Home » ბიზნესი » GWP გაიყიდა – საკონტროლო პაკეტს ესპანური კომპანია Aqualia ყიდულობს

GWP გაიყიდა – საკონტროლო პაკეტს ესპანური კომპანია Aqualia ყიდულობს

„ბაზარზე მაღალი კვალიფიკაციის მქონე კომპანიის შემოსვლა ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას“, – ასე აფასებს სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორი გიგა ნადირაძე 2021 წლის ერთ-ერთ უმსხვილეს ბიზნეს გარიგებას, რომლის მიხედვითაც Georgian Water and Power-ის საკონტროლო პაკეტს ესპანური კომპანია Aqualia ყიდულობს.

მისი თქმით, წყალმომარაგების სექტორში კვალიფიციური კადრების დეფიციტია, რაც თავის მხრივ ზეგავლენას ახდენს ოპერირების და დაგეგმარების ხარისხზე. აქედან გამომდინარე, გიგა ნადირაძე ფიქრობს, რომ პროფილურ კომპანიას, რომელიც წყალმომარაგების სექტორზეა ორიენტირებული, აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არსებული მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვალოს.

 „საქართველოში წყალმომარაგების სექტორში ზოგადად კვალიფიციური კადრების დეფიციტია, რაც თავის მხრივ ასახვას პოვებს არსებული მომსახურების სტანდარტზე. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ბაზარზე მაღალი კვალიფიკაციის მქონე კომპანიის შემოსვლა ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. ამავდროულად Aqualia-ს შემოსვლა მხოლოდ კონკრეტული წყალმომარაგების სისტემებისთვის არა იქნება სარგებლის მომტანი, ეს ერთგვარი შესაძლებლობა იქნება სხვა არსებული წყალმომარაგების კომპანიებისთვის, რადგან მათ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების და მომასხურე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა ექნებათ. წინასწარი მოლოდინები პოზიტიურია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი საქართველოს ბაზარზე შემოსვლით, სისტემებში არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, – აცხადებს გიგა ნადირაძე „კომერსანტთან“ საუბარში.

 სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორი გვიყვება, რომ მარეგულირებელმა კომისიამ 2020-ში GWP-ს წყალმომარაგების ტარიფი სამი წლის ვადით დაუდგინა. შესაბამისად, მისი განმარტებით, აღნიშნული ტარიფი 2021-22 და 2023 წლებში იმოქმედებს. როგორც გიგა ნადირაძე ამბობს, უცხოური კომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა ტარიფების ცვლილებას არ გამოიწვევს და Aqualia 2023 წლის ჩათვლით ოპერირებას მოქმედი ტარიფების მიხედვით განახორციელებს.  კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ნადირაძე „კომერსანტთან“ საუბრობს, საინვესტიციო ვალდებულებებია. როგორც ის ამბობს, მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ იქნება წყალმომარაგებაზე პასუხისმგებელი, ვალდებულების შესრულება ყველა კომპანიას მოუწევს.

 „შეხება გვაქვს ისეთი ტიპის აქტივებთან, რომელიც მოძველებულია და საჭიროებს საინვესტიციო პროექტების დაგეგმარებას, შესაბამისი პრიორიტეტების განსაზღვრას და მათ განხორციელებას. რა საინვესტიციო ვალდებულებებიც GWP-ს აქვს, იგივე ექნება Aqualia-ს. ეს ძირითადად გამოწვეულია არსებული მომსახურების სტანდარტის გაუმჯობესებით. მარეგულირებელი კომისია თავის რეგულაციებს ყოველთვის არსებულს გამოწვევებს არგებს და ნებისმიერ ლიცენზიანტს ამ გამოწვევების იმპლემენტაციის ვალდებულება უჩნდება. ამ შემთხვევაში ლიცენზიანტი იქნება GWP თუ Aqualia, ამას არსებით მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი აზრით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იმ ქვეყნების უმეტეს ნაწილში სადაც Aqualia ოპერირებს, წყალმომარაგების სექტორი საქართველოს მსგავსად რეგულირდება დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის მიერ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ კომპანიისთვის მარეგულირებელი კომისიის მიდგომები და რეგულირების პრინციპები ცნობილია, რაც გაამარტივებს თანამშრომლობის პროცესს და ამავდროულად არანაირ უარყოფით ზეგავლენას არ მოახდენს საინვესტიციო პროექტების განხორციელებაზე“, – განმარტავს გიგა ნადირაძე.

 შეგახსენებთ, რომ გასული წლის 31 დეკემბერს „საქართველოს კაპიტალმა“ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო რომ 65% წილის გასხვისებას $180 მილიონ დოლარად დათანხმდა. თუმცა, ორ ეტაპიანი ბიზნეს გარიგება დარჩენილი 20%-ის გამოსყიდვასაც ითვალისწინებს. Aqualia ევროპაში მეოთხე უდიდესი წყალმომარაგების კომპანიაა, ხოლო მეცხრე მსოფლიოში. საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია, რუმინეთი – კომპანიას წყალმომარაგების სისტემებს 17 ქვეყანაში მართავს და 30 მლნ მომხმარებელს უწევს მომსახურებას. 2020 წელს კომპანიამ 1 188 მილიონი ევროს შემოსავალი მიიღო. Aqualia-ს წილის 51% citizen services group FCC-ს ეკუთვნის, ხოლო 49%  the Australian ethical fund IFM Investors-ს.

commersant.ge

Share