Home » ბიზნესი » GWP გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის მოდერნიზაციაში 60 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს
GWP გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის მოდერნიზაციაში 60 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს

GWP გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის მოდერნიზაციაში 60 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფორმაციით კომპანია მიმდინარე წელს გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის მოდერნიზაციაში 60 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. ამის თაობაზე GWP – ის ოპერაციების მართვის დირექტორმა მამუკა კიკალიშვილმა და ინვესტიციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა გურამ ახვლედიანმა სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრეს.

როგორც მამუკა კიკალიშვილმა მედიასთან კომუნიკაციისას აღნიშნა, გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის მოდერნიზაცია უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტია, რამდენადაც ის სტრატეგიული მნიშვნელობის რთულ საინჟინრო ობიექტს წარმოადგენს. „გამწმენდი ნაგებობა  ქალაქის კომუნალური წყლების გაწმენდას და  გაწმენდილი წყლების ბუნებაში დაბრუნებას უზრუნველყოფს. კომუნალური წყლების გაწმენდა კომპლექსური, რამდენიმესაფეხურიანი პროცესია, რომლის შედეგად ჩამდინარე წყლები გარემოსთვის უსაფრთხო ხდება“, –  განაცხადა მან.

გურამ ახვლედიანის თქმით, აღნიშნულ პროექტში GWP უპრეცენდენტო მოცულობის, 60 მლნ ლარის ინვესტირებას ახდენს და ეს 2018 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ დაგეგმილი განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება.

როგორც პრეს-კონფერენციაზე GWP -ის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ნინო სულხანიშვილმა განაცხადა, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, გარდაბნის გამწმენდ ნაგებობაში კომუნალური წყლების გაწმენდა  ევროდირექტივებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით მოხდება. შედეგად შემცირდება გარემოზე ზემოქმედება და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მდინარეების ეკოლოგიური მდგომარეობა, რაც საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული მთავარი მიზნების მიღწევაში დაეხმარება.

გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის მოდერნიზაციისას ჩასატარებელ ძირითად სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიული კომპანია სტრაბაგი ახორციელებს, რომელიც მსოფლიოს 80 ქვეყანაში ოპერირებს. გარდაბნის სარეაბილიტაციო პროექტსზედამხედველობას უწევს გერმანული კომპანია შლეგელი. რეაბილიტაციის პროცესში   200 სპეციალისტი დასაქმდება.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაციას ნიდერლანდების განვითარების ბანკისა (FMO) და გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოებისგან (DEG)  მიღებული გრძელვადიანი სესხის ნაწილით აფინანსებს.

GWP -ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კომპანიის მიერ მსგავსი ტიპის სტრატეგიული საინვესტიციო პროექტების განხორციელება ხელს უწყობს,  ერთის მხრივ  ქვეყნის გრძელვადიანი მიზნების მიღწევას, მეორეს მხრივ –  მომსახურების სერვისის გაუმჯობესებას.

Share