Home » ფინანსები » იანვარ-მარტში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 773.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

იანვარ-მარტში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 773.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 773.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.3%-ით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 820.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (5.2 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 1 952.6 მლნ. აშშ დოლარს (2.4%-ით ნაკლებია).

ინფორმაციის თანახმად, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარ-მარტში, 1 131.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8%.

რაც შეეხება, 2021 წლის იანვარ-მარტში, ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 76.7% შეადგინა.

„უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (109.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (109.5 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (104.6 მლნ. აშშ დოლარი).

2021 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 72.2% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (419.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (329.8 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (292.6 მლნ. აშშ დოლარი).

2021 წლის იანვარ-მარტში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 158.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 19.4%-ს შეადგენს.

მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 86.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 10.5%), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 83.7 მლნ. აშშ დოლარით (10.2%)“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

Share