Home » ეკონომიკა » იმპორტმა ექსპორტი 63%-ით გადაყლაპა
იმპორტმა ექსპორტი 63%-ით გადაყლაპა

იმპორტმა ექსპორტი 63%-ით გადაყლაპა

საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ბალანსი კატასტროფულად დაირღვა. იანვარ-აპრილში იმპორტის მოცულობამ ექსპორტის მოცულობას 2,071 მილიარდი დოლარით გადააჭარბა. უარყოფითი სავაჭრო სალდო 63%-ია. მართალია, ექსპორტი მცირე ტემპით წინ მიიწევს, მაგრამ იმპორტის რეკორდულმა ნახტომმა ეს დადებითი ტენდენცია მთლიანად დაასამარა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3,287 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 8%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი 608 მილიონი დოლარი იყო – 12%-ით ნაკლები, ხოლო იმპორტი 2,679 მილიარდი დოლარი – 14%-ით მეტი.

მხოლოდ აპრილში საქართველოში რეკორდული რაოდენობის იმპორტი განხორციელდა – 987 მილიონ დოლარზე მეტი. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ერთ თვეში ამ მოცულობის იმპორტი პირველად დაფიქსირდა. ასევე პირველად ერთ თვეში იმპორტმა მთლიან ექსპორტს 822 მილიონი დოლარით გადააჭარბა.

აპრილში, კონკრეტულად რა საიმპორტო პროდუქტის მოცულობა გაიზარდა ამ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 20 მაისისთვის გაგვაცნობს. პირველი კვარტლის სურათი კი ასეთია – უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი  სამკურნალო საშუალებებია, რომლის იმპორტმა იანვარ-მარტში 260 მილიონი დოლარი და მთელი იმპორტის 15 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფება  ნავთობის აირების და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი 124 მილიონი დოლარით, რაც იმპორტის 7 პროცენტია. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 99 მილიონი დოლარით. იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა თურქეთთან გვაქვს, მას მოსდევს ირლანდია და შემდეგია რუსეთი.

ექსპორტი კი 5 წლის წინანდელ დონეზეა. მართალია მისი მაჩვენებელი თვეების მიხედვით იზრდება, მაგრამ წინსვლა, იმდენად მცირეა, რომ შარშანდელი შოკისგან გამოსვლის საშუალებას არ იძლევა. 2016 წლის იანვართან შედარებით, ექსპორტი 43 მილიონი დოლარით არის გაზრდილი, ხოლო შარშანდელი წლის აპრილს 21 მილიონი დოლარით ჩამორჩება. გასულ თვეს, საქართველოდან 165 მილიონი დოლარის პროდუქტი გავიდა.

 ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ ექსპორტის სიდიდე ბევრ რამეზეა დამოკიდებული. შეიძლება განვიხილოთ სეზონური ფაქტორი და ასევე, საქართველოს მთავარ საექსპორტო ქვეყნებში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

მაგალითად, უკრაინაში ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტი უფრო მეტი იყო, ვიდრე ევროკავშირის 28 სახელმწიფოში ერთად. შესაბამისად, ამ ქვეყანაში არსებულმა რთულმა პოლიტიკურმა ვითარებამ, ექსპორტის მაჩვენებელს თავისი კვალი დაამჩნია. გარდა ამისა, ძირითადი საექსპორტო ქვეყანაა რუსეთი, სადაც ბოლო პერიოდში რუბლის მკვეთრი ვარდნა აღინიშნება. შესაბამისად, რუსეთის მოსახლეობის შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც მათ მსყიდველუნარიანობას შეეტყო. ეს კი გავლენას ახდენს იმ საექსპორტო საქონელზე, რომელიც ჩრდილოეთში გაგვაქვს.

ამ დროისთვის,  მხოლოდ ღვინის ექსპორტის დაზუსტებული მონაცემები მოგვეპოვება. ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა იანვარ-აპრილში, შარშანდელი წლის ანალოგიურ მონაცემებს 45%-ით აღემატება. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 4 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 30 ქვეყანაში ექსპორტირებულია 11,581 მილიონი ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 45%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 26,9 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 15%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება რუსეთი – 5,925 მილიონი ბოთლი, უკრაინა – 1,488 მილიონი ბოთლი, ყაზახეთი – 1,281 მილიონი ბოთლი, ჩინეთი – 779,425 ათასი ბოთლი, პოლონეთი – 682,522 ათასი ბოთლი.

ექსპორტმა პირველი დიდი დარტყმა 2015 წლის დასაწყისში მიიღო. შარშან იანვარ-თებერვალში ამ მიმართულებით 26%-იანი ვარდნა დაფიქსირდა. რაც შეეხება მთლიან 2015 წელს, უცხო ქვეყნის ბაზრებზე 2.204 მილიარდი დოლარის ქართული პროდუქტი გავიდა – 23%-ით ნაკლები 2014 წელთან შედარებით, ეს ნიშნავს, რომ ექსპორტი 2011 წლის დონემდე დაეცა.

კერძოდ, 2009 წელს ექსპორტის მაჩვენებელმა 1,134 მილიარდი დოლარი შეადგინა, 2010 წელს – 1,677 მილიარდი დოლარი, 2011 წელს – 2,189 მილიარდი დოლარი, 2012 წელს – 2,375 მილიარდი დოლარი, 2013 წელს – 2,908 მილიარდი დოლარი, 2014 წელს – 2,861 მილიარდი დოლარი.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, რომ წელს ექსპორტის მიმართულებით ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენცია იკვეთება. ერთია ის, რომ საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, გაუფასურებული ვალუტების გამო, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა და შესაბამისად ზოგიერთ პროდუქტზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა.

არის მეორე ოპტიმისტური მაჩვენებელი – რუსეთის შიდა სამომხმარებლო ბაზარზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი იყო თურქეთი. ორ ქვეყანას შორის დაძაბულმა ვითარებამ, რასაც თურქეთის მიმართ სანქციების დაწესება მოჰყვა, ფაქტორივად, ქართველ მწარმოებლებს რუსეთის ბაზარი გამოუთავისუფლა. მაგალითად, რუსეთში ტომატის მოხმარების 60% თურქეთიდან იმპორტზე მოდიოდა. სანქციების შემდეგ, მათ მოუწევთ ალტერნატიული გზის გამონახვა.

“ეს ეხება ბაღჩეულ პროდუქტსაც. ჩვენ თუ კარგად ვიმუშავებთ, შეგვიძლია რუსეთის ბაზრის დიდი სეგმენტის ათვისება. არის მეორე ტენდენციაც. გაგვიიაფდა იმპორტი, შარშან მარტო სურსათზე 200 მილიონი დოლარის ეკონომია გავაკეთეთ. თუკი ხელისუფლება, ბიზნესთან ერთად, ჭკვიანურად დაგეგმავს ნაბიჯებს, შედეგი იქნება პოზიტიური. ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის გამოცოცხლებასა და შემოსავლების ზრდას”, – ამბობს სოსო არჩვაძე.

ერთი რამ ცხადია, რომ  წელს ექსპორტის სერიოზულ ზრდას აღარ უნდა ველოდოთ, რადგან მთავარი საექსპორტო პროდუქტების რეალიზაცია ისევ პრობლემურია –  ავტომობილების რეექსპორტი მცირდება, ფეროშენადნობთა რეალიზაცია მცირედით გაიზარდა, მაგრამ ბაზარი ჯერ არც ამ მიმართულებით არ დასტაბილურებულა. მარტო ღვინო და ბაღჩეული კი ქვეყანას შორს ვერ წაიყვანს.

ფაქტია ისიც, რომ საქართველო ვერ აწარმოებს იმ რაოდენობის სოფლის მეურნეობის პროდუქტს (განსაკუთრებით ბაღჩეულს), რომ მათი ექსპორტით მთლიან მაჩვენებელში რაიმე სერიოზული გარდატეხა მოხდეს.

ოფიციალური მონაცემებით, ბაღჩეული პროდუქტები ათეულშიც კი ვერ ხვდება. საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით სპილენძის მადნები და კონცენტრანტები გადის, შემდეგ მას მოჰყვება ფეროშენადნობები, მესამე ადგილზეა ავტომობილები, რომლის ექსპორტი მკვეთრად არის შემცირებული (წელს, მთავრობის ინიციატივით საავტომობილო ბაზარზე ახალი შეზღუდვების შესაძლო დაწესება ავტომობილების ექსპორტს კიდევ უფრო შეამცირებს). მეოთხე ადგილზე თხილია, თუმცა ჯერჯერობით დადებითი ტენდენცია არც ამ პროდუქტის მიმართ იკვეთება. ფასი, ფაქტობრივად, განახევრდა და თუკი ასე გაგრძელდა, ექსპორტი ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვნად მოიკლებს. ხუთეულს სამკურნალო საშუალებები ასრულებს, ღვინო კი მხოლოდ მეშვიდე ადგილზეა.

მაკა ვარადაშვილი

Share