Home » ეკონომიკა » „ჰესოფობია თუ არ დასრულდება, ეკონომიკაში სერიოზული პრობლემები გვექნება” – გიორგი ცუცქირიძე

„ჰესოფობია თუ არ დასრულდება, ეკონომიკაში სერიოზული პრობლემები გვექნება” – გიორგი ცუცქირიძე

“ჰესოფობია თუ არ დასრულდება, ეკონომიკაში სერიოზული პრობლემები გვექნება”, – ამის შესახებ ეკონომიკის საკითხების ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ცუცქირიძემ  განაცხადა.

ცუცქირიძე „ნამახვანჰესის” ირგვლივ განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა.

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული პერიპეტიები ძალიან აქტუალურია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა ვეცადოთ, ამ თავისებური, მოჯადოებული წრიდან გამოვიდეთ.

გასაგებია, რომ „ნამახვანჰესი“ მცირე ზომის ჰესი არ არის, ეს არის საკამოდ დიდი ჰესი, თავისი დადგმული სიმძლავრეებით. შეიძლება, მის ტექნიკურ-ეკონომიკურ პარამეტრებზე, სეისმურ მაჩვენებლებზე, ეკოლოგიურ რისკებზე, მდგრადობის რისკებზე გარკვეული კითხვებიც იყოს. ბუნებრივიცაა, როცა ეს კითხვები ისმება. მაგრამ თემა რა არის – კომუნიკაციის პრობლემაზეცაა საუბარი, თავადაც მქონია შენიშვნები, რომ უფრო აქტიური კომუნიკაცია უნდა ყოფილიყო საზოგადოებასთან, რათა ბევრი კითხვა მოხსნილიყო.

მას შემდეგ, რაც საპარლამენტო მოსმენა ჩატარდა, სადაც ეკონომიკის მინისტრიც იყო მიწვეული, მოხდა ის, რომ სახელმწიფო ყველა თანმხვედრ ნაბიჯზე წავიდა. ფაქტობრივად, როგორც მაღალი კაშხლის მშენებლობა, ისევე ნებისმიერი სერიოზული მშენებლობის პროცესი შეჩერდა მანამ, სანამ დამტებით ექსპერტული შეფასებები არ იქნება. ეს ეხება ეკოლოგიას, მდგრადობას, სეისმოლგოიურ პარამეტრებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკმაოდ მაღალი დონის დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შეიქმნა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც დამატებით ექსპერტიზას ჩაატარებენ. მხოლოდ ამის შემედეგ გადაწყდება ჰესის მშენებლობის საკითხი, ზოგადად, მშენებლობის გარკვეული კორექტირების საკითხები.

ამ შეთავაზების ფონზე, მეორე მიტინგი იმართება ქუთაისში, სადაც მინისტრის გადადგმომის მოთხოვნაა დაყენებული. ეს ხომ ცოტა უცნაურია? ეს ყველაფერი გასაგები იქნებოდა, რომ არ დათანხმებულიყო მთავრობა, ეკონომიკის სამინისტრო, რომ არ მომხდარიყო ბევრი პარამეტრის გადასინჯვა. ასევე, ვიცით, რომ დამატებითი ვალდებულებების აღებაც ხდება, სპეციალური ფონდი იქმნება ხეობის განვითარებისთვის.

ამ მიტინგებზე დგას წმინდა პოლიტიკური მოტივი – მინისტრის გადადგომის მოთხოვნა. აქაც ჩანს, რომ ეს პროცესი წმინდა ენთუზიასტების, არასამთავრობოების დონიდან გასულია“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, ქვეყანამ თავის ჰიდრორესურსები უნდა გამოიყენოს.

„ქვეყანაში 100-მდე ჰესია შეჩერებული. თუ გვინდა, ადგილობრივი წარმოება, ექსპროტჩანაცვლებადი ეკონომიკა გვქოდეს, ჩვენ მაღალი დივერსიფიცირებული ენერგეტიკაც გვჭირდება. ამ კუთხით 100 ჰესის შეჩერება აღარაა კონკრეტულად „ნამახვანჰესთან“ განსახილველი საკითხი.

გასაგებია, რომ ეს მსხვილი ჰესია, მაგრამ იქ ხომ არის მცირე, საშუალო ჰესები? აქაც ხომ არ დგას იმავე აქტუალობით თუნდაც ეკოლოგიური, მდგრადობის პრობლემები? ცოტა საეჭვოა, რამდენადაა ეს პროცესი მხოლოდ ენთუზიასტების, თუნდაც პატრიოტი ადამიანების დონეზე მართული. ამას უფრო გარედან მართვის საკმაოდ არასასურველი ელემენტები უნდა ახლდეს. ვიცით, რომელი ქვეყანაა დაინტერესებული, რომ საქართველოს ენერგეტიკა სხვა ქვეყნებზე იყოს დამოკიდებული, მათ შორის, ვგულისმობ რუსეთს. ეს ჰესოფობია ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.

ყველა ქვეყანა, რომელმაც თანამედროვე ეკონომიკა შექმნა, თავის ენერგეტიკას აგებდა იმ რესურსების ბაზაზე, რითაც ეს ქვეყანა მდიდარია. ჩვენს შემთხვევაში ვხედავთ, რომ ჰიდრორესურსების გამოუყენებლობა, ობიექტური ფაქტორების გარდა, წმინდა სპეკულაციური ფაქტორებითაცაა ნაკარნახევი.

ჰიდრორესრუსების გამოუყენებლობა ქვეყნის მომავლის წინაშე დანაშაულია. ქვეყანამ უნდა გამოიყენოს თავისი ჰიდრორესურსები იმისათვის, რომ მისი ეკონომიკა იმ ტენდენციების თანმდევი იყოს, რომელიც მსოფლიო ეკონომიკას აქვს. ჩვენ არა მარტო ეკონომიკა უნდა მოვამარაგოთ სათანადო ელექტროენერგიით, არამედ ენერგიის გაყიდვაც უნდა შევძლოთ. როცა უხვი წყლის მარაგებია, ელექტროენერგიის მეტი ექსპორტი უნდა შეგვეძლოს.

ჩემი შეხედულებით, დღეს ჰესოფობია თუ არ დასრულდება, ეკონომიკაში სერიოზული პრობლემები გვექნება“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებამ საზოგადოებასთან აქტიური დიალოგი უნდა გააგრძელოს.

„ხელისუფლებამ უფრო აქტიური, პროპაგანდული პოლიტიკა უნდა აწარმოოს. მიუხედავად იმისა, რომ მისი პირველი შეთავაზება, სამწუხაროდ, არ მიიღო მეორე მხარემ, საზოგადოებასთან აქტიური დიალოგი უნდა გაგრძელდეს.

რაც შეეხება იმას, რომ თბილისშია დაანონსებული მიტინგები, ეს გარკვეული პოლიტიკური ძალების ჩართულობით წმინდა პოლიტიკური პროცესია. ოპოზიცია და, პირველ ყოვლისა, „ნაციონალური მოძროაბა“ ამ ფაქტორის გამოყენებას პოლიტიკური დუღილის ტემპერატურის ასაწევად მაქსიმალურად ცდილობს. ვხედავთ, ამ ფაქტორის გადატანას, მიბმას იმ პოლიტიკურ პროცესთან, რომელიც დაკავშირებულია რადიკალიზაციასთან, საპარლამენტნო ბოიკოტთან, კომპრომისის მიუღებლობასთან, ამხელა საერთაშორისო დონის მედიაციის ჩაშლასთანაც კი“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

შეგახსნებეთ, ქუთაისში ლოზუნგით – “არა გიგანტურ ჰესებს” კიდევ ერთი მასშტაბური აქცია გუშინ გაიმართა. სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩასულმა მოქალაქეებმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა და პოლიტიკოსებმა “ნამახვანჰესის” მშენებლობა გააპროტესტეს.

მათი თქმით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების ყველანაირი რესურსი ამოიწურა, ამიტომ, მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება –კომპანია “ენკამ” მუშაობა შეაჩეროს. აქციის მონაწილეებმა ეკონომიკის მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. როგორც მათ განაცხადეს, ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ და პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ჰესის მშენებლობა არ შეჩერდება.

Share