Home » საზოგადოება » GWP აბანოების მეპატრონეებს – არ გაბედოთ აბანოების დახურვა!
GWP აბანოების მეპატრონეებს - არ გაბედოთ აბანოების დახურვა!

GWP აბანოების მეპატრონეებს – არ გაბედოთ აბანოების დახურვა!

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ იურიდიული მრჩეველი იმედა დვალიძე გოგირდის აბანოების წარმომადგენლების განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ შპს „ნარიყალას“ დირექტორის ნოდარ ტოტოღაშვილის საჯარო გამოსვლა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა. მისი თქმით, გუშინ გავრცელდა გოგირდის აბანოების წარმომადგენლის განცხადება, სადაც იგი საპროტესტო აქციების გაგრძელებას აანონსებს და „ჯორჯიან უოოთერ ენდ ფაუერს“ ბრალს სდებს მათთვის წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემის მოხმარებისთვის უსამართლო ტარიფის დაწესებაში.

”მათი განცხადების თანახმად, თუ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მხრიდან, სამართლიანი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, მიმართავენ უკიდურეს ზომებს, რაც უარყოფითად აისახება აბანოების მუშაობაზე და გამოიწვევს მათ საბოლოოდ დახურვას. ვაცხადებ, რომ მსგავსი შინაარსის განცხადება არის ჩვეულებრივი შანტაჟი, რომელიც ემსახურება არა მხოლოდ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, არამედ დედაქალაქის მერიის, სემეკის და სასამართლოს მიმართ ზეწოლას. აბანოების წარმომადგენლებს მივმართავ საჯაროდ, მკაფიოდ და გასაგებად – არ გაბედოთ აბანოების დახურვა! – მსგავსი ქმედება, მაშინ, როცა დავა სასამართლოშია და დღე–დღეზე ჩანიშნულია მოსამზადებელი სხდომა, სხვას არაფერს ემსახურება, თუ არა შანტაჟსა და ზეწოლას. შანტაჟზე კი, როგორც წესი, მაშინ მიდიან, როცა არგუმენტები არ აქვთ“, – აცხადებს დვალიძე.

მისივე თქმით, აბანოების მეპატრონეები, ანუ ჩვეულებრივი კერძო ბიზნეს-სუბიექტები, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისგან“, ანუ ასეთივე ჩვეულებრივი კერძო სუბიექტისგან, უაპელაციოდ ითხოვენ მათთვის შეღავათიანი ტარიფის დაწესებას.

„ოპონენტი მხარის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისგან“ ელოდებიან სამართლიან გადაწყვეტილებას. მათ ვუპასუხებ, რომ კომპანიამ უკვე მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება, როცა მათ წყალარინების სისტემით სარგებლობაზე ზუსტად ისეთივე გადასახადი დაუწესა, რასაც იხდის აბსოლუტურად ყველა ბიზნეს–სუბიექტი დედაქალაქში, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე. კომპანიის ტარიფებს, რამდენადაც იგი ბუნებრივ მონოპოლისტს წარმოადგენს, არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი მენეჯმენტი გოგირდის აბანოებს სთხოვს ზუსტად ამ გადასახადის გადახდას, არც ერთი თეთრით მეტს“, – აცხადებს დვალიძე.

მისი თქმით, მართალია, ტოტოღაშვილი, როცა ამბობს, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მათ მხოლოდ დაგროვილი დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე ელაპარაკება.

”დიახ, ასეა, და ესეც კომპანიის კეთილი ნებაა გოგირდის აბანოების მეპატრონეთა მიმართ. ისინი ან უნდა დათანხმდნენ შეთავაზებულ პირობებს დავალიანების რესტრუქტურიზაციის თაობაზე, ან თავიანთი არგუმენტებით უნდა წარსდგნენ სასამართლოში, რომელსაც, სხვათა შორის, ჩვენ მივმართეთ და არა მათ. ყველა სხვა შემთხვევა, იქნება ეს საპროტესტო აქციები აბანოების მომსახურე პერსონალის ფონზე, აბანოების დახურვის მუქარა თუ სხვა, ბუნებრივია, როგორც აღვნიშნე, არის მხოლოდ და მხოლოდ შანტაჟის მცდელობა. ჩვენი კომპანია შანტაჟს არ ექვემდებარება, შანტაჟით გადაწყვეტილებები არ მიიღება. სიმართლე ერთია, ის ცხადია და ის არ არის გოგირდის აბანოების მეპატრონეთა მხარეზე. სწორედ, ამიტომაც გაურბის მას უარგუმენტო ოპონენტი მხარე და ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. კიდევ ერთხელ მივმართავ მათ, – დაბრუნდნენ სამართლებრივ სივრცეში, საკუთარი არგუმენტები (თუკი ასეთი გააჩნიათ) წარმოადგინონ სასამართლოში, თავი დაანებონ შანტაჟს და არ გაბედონ აბანოების დახურვა“, – აცხადებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ იურიდიული მრჩეველი, იმედა დვალიძე.

Share