მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში, რიგი სამინისტროების ბიუჯეტი იზრდება, ზოგიერთი სამინისტროს დაფინანსება კი, მცირდება.

2025 წლისათვის საბიუჯეტო ასიგნებები შემდეგნაირად კორექტირდება: -

ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებები 133,0 მლნ ლარით იზრდება და 8 953,0 მლნ ლარით განისაზღვრა. ცვლილებები შემდეგ პროგრამებში ხორციელდება:

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, წარმოქმნილი ეკონომიების გათვალისწინებით მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებული ასიგნებები 10,0 მლნ ლარით მცირდება, ხოლო იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობის პროგრამის ასიგნებები 15,0 მლნ ლარით მცირდება.

ევროპის საინვესტიციო ბანკის კრედიტის ფარგლებში, სასწრაფო დახმარების მანქანებისა და სხვა შესყიდვების განხორციელება 2026 წელს გადავადდა. შესაბამისად, 2025 წლისთვის გათვალისწინებული ასიგნებები 37,0 მლნ ლარით (2026 წლის ბიუჯეტში აღნიშნული რესურსიდან დაფინანსება 48,0 მლნ ლარს შეადგენს) მცირდება.

195,0 მლნ დამატებით გამოყოფილია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დასაფინანსებლად, რაც ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ძირითადად დაკავშირებულია ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსების ზრდასთან.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებები 248,3 მლნ ლარით იზრდება და 1 056,4 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება.

პროგრამების დონეზე წარმოდგენილია შემდეგი ცვლილებები: -

მიმდინარე წლის რთველის დაფინანსების მიზნით დამატებით 160,0 მლნ ლარი გამოიყოფა. ჯამურად, აღნიშნული მიმართულებით გამოყოფილი თანხა 220,0 მლნ ლარს შეადგენს.

სამელიორაციო სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და მისი მოვლა შენახვის ხარჯების დასაფინანსებლად 110,0 მლნ ლარი გამოიყოფა. აღნიშნული თანხა 2026 წელს განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილ თანხას წარმოადგენს. ფინანსთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ 2026 წლის ბიუჯეტში ამ მიმართულებებით განსაზღვრული იყო 90,0 მლნ ლარი, თუმცა დაგეგმილი პროექტების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, სამინისტროსთან კონსულტაციით დამატებით 20,0 მლნ ლარის გათვალისწინება მოხდა. შესაბამისად, მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამისთვის 110,0 მლნ ლარი გამოიყოფა, ხოლო 2026 წლის პირველად პროექტში გათვალისწინებული თანხა 90,0 მლნ ლარით მცირდება.

ამავე პროგრამაში, საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, მოსალოდნელი ათვისების გათვალისწინებით გამოყოფილი ასიგნებები 15,2 მლნ ლარით მცირდება, ხოლო სხვა პროგრამების ნაწილში 6,2 მლნ ლარის ოდენობით.

თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები 110,0 მლნ ლარით იზრდება და 1 840,0 მლნ ლარს შეადგენს. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, დამატებითი თანხები ძირითადად მიიმართება გაფორმებული მრავალწლიანი ხელშეკრულებების ფარგლებში მიმდინარე წლის განმავლობაში მოსაწოდებელი საქონლის ასანაზღაურებლად.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 45,5 მლნ ლარით იზრდება და 271,5 მლნ ლარს შეადგენს. დამატებითი თანხები მიიმართება უსაფრთხოების სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი შესყიდვების დასაფინანსებლად.

საქართველოს სპორტის სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 32,0 მლნ ლარით და 330,4 მლნ ლარს შეადგენს. დამატებითი თანხები გამოყოფილია შემდეგი მიმართულებით:

რაგბის მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილია დამატებით 7,0 მლნ ლარი, რომელიც მიიმართება გასულ წლებში, სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვაზე.

კალათბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის ფარგლებში გამოყოფილია დამატებით 2,5 მლნ ლარი, რაც დაკავშირებულია მიმდინარე წელს ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის ხარჯების დაფინანსებასთან.

ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების საერთაშორისო თამაშების ორგანიზებასთან დაკავშირებული ხარჯებისათვის გამოიყოფა 4,5 მლნ ლარი.

სხვადასხვა სპორტული ფედერაციების დასაფინანსებლად, სპორტსმენების საერთაშორისო ჩემპიონატებში მონაწილეობის ხარჯების დასაფინანსებლად დამატებით გამოიყოფა 4,0 მლნ ლარი.

საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების გათვალისწინებით სპორტსმენთა, მწვრთნელთა და საექიმო პერსონალის დაჯილდოების მიზნით (საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მოცულობების შესაბამისად) დამატებით გამოიყოფა 12,5 მლნ ლარი.

სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში არსებული სპორტული ობიექტებისათვის ინვენტარის შეძენის მიზნით გამოიყოფა 1,5 მლნ ლარი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებები 201,7 მლნ ლარით მცირდება და 2 923,3 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება.

პროექტის მიხედვით, ცვლილებები წარმოდგენილია შემდეგ პროგრამებში:

საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსება 137,3 მლნ ლარით მცირდება. მათ შორის: საავტომობილო გზების პერიოდული შეკეთებისა და რეაბილიტაციის პროგრამა მცირდება 51,1 მლნ ლარით.

თბილისი - წითელი ხიდისა და ალგეთი სადახლოს გზების მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხები მცირდება 146,1 მლნ ლარით.

“აღნიშნული პროექტების დაფინანსება ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. სატენდერო პროცედურების დასრულება დაგეგმილი იყო მიმდინარე წელს, თუმცა ბანკის მიერ შიდა განხილვის პროცედურები არ დასრულებულა. ბანკთან არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად ჩაითვალა აღნიშნული პროგრამისთვის თანხების შემცირება არამხოლოდ მიმდინარე წელს, არამედ 2026 წელსაც (პროექტების დაწყება პროგნოზირებულია 2027 წლიდან).

შესაბამისად, პროექტების დასაფინანსებლად თანხები გათვალისწინებული არ არის არც 2026 წელს. ბანკის მიერ შიდა განხილვების პროგნოზირებულთან შედარებით უფრო სწრაფად დასრულების შემთხვევაში, პროექტის განხორციელება საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად დაზუსტებული ბიუჯეტის ფარგლებში დაიწყება“, - განმარტავს ფინანსთა სამინისტრო.

სხვა დანარჩენი საგზაო პროექტების ფარგლებში თანხების გადანაწილება ხორციელდება და ჯამურად, მათი ასიგნებები 59,9 მლნ ლარით იზრდება.

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებული ასიგნებები, ათვისების ტენდენციის გათვალისწინებით 90,2 მლნ ლარით მცირდება.

წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის დაფინანსება იზრდება 360,1 მლნ ლარით, მათ შორის საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული პროექტები, მათი ათვისების ტენდენციის გათვალისწინებით მცირდება 46,1 მლნ ლარით, ხოლო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსება იზრდება 405,8 მლნ ლარით. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საბიუჯეტო სახსრების ნაწილში გამოყოფილი თანხები გათვალისწინებულია 2026 წელს დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან გამოყოფილი კრედიტების მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2026 წელს თავდაპირველ პროექტში გათვალისწინებული ასიგნებები მცირდება 210,0 მლნ ლარით.

2025 წლის ბიუჯეტში მყარი ნარჩენების მართვის პროგრამის ბიუჯეტი გათვალისწინებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფარგლებში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დამატებით გამოიყოფა 40,0 მლნ ლარი, რომელიც კომპანიის მიერ 2026 წლის განმავლობაში არსებული ვალდებულებების დასაფინანსებლად მიიმართება, რისი გათვალისწინებითაც, 2026 წლის ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან შედარებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებებში აღნიშნული პროგრამის დაფინანსდება 30,0 მლნ ლარის ოდენობით მცირდება.

მიმდინარე წლის ბოლომდე მოსალოდნელი ათვისების გათვალისწინებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის დამტკიცებული ასიგნებების ნაწილში:

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხები მცირდება 110,9 მლნ ლარით;

ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გამოყოფილი ასიგნებები მცირდება 75,0 მლნ ლარით;

სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის დაფინანსება მცირდება 188,6 მლნ ლარით.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 249,2 მლნ ლარით მცირდება, მათ შორის: საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე ასიგნებები მცირდება 10,0 მლნ ლარით.

მიმდინარე წელს განათლების სამინისტროდან ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი განათლების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის ფუნქცია ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავიდა. როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, პროექტების ეფექტურად განხორციელების მიზნით მიზანშეწონილად ჩაითვალა ე.წ. „Design-build“ მოდელის გაუქმება და პირველ ეტაპზე განხორციელდება დეტალური პროექტირება და შემდეგ გამოცხადდება ტენდერები სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.

“ზემოაღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, მიმდინარე წელს გამოცხადდა ტენდერები საპროექტო სამუშაოებზე, რომელთა დასრულების შემდგომ დაიწყება შესაბამისი პროცედურები სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაწყებად. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე წელს სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის გათვალისწინებული ასიგნებები 203,9 მლნ ლარით მცირდება, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ასიგნებები - 9,4 მლნ ლარით“, - აცხადებს ფინანსთა სამინისტრო.

საფინანსო ინსტიტუტებიდან დაფინანსებული პროექტების ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებები 25,9 მლნ ლარის ოდენობით მცირდება.

კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება ჯამურად არ იცვლება, თუმცა ხორციელდება პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები მცირდება 48,4 მლნ ლარით. პროგრამების მიხედვით, ცვლილებები დაგეგმილია შემდეგი მიმართულებებით:

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობის დაფინანსება იზრდება 40,0 მლნ ლარით, რისი გათვალისწინებითაც ამავე პროგრამის დაფინანსება 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში ასახული აღარ არის.

წარმოქმნილი ეკონომიების გათვალისწინებით 7,0 მლნ ლარით მცირდება პროგრამის - აწარმოე საქართველოში დაფინანსება.

მოსალოდნელი ათვისების გათვალისწინებით 7,9 მლნ ლარით მცირდება ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობის პროექტი, 52,5 მლნ ლარით მცირდება გადამცემი ხაზების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი ასიგნებები, 14,5 მლნ ლარით მცირდება ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი, ხოლო 5,0 მლნ ლარით მცირდება ენერგიის დამაგროვებელი მოწყობილობების მშენებლობის პროექტი.

სხვა დანარჩენი მიმართულებებით წარმოქმნილი ეკონომიები მცირდება 1,5 მლნ ლარით.

იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება მცირდება 32,3 მლნ ლარით, მათ შორის 28 მლნ ლარი წარმოადგენს არბიტრაჟებში, უცხო ქვეყნის სასამართლოებში და საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში წარმოქმნილ ეკონომიას, ხოლო 4,3 მლნ ლარი საჯარო რეესტრის საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტისთვის (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპონენტი) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში არსებულ რესურსს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსება მცირდება 11,0 მლნ ლარით, რაც ძირითადად სავალუტო კურსის გამყარების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიაა.

პარლამენტის ასიგნებები წლის განმავლობაში წარმოქმნილი ეკონომიების გათვალისწინებით მცირდება 20,0 მლნ ლარით.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება წარმოქმნილი ეკონომიების გათვალისწინებით მცირდება 9,0 მლნ ლარით.

საერთო სასამართლოების დაფინანსება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად მცირდება 25,0 მლნ ლარით.