Home » ეკონომიკა » იანვარ-თებერვალში ექსპორტი 27%-ით გაიზარდა
იანვარ-თებერვალში ექსპორტი 27%-ით გაიზარდა

იანვარ-თებერვალში ექსპორტი 27%-ით გაიზარდა

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 18 %-ით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნულმა სასამხურმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ 2017 წლის იანვარ-თებერვლის წინასწარი მონაცემები გამოქვეყნა, რომელის თანახმადაც, 2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1423 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 18 პროცენტით მეტია.

აქედან, ექსპორტი 356 მლნ. აშშ დოლარი იყო (27 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1067 მლნ. აშშ დოლარი (15 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-თებერვალში 712 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50 პროცენტი შეადგინა.

„საქონლით საგარეო ვაჭრობის შესახებ ინფორმაციის ძირითად ადმინისტრაციულ წყაროს წარმოადგენს სატვირთო-საბაჟო დეკლარაციების მონაცემთა ბაზა, რომელსაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) ყოველთვიურად იღებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურიდან. საქსტატი, საერთაშორისო მეთოდოლოგიის საფუძველზე, ახორციელებს მიღებული ინფორმაციის დამუშავებას და შესაბამისად, საქონლით საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის წარმოებას.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოში მიმდინარეობს C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში მკურნალობის კომპონენტით განსაზღვრული მედიკამენტებით პროგრამის მოსარგებლეთა უზრუნველყოფა ხორციელდება უსასყიდლოდ. საქართველოს საბაჟოზე მედიკამენტების დეკლარირებისას მათი საბაჟო ღირებულება განისაზღვრება ექსპერტიზის მიერ გაკეთებული შეფასების საფუძველზე. 2016 წლის ბოლოს, საგარეო სექტორის სტატისტიკის ტექნიკური დახმარების ფარგლებში, საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, რომლის მიზანს წარმოადგენდა საქსტატისა და საქართველოს ეროვნული ბანკისთვის დახმარების გაწევა, საგარეო სექტორის სტატისტიკის წარმოებისა და გავრცელების გაუმჯობესებაში.

მისიის მიერ რეკომენდებულ, ერთ-ერთ პრიორიტეტულ ქმედებად განისაზღვრა C ჰეპატიტის მედიკამენტების საიმპორტო ღირებულების მონაცემების კორექტირება პარტნიორი ქვეყნის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. აღნიშნული ხელს შეუწყობს მონაცემების შესაბამისობის უზრუნველყოფას საქონლით საგარეო ვაჭრობასა და საგადასახდელო ბალანსში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო სამსახურიდან მოწოდებულ ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქსტატმა მოახდინა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტის ღირებულების კორექტირება საინვოისო ღირებულების შესაბამისად, სავალუტო ფონდის რეკომენდაციის საფუძველზე. გადაანგარიშებამ მოიცვა 2015-2016 წლები, პერიოდი C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დაწყებიდან დღემდე და შესაბამისად დაკორექტირდა მთლიანი იმპორტის, საგარეო
სავაჭრო ბრუნვისა და სავაჭრო ბალანსის მონაცემები.

მონაცემთა გადაანგარიშება/დაზუსტება უზრუნველყოფს სტატისტიკურ მონაცემთა შესადარისობას საერთაშორისო დონეზე. დაზუსტება განხორციელდა საქსტატის სტატისტიკურ მონაცემთა გადასინჯვის პოლიტიკის შესაბამისად“, – ნათქვამია საქსტატის საინფორმაციო ფურცელში.

Share