Home » ეკონომიკა » II კვარტალში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 234.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

II კვარტალში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 234.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის II კვარტალში 234.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 2.6 პროცენტით ნაკლებია. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება სააქციო კაპიტალის შემცირება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში და სასესხო ვალდებულების დაფარვა.

2021 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა: პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 77.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32.9 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ნიდერლანდები – 31.5 მლნ. აშშ დოლარით (13.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე ჩეხეთი – 30.8 მლნ. აშშ დოლარით (13.2 პროცენტი).

2021 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 82.0 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 35.0 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი – 65.2 მლნ. აშშ დოლარით (27.8 პროცენტი), ხოლო მესამეზე – დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 46.5 მლნ. აშშ დოლარით (19.9 პროცენტი).

Share