მთავარი სარკინიგზო ხაზის მოდერნიზაცია მალე დასრულდება, რაც გააორმაგებს ტვირთბრუნვას და შეამცირებს ქვეყნის გადაკვეთის დროს, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა განაცხადა. მისი განმარტებით 2026 წელს დაგეგმილია ასევე სავაგონო და სალოკომოტივო ​პარკის განახლება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის დაგეგმილი ღონისძიებები, რაც რკინიგზაში გვაქვს. განსაკუთრებით ხაზს გავუსვამ - მთავარი სარკინიგზო ხაზის მოდერნიზაციას, რომელიც ძალიან მალე დასრულდება და შესაბამისად, გააორმაგებს ტვირთბრუნვას, შეამცირებს ქვეყნის გადაკვეთის დროს. მაგალითად, თუ საკონტეინერო ვაგონით გადაზიდვებზე ვსაუბრობთ - 24 საათიდან 12 საათამდე შემცირდება. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ 2026 წელს საქართველოს რკინიგზას დაგეგმილი აქვს გადაიარაღება, როგორც სავაგონო ასევე სალოკომოტივო პარკთან მიმართებით. ეს ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 30%-ით შემცირდება ქვეყნის გადაკვეთის დრო და რა თქმა უნდა ეს არის ის გამოსავალი რაც შუა დერეფანს სჭირდება.

ასევე, ძალიან მალე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა დასასრულს მოუახლოვდება. შესაბამისად ეს რა თქმა უნდა გააუმჯობესებს ჩვენს დაკავშირებადობას, როგორც თურქეთს, აზერბაიჯანს ისე საქართველოს შორის, ასევე მოემსახურება რეგიონს და შუა დერეფანს“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.