Home » ეკონომიკა » იანვარ-ივნისში ღვინის ექსპორტი 59%-ით გაიზარდა
იანვარ-ივნისში ღვინის ექსპორტი 59%-ით გაიზარდა

იანვარ-ივნისში ღვინის ექსპორტი 59%-ით გაიზარდა

2017 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 31,5 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, მონაცემები გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს 59%-ით აღემატება.

მათივე განმარტებით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 70,5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

”2017 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 59%-ით გაიზარდა. 51%-ით მოიმატა ღვინის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავლებმა, გაზრდილია საექსპორტო ქვეყნების გეოგრაფია. ექსპორტი გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნების, ჩინეთის, აშშ-ს და სხვა ბაზრების მიმართულებით, რაც ღვინის ეროვნული სააგენტოსა და კერძო სექტორის შეთანხმებული საქმიანობისა და ერთობლივად დაგეგმილი მარკეტინგული ღონისძიებების შედეგია“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი – 104% (3 842 412), რუსეთი – 89% (19 313 343), უკრაინა – 30%(2 983 000), პოლონეთი – 13% (1 212 704), ლატვია – 19% (685 508), ბელარუსი – 43% (660 674), გერმანია – 20% (200 440), აშშ – 43% (176 274), ისრაელი – 150% (105 710), საფრანგეთი – 457% (95 530), აზერბაიჯანი – 241% (87 402) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი – 19 313 343, ჩინეთი – 3 842 412, უკრაინა – 2 983 000, პოლონეთი – 1 212 704 და ყაზახეთი -1 163 827 ბოთლი.

ამასთან, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 6 858 734 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 85%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 16 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი – მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 88%-ს აღწევს.

სამინისტროს ცნობით, საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 89 910 ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 110% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 245,6 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 52%-ს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 122,14 მლნ აშშ დოლარს შეადგენს – ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 56% შეადგინა.

Share