფების ფასების ცვლილება, მართალია გავლენას ახდენს ეკონომიკური აგენტების შემოსავლებსა და ხარჯებზე – ზოგზე პოზიტიურად და ზოგზე ნეგატიურად, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ცალკეული პროდუქტების ფასებზე ზემოქმედება სცილდება ცენტრალური ბანკის უფლებამოსილებასა და მონეტარული პოლიტიკის შესაძლებლობებს.

– რამდენიმე დღის წინ, როდესაც ლარის კურსის გამყარების ტენდენცია შეინიშნებოდა, ეროვნულმა ბანკმა ბაზრიდან 10 მილიონი დოლარი ამოიღო და მიმოქცევაში ლარი გაუშვა. საექსპერტო წრეების ნაწილის მხრიდან აღნიშნული ნაბიჯიც კრიტიკის საფუძველი გახდა. რამ  განაპირობა ეს გადაწყვეტილება?

– საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ჩამორჩება ჩვენი ეკონომიკისათვის საჭირო მაჩვენებელს. სწორედ ამიტომ, პერიოდულად, როდესაც სავალუტო ბაზარი ამის საშუალებას იძლევა, ეროვნული ბანკი ახორციელებს საერთაშორისო რეზერვების შევსებას და ამას მომავალშიც განახორციელებს. რეზერვების შევსებას არაერთი დადებითი მხარე აქვს, როგორიცაა საგადამხდელო ბალანსისა და ფისკალური კრიზისის ალბათობების შემცირება. რეზერვების ზრდა ამცირებს ქვეყნის რისკიანობას და ეხმარება ქვეყნის სუვერენული რეიტინგის ზრდას, რითაც მცირდება რისკ პრემია და ქვეყანაში კაპიტალის მოზიდვა უფრო იაფად არის შესაძლებელი.

რაც შეეხება კრიტიკას, მცდარია მოსაზრება, რომ თუ ეროვნული ბანკი არ შეიძენს ვალუტას, გვექნება ლარის პერმანენტული გამყარება ან, პირიქით, რომ ეროვნული ბანკის მიერ ვალუტის გაყიდვით ლარი უფრო მყარი იქნება. ეროვნული ბანკის ინტერვენციებს გაცვლით კურსზე მხოლოდ მოკლევადიანი, შეზღუდული გავლენის მოხდენა შეუძლია. საშუალო და გრძელვადიან პერიოდში გაცვლითი კურსი, საბაზრო ძალების გავლენით, ყოველთვის მისი წონასწორული წერტილისკენ იმოძრავებს. კურსის გრძელვადიან დინამიკას კი, თავის მხრივ, დიდწილად, ინფლაციის საშუალოვადიანი მაჩვენებელი განსაზღვრავს, რაც საქართველოში ზომიერი და სტაბილურია.

“ბანკები და ფინანსები”

Share