Home » ბიზნესი » „იმედი L”-ის ყოფილი მფლობელები “საქართველოს ბანკსა” და “ალდაგს” კომპანიის მითვისებაში ადანაშაულებენ 
„იმედი L”-ის ყოფილი მფლობელები "საქართველოს ბანკსა" და "ალდაგს" კომპანიის მითვისებაში ადანაშაულებენ 

„იმედი L”-ის ყოფილი მფლობელები “საქართველოს ბანკსა” და “ალდაგს” კომპანიის მითვისებაში ადანაშაულებენ 

საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „იმედი L Int“ -ის ყოფილი მფლობელები სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ მიმართ სასამართლო დავას იწყებენ. როგორც დამფუძნებლები აცხადებენ, 2012 წელს „ალდაგის“ მიერ „იმედი ელის“ შესყიდვა არაადეკვატურად დაბალ ფასად მოხდა. გასხვისებიდან 3 წლის შემდეგ კომპანიის ყოფილი მფლობელები „იმედი L Int“-ის სამართლიანი საბაზრო ფასის ანაზღაურებას ითხოვენ, თუმცა, თანხის ოდენობა ამ ეტაპზე არ სახელდება.

დამფუძნებლები განმარტავენ, რომ კომპანიის დაბრუნების მოთხოვნა შეუძლებელია, რადგანაც  „ალდაგმა“ შესყიდული კომპანიის შერწყმა მალევე განახორციელა. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, შესყიდვიდან რამდენიმე თვეში 2012 წლის ოქტომბერში ალდაგმა შეირწყა კომპანია და მხოლოდ 2 წლის შემდეგ კვლავ დამოუკიდებლად აღადგინა „იმედი L”-ის ცნობადი სახელი.

სასამართლო დავა მხარეებს შორის ამ საკითხზე 9 ოქტომბერს იწყება.

საკითხის დეტალებზე  სადაზღვევო ექსპერტი, სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ ის ერთ-ერთ შემქმნელი და დირექტორი, შემდგომში დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი (2013-2014წწ) ლაშა ნიკოლაძე გვესაუბრება:

–   მოგეხსენებათ, ჩემი ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი – 17 წელი „იმედი L“ -ის მშენებლობას შევალიე, რაც ქართული სადაზღვევო ისტორიისთვის ძალიან ხანგრძლივი დროა. ამ პერიოდიდან პრაქტიკულად აღარცერთი სადაზღვევო კომპანია შემორჩა ქართულ სადაზღვევო რეალობას. შესაბამისად, ალბათ ნათელია, რამდენად მნიშვნელოვანია ყველა საკითხი, რაც ამ კომპანიას უკავშირდება. ჩვენ შევძელით და 500 დოლარიდან დაწყებული კაპიტალით, შევქმენით ისეთი კომპანია, რომელსაც 2012 წლისათვის დაზღვეული ჰყავდა 250,000 ზე მეტი ფიზიკური პირი, 4,000 ზე მეტი იურიდიული პირი, ჰქონდა 10 ფილიალი საქართველოში და საუკეთესო რეპუტაციით სარგებლობდა.

გარდა ამისა, კომპანიას გააჩნდა იმ პერიოდისათვის ყველაზე მსხვილი, ყველაზე რენტაბელური პერსპექტივის და მზარდი რეგიონალური ჰოსპიტალური პროგრამის სეგმენტი, რაც მოიცავდა აჭარას მთლიანად, კახეთის 3 ქალაქს თელავის ჩათვლით და სამცხეს, ჯამში 10 რეგიონალური ჰოსპიტალი. გარდა ამისა, ის ფლობდა ბათუმში მეორე, ბუტიკური საავადმყოფოსათვის განსაზღვრულ შენობას ბათუმის ცენტრში, რომლის რეკონსტრუქციაც ასევე აქტიურად მიმდინარეობდა. საქმეში ჩახედული ადამიანები დამეთანხმებიან, რომ ეს გახლდათ ყველაზე მოცულობითი და ამავე დროს საუკეთესო პროექტი, ყველა სხვა ანალოგიურ პროექტებთან შედარებით. წილების დათმობის დროს, ფუნქციონირებდა 6 საავადმყოფო, ხოლო კონსტრუქციულად დასრულებული იყო სხვა ყველა დანარჩენი. განხორციელებული იყო წინმსწრებად ისეთი შესყიდვები, რომელიც კიდევ უფრო აიოლებდა პროექტის დასრულებას.

აქვე აღვნიშნავ (და ამის დამადასტურებელი საერთაშორისო კომპანიის მაშინდელი დასკვნაც არსებობს), რომ ჩვენი სამედიცინო სიმძლავრეების აშენების და აღჭურვის ხარისხი, სრულიად შეესაბამებოდა წარმატებული ევროპული ქვეყნებისას.

–  თქვენ ახლა „იმედი L”-ის წარმატებულ საქმიანობაზე საუბრობდით. თუ კომპანია წარმატებული იყო, მაშინ რატომ მოხდა კომპანიის გასხვისება? რა იყო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი?

–   მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ გასხვისება კომპანიის აქციონერების ნებით არ მომხდარა, ჩვენ არც ვფიქრობდით, რომ კომპანია გაგვეყიდა, თუმცა აღმოვჩნდით გარემოებების მსხვერპლნი, როდესაც იძულებით დაგვათმობინეს ჩვენი კუთვნილი აქციები სრულიად არასამართლიან ფასად. ამ ყველაფერს წინ უძღოდა მოვლენათა მრავალკომპონენტიანი ჯაჭვი, რომელშიც არაერთი სტრუქტურა და დაინტერესებული პირები იყვნენ ჩართული, რომელთა მოთხოვნას წარმოადგენდა დაგვეთმო აქციები და რომელმაც კომპანიის არანებაყოფლობითი, იძულებითი გასხვისება გამოიწვია. არსებობდა მთელი რიგი საფრთხეები, რომელიც ჩვენთან მიმართებით  ჟღერდებოდა და შეიძლებოდა მოჰყოლოდა აქციების გასხვისებაზე უარის თქმას. ამიტომ იძულებული გახვდით დაინტერესებული მხარის, „საქართველოს ბანკისა“ და „ალდაგის“ მიერ შემოთავაზებულ სრულიად არაადეკვატურ ფასად გაგვეყიდა კომპანია, თან ისეთ პირობებში, როდესაც შემოთავაზებულ ფასზე შევაჭრების უფლებაც კი წართმეული გვქონდა.

დღეისათვის ყოფილ აქციონერთა დიდ ნაწილს აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო დავა გვაქვს ჩვენი წილების დათმობასთან დაკავშირებით. უახლოეს დღეებში სასამართლო სხდომებიცაა ჩანიშნული. ამ ეტაპზე თავს შევიკავებ მეტი დაკონკრეტებისაგან, თუმცა გეტყვით, რომ პროცესის მსვლელობაზე მომავალშიც ვაპირებთ, მაქსიმალურად გახსნილები ვიყოთ.

აღსანიშანავია, რომ კომპანია „იმედი L” საერთაშორისო კომპანიის სტატუსით სარგებლობდა. 1998 წელს კომპანია საქართველოში ყველაზე დიდი გერმანული კაპიტალით მოქმედი პირველი  კომპანია იყო.  კომპანიის დამფუძნებელი,  გერმანული, სტრატეგიული, საგადამზღვევო კომპანია იყო. 2007 წელს სადაზღვევო კომპანიის საკმაოდ მსხვილი აქციონერი გახდა EBRD.

commersant.ge

Share