Home » საზოგადოება » ილია მეორე: არავის არ აქვს უფლება ქართული მიწა გაყიდოს
ილია მეორე: არავის არ აქვს უფლება ქართული მიწა გაყიდოს

ილია მეორე: არავის არ აქვს უფლება ქართული მიწა გაყიდოს

სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს გვარის წინამძღოლთა გვარის სხდომაზე, რომელსაც სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე ესწრებოდა, უწმინდესმა ძირითადი ყურადღება ქათული მიწების გასხვისებაზე გაამახვილა.

“ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არის ისეთი ფასეულობა, რომლის გაყიდვა არ შეიძლება. არავის აქვს უფლება, არც მეფეს, არც პრეზიდენტს, არც პატრიარქს, გაყიდოს ქართული მიწა, ქართული საბადოები, ქართული მდინარეები, წყაროები.

მინდა ყურადღება მივაქციო უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ხალხს. ფაქტიურად უპატრონოდ არიან იქ. ხშირია შემთხვევა, როცა მათ მოქალაქეობას არ აძლევენ. თუნდაც ავიღოთ ირანი და იქ მცხოვრები ქართველები. არ კმარა ის 300 წელი, რა ხნის განმავლობაშიც ისინი იქ არიან. დროა დაბრუნდნენ საქართველოში.

ამასწინად, ჩემთან ჩამოვიდა სამი ქისტი ინგუშეთიდან. ჩამოვიდა იმიტომ, რომ ჩვენი მშობლები მეგობრობდნენ და ჩვენ ერთმანეთი მოვნახეთ. ინგუშები ყოფილან დაყოფილი ტომებად და ყველაზე დიდი ტომი არის სახელწოდებით ქართველი. გამაოცა ამან. ალბათ, ქართველები გამუსლუმანდნენ თუ ქისტები დაეწერნენ ქართველებად, გამოსაკვლევია.

თითქოს ნახევარი მოსახლეობისა გასული ქვეყნიდან. ისინი დაბრუნდებიან თუ არა, ეს ჯერ კიდევ საკითხავია. ყოველმა გვარმა უნდა იცოდეს თავისი გვარის ისტორია, თავისი გვარის წარმოშობა. უნდა ვიცოდეთ ვის უჭირს, შეიქმნას ფონდი და უნდა დავეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანებს.

მინდა ყურადღება მივაქციო კიდევ ერთ ფაქტს. გამიგონია ძველი ხალხისგან, რომ ქართველი ადამიანი ოცნებობდა, რომ ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება თუ ერთი დღის სახნავ-სათესი მექნებაო. დღეს გვაქვს ჩვენ მიწები გადმოცემული და ვამუშავებთ მათ. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა დაცლილია ესა თუ ის საკარმიდამო“ – აღნიშნა კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ.

ბაჩანა ჯინჭარაძე

Share