Home » საზოგადოება » ჰესებით გამოწვეული საფრთხე – მითი თუ რეალობა
ჰესებით გამოწვეული საფრთხე - მითი თუ რეალობა

ჰესებით გამოწვეული საფრთხე – მითი თუ რეალობა

ბოლო პერიოდში გამძაფრდა დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად საფრთხის შემცველია ჰესების მშენებლობა, რაც საზოგადოების პროტესტისა და შიშის ფონზე კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთა. კერძოდ, მოსახლეობის რაღაც ნაწილი აპროტესტებდა სვანეთში დაგეგმილი ჰესების მშენელობას, მათ შორის ,,მესტიაჭალა ჰესის’’, რომლის შესახებაც მემორანდუმი 2014 წელს გაფორმდა, ხოლო მშენებლობა 2015 წელს დაიწყო. მათი აზრით, ჰესების მშენებლობა სვანეთში აზიანებს მოსახლეობას, ამცირებს ტურისტულ პოტენციალს და ანადგურებს კულტურულ მემკვიდრეობას. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ჰესის აშენება ღვარცოფულ პროცესებს გაააქტიურებს. ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ საფრთხეები არ არსებობს და ეს იქნება მცირე, ე.წ. მწვანე ჰესი.

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით ჰესების მშენებლობა ეკონომიკის განვითარებისთვის ერთ-ერთი ფუნდამენტური წერტილია, თუმცა მოსახლეობის ინტერესი ამ შემთხვევაშივ გათვალისწინებული უნდა იყოს.

“უნდა აღვნიშნოთ პირველ რიგში, რომ ენერგეტიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დარგია. თუ ენერგეტიკაში განვითარება არ უსწრებს წინ ეკონომიკის განვითარებას, ის შეიძლება ეკონომიკური განვითარების ბარიერადაც კი იქცეს. მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი მნიშვნელოვანია და ის დგას ყველაფერზე უფრო მაღლა. აქედან გამომდინარე, საჭიროა დამატებითი კომუნიკაცია მოსახლეობასთან.’’ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ზემოთ აღნიშნული ვთარების გამო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მესტიის მოსახლეობის იმ ჯგუფს შეხვდა, რომელთაც კითხვები აქვთ “მესტიაჭალაჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებით.ასევე მოეწყო „მესტიაჭალა ჰესის“ გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის საჯარო განხილვა. შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ექსპერტები, ინვესტორი კომპანიის და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ჰესის მშენებლობა მიმდინარეობს დარგში არსებული თანამედროვე ტექნიკური მიღწევების სრული გამოყენებით, წყალსაცავის მოწყობისა და მდინარის დაგუბების გარეშე, სადაწნეო მილსადენის პრინციპით.

,,მე მუდმივ კომუნიკაციაში ვარ მესტიელებთან, პირადად არაერთხელ ვიყავი ჩასული მესტიაში და შევხვდი მოსახლეობას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თითოეული პროექტი, რომელიც ხორციელდება ჰიდრორესურსების ათვისების მიმართულებით, მშენებლობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე გადის რამდენიმე საფეხურს. მე ვიცი, რის საფუძველზე გადავიდა „მესტიაჭალაჰესი“ მშენებლობის ეტაპზე და კიდევ ერთხელ, დეტალურად ავუხსნი ამას მესტიელებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები რაციონალურად შეხედავენ ამ ინფორმაციას“ – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

„მესტიაჭალა ჰესი1“-ის და „მესტიაჭალა ჰესი 2“-ის დადგმული სიმძლავრე შეადგენს 50 მგვტს, საერთო გამომუშავებით 170 მლნ.კვტ.სთ. პროექტების საინვესტიციო მოცულობა 65 მლნ. აშშ დოლარია. ჰესების მშენებლობას სს „სვანეთი ჰიდრო“ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, გარემოზე მინიმალური ზემოქმედების გათვალისწინებით ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოებზე (სხვადასხვა ეტაპებზე) 300 ადამიანია დასაქმებული, ხოლო მშენებლობის შემდეგ ჰესზე მუდმივად დასაქმდება 15 ადამიანი.

აქ წარმოდგენილ გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტთან დაკავშირებით ,,მწვანე ალტერნატივაში’’ აცხადებენ რომ “მესტიაჭალა ჰესის” ანგარიში დაკოპირებულია და რეალურად არ ასახავს იმ საფრთხეებს, რაც შეიძლება ჰესის აშენებას მოჰყვეს.

აქვე მწვანე ალტერნატივის წარმომადგენელი, დათო ჭიპაშვილი ამბობს, რომ ზოგადად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურების აშენებაზე აქცენტის გაკეთება არასწორია. მისი თქმით, აღნიშნული ხელს უშლის ელექტრო-ენერგოსექტორის დივერსიფიცირებას.

“ჩვენი ელექტრო სექტორის 80% არსებულ ჰიდროელექტროსადგურებზეა დამოკიდებული. არსებული პოლიტიკით კიდევ ვზრდით ამ პროცენტს და აქცენტს ვაკეთებთ მხოლოდ ჰიდრორესურსებზე”. – აცხადებს დათო ჭიპაშვილი.

ჰესების მშენებლობის აუცილებლობასა და სარგებელზე საუბრობენ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოცაციაში’’ აცხადებენ, რომ მესტიაჭალა ჰესის გარემოზე ზემოქმედება პრაქტიკულად მინიმუმამდე არის დაყვანილი, ხოლო ზოგადად ჰესების მშენებლობა ენერგოსექტორის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

,,მესტიაჭალა ჰესის ექსპლუატაციაში გაშვება 50 000 ოჯახის უწყვეტ ელექტრომომარაგებას ნიშნავს. ჰესის მშენებლობა უკვე 1 წელია მიმდინარეობს და როგორც ვიცით ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან არანაირ წინააღმდეგობას ადგილი არ ქონია. დღეს მოსახლეობის გარკვეული ჯგუფის მხრიდან პროტესტი შეკითხვებს აჩენს. ნებისმიერი ახალი ჰესის მშენებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ენერგოსექტორის განვითარებისთვის. რაც შეეხება უშუალოდ მესტიაჭალა ჰესის მშენებლობას უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ჰიდროელექტროსადგური მოდინებაზე მუშაობს და, შესაბამისად, მისი გარემოზე ზემოქმედება პრაქტიკულად მინიმუმამდე არის დაყვანილი.’’- განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

მიუხედავად განახლებადი ენერგიის სხვა წყაროების პოპულარობისა, ჰიდრორესურსები მსოფლიოში გამოყენებადი და განახლებადი ენერგიის პოპულარულ წყაროდ რჩება. 2015 წლის მონაცემებით, ჰიდროელექტროსადგურებმა მსოფლიოში წარმოებული ელექტროენერგიის თითქმის 17% აწარმოა ანუ განახლებადი წყაროების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 70%.

მარიამ აბრამიშვილი

Share