Home » საზოგადოება » „ჰესები შენდება ყველგან და საფრთხეებსაც რაღაცას უხერხებენ, ჩვენთან რატომ ვერ უნდა მოხერხდეს ეს?!“

„ჰესები შენდება ყველგან და საფრთხეებსაც რაღაცას უხერხებენ, ჩვენთან რატომ ვერ უნდა მოხერხდეს ეს?!“

„ჰესები შენდება ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობაა და საფრთხეებსაც რაღაცას უხერხებენ, ჩვენთან რატომ ვერ უნდა მოხერხდეს ეს?“, – ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრის „მსოფლიოს გამოცდილება საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა მურმან მარგველაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ენერგიის მზარდი მოთხოვნილებაა, ამის დასაკმაყოფილებლად კი, არასაკმარისი გენერაციის ობიექტებია. ქვეყანას აქვს საჭირო რესურსები, რისი ათვისებაც ვერ ხდება. რესურსების რა ნაწილი გვაქვს ათვისებული და კიდევ რისი ათვისებაა შესაძლებელი, მურმან მარგველაშვილის თქმით, ეს კარგად შესასწავლია.

„რა პროექტებიც გვაქვს ზოგი გაჩერებულია. რესურსები ასე კარგად დათვლილი არ არის. ათვისებული გვაქვს სადღაც 20-30%, საუბარია ჰიდრორესურსებზე“,- აღნიშნა მურმან მარგველაშვილმა.

რაც შეეხება ჰესების მშენებლობის საკითხს, მურმან მარგველაშვილის თქმით, გარემოზე ზემოქმედებას ნებისმიერი მშენებლობა ახდენს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანა არ უნდა განვითარდეს. ნებისმიერი საფრთხისგან დაცვა შესაძლებელია. მთავრობას კი, მეტი კომუნიკაცია სჭირდება მოსახლეობასთან.

„მთავრობას უნდა ჰქონდეს სწორი მიმართება პროფესიული სისტემების აშენებაში. შესაბამისი კვლევების, შესაბამისი საინჟინრო სკოლა უნდა იყოს, რომელსაც ექნება ნდობა და დაგვიცავს ამ დაპირისპირებისგან.

ჰესები შენდება ყველგან, მსოფლიოში, სადაც ამის შესაძლებლობაა და ყველგან საფრთხეებს რაღაცას უხერხებენ, ჩვენთან რატომ ვერ უნდა მოხერხდეს?!- ეს ცოტა არ მესმის. ყველაფერს მოევლება, ყველა საფრთხეს აქვს თავისი წამალი, ადრე შეტყობინების მექანიზმები, გათვლები და ა.შ.

არ მგონია, მსოფლიოში გამორჩეული ვიყოთ იმით, რომ ჩვენთან ყველაზე მეტია საფრთხე. ბუნებას დააზიანებს, ეს ცნობილია, ბუნებას სახლიც აზიანებს, ხიდიც და გზაც, მაგრამ ეს არ არის იმის არგუმენტი, რომ ჩვენ არ უნდა განვვითარდეთ.

ენერგია არის საზოგადოების მთავარი მამოძრავებელი, განვითარების შესაძლებლობა, ახალი ტექნოლოგიები და ა.შ. განახლებად ენერგიაზე იქნება ჩვენი მრეწველობა. ბევრი პოტენციალია“, – აღნიშნა მურმან მარგველაშვილმა.

მისი განცხადებით, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით უნდა იყოს დიალოგი და არა ორი მხარის მონოლოგი.

„ამას თუ ვერ შევძლებთ, არაფერი გამოვა. ყველა მხარემ ქვეყნის ინტერესები უნდა დააყენოს წინ“, – აცხადებს მურმან მარგველაშვილი.

„ბიზნესპარტნიორი“

Share