Home » ფინანსები » „ჰაიდელბერგ ჯორჯია“ 30 000 ლარით დაჯარიმდა

„ჰაიდელბერგ ჯორჯია“ 30 000 ლარით დაჯარიმდა

1-ელი ივნისიდან ამოქმედებული გარემოსადცვით რეგულაციებთან შეუსაბამობის გამო „ჰაიდელბერგ ჯორჯია“ 30 000 ლარით დაჯარიმდა. 10 000 ლარი კომპანიამ უკვე გადაიხადა, დარჩენილ ჯარიმაზე კი საქმე სასამართლოში ამ დრომდე მიმდინარეობს.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის იურიდიული დირექტორი განმარტავს, ჯარიმა არასამართლიანია, რადგან კერძო სექტორმა ახალი კანონმდებლბის აღსრულება შესაბამისი დოკუმენტების დაგვიანებით გამოქვეყნების გამო ვერ შეძლო.

„კერძო სექტორი ახალ გარემოდაცვით რეგულაციებს მოუმზადებელი შეხვდა. ტექნიკური რეგლამენტი დაგვიანებით გამოქვეყნდა. შემდეგ ამას მოჰყვა ელექტრონული თვითმონტორინგის აღრიცხვის სისტემის მონაცემების გამოქვეყნება მაისის ბოლოს და რეგლამენტი ძალაში შევიდა 1-ელ ივნისს. შეუძლებელი იყო, რომ ამ ყველაფერს მომზადებულები შევხვედროდით. თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ტენიკური რეგლამენტის ამოქმედებისთანავე კანონთან შესაბამისობაში ვერ მოვიდოდით. ასეც მოხდა. ვერავინ მოახერხა მოწყობილობების დროულად დამონტაჟება.

სწორედ ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე უნდა მოგვეძია მომწოდებლები, უნდა ყოფილიყო ფასთა გამოკითხვა, შერჩეულიყო ერთი. ამის შემდეგ უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება, მოწყობილობა ადგილზე ხომ უნდა ჩამოვიდეს? საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. როგორც წესი, ასეთი მოთხოვნების დროს რამდენიმე თვიანი მოსამზადებელი პერიოდი ეძლევათ მწარმოებლებს, თუმცა ამ შემთხვევაში ასე არ მოხდა.

იმდენად ძვირადღირებულ დანადგარებზეა საუბარი, მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე ვერ დავიწყებდით შეძენის პროცესს. ახლა ამ რეალობის წინაშე ვართ, შევიძინეთ ძალიან ძვირადღირებული მოწყობილობები და პარალელურად დავჯარიმდით კიდეც. ჯარიმა თითოეულ ობიექტზე 10 000 ლარი იყო, ჯამში ჩვენს სამივე ობიექტზე ერთად 30 000 ლარი გამოვიდა. მოწყობილობების შეძენა კი ჩვენს კომპანიას 1 000 000 ლარამდე დაუჯდა“,- აღნიშნა ქეთი წერეთელმა.

Business-partner.ge

Share