Home » საზოგადოება » გვიდიანი: მიკერძოებული ორგანიზაციები დეზინფორმაციის გავრცელების გზით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას

გვიდიანი: მიკერძოებული ორგანიზაციები დეზინფორმაციის გავრცელების გზით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას

ძალიან კარგია ასეთი ტიპის შეხვედრების მოწყობა და ზოგადად, ასე ვთქვათ, კომუნიკაციის სივრცის გახსნა ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით. საზოგადოებაში არსებობს არასწორი განწყობა, არასწორი განცდა და არის დეზინფორმაციული კამპანიის ძალიან დიდი ნიაღვარი, რომელიც საბოლოო ჯამში საზოგადოებას არასწორ მოლოდინებს უყალიბებს ჰიდროენერგეტიკასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ექსპერტმა, ანდრია გვიდიანმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც „ნამახვანი ჰესის“ საკითხზე მსჯელობენ.

მისი თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა არის კომუნიკაციაში, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ე.წ. მწვანე არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა ტიპის მიკერძოებული ინტერესების მქონე ორგანიზაციები ხშირ შემთხევაში დეზინფორმაციის გავრცელების გზით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და აქედან გამომდინარე ხდება სწორედ ის, რომ ჰესების მიმართ არის რაღაცა გაუგებარი კამპანია.

„როდესაც ვსაუბრობ დეზინფორმაციაზე, როდესაც ვსაუბრობ ე.წ. ზემოთ ხსენებული მწვანე არასამთავრობოების განცხადებებზე, აქ არის კონკრეტული ფაქტები, არაერთხელ გადამოწმებული და შეფასებული, სადაც ეს ორგანიზაციები ცდილობდნენ ტყუილების თქმას, ისეთების, როგორებიც არის მაგალითად ისეთი გაუგებარი ტყუილები, რომ თითქოს თერგი დაშრა, თითქოს ეს რაღაცა ყბადაღებული მაინინგის თემა, თითქოს მაინინგის გამო არის ასე ვთქვათ ელექტროენერგიის მზარდი მოთხოვნა და ა.შ., რაც, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს.

საერთოდ არ არსებობდა ბიტკოინი, საერთოდ არ არსებობდა მაინინგი, მაგრამ მაინც იზრდებოდა ელექტროენერგიაზე მოთხოვნა და შესაბამისად ყოველწლიურად დადასტურებულია, რომ 5 პროცენტიანი ზრდა გვაქვს და უბრალოდ ამის გაგება არ უნდათ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ელ.ენერგიის მზარდი მოთხოვნის ფონზე ჩვენ აღმოვჩნდებით საკმაოდ დიდი პრობლემების წინაშე. ჩვენთან ასევე პრობლემაა ის, რომ დღეს დგას საკმაოდ არასწორად საკითხი, საერთოდ გვინდა თუ არა ჰესები ამაზე ვმსჯელობთ და არ ვმსჯელობთ იმაზე, როგორ გვინდა ამ ჰესების განვითარება.

მთავარი არის ის, რომ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ და უნდა იყოს კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენთვის ჰესების მშენებლობა და დიდი მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და მერე უნდა ვისაუბროთ იმ დეტალებსა და ტექნიკურ საკითხებზე უნდა მიდიოდეს თუ არა მსჯელობა თუ როგორ უნდა განვითარდეს, როგორ უნდა განხორციელდეს და ა.შ.

ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი რესურსი და ჰიდროპოტენციალი, რომელსაც, სამწუხაროდ, არ ვითვისებთ და მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი პრობლემა არის სწორედ ამ ჰიდროპოტენციალის ათვისებაში.

ფასებთან დაკავშირებით იყო ასევე ძალიან არასწორი ინტერპრეტაციები, იმპორტის ფასებთან დაკავშირებით და ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს სურთ წარმოაჩინონ, რომ თითქოს იმპორტირებული ენერგია უფრო იაფია და იმპორტირებულ ენერგიაზე დამოკიდებულება უფრო ხელსაყრელია საქართველოსთვის ვიდრე ადგილობრივი გენერაცია, რაც, რა თქმა უნდა, არ არის სწორი და მთავარია ის სწორედ დღის და პიკური საათების ტარიფები, რომელიც ჩვენ შემოგვაქვს იმპორტზე, რომელიც არის 7, 8, 9 ცენტი და ყოველწლიურად ასევე ეს საიმპორტო ტარიფებიც არის მზარდი, შესაბამისად 10 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ გვექნება უფრო დიდი ელექტროენერგიის მოთხოვნა, გაცილებით უფრო დიდი პრობლემის წინაშე ვიდგებით, როცა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში დაგვხვდება გაძვირებული საიმპორტო ელექტროენერგია და არანაირი საპირისპირო საშუალება არ გვექნება, რომ იმპორტირებულ ენერგიას თავი დავაღწიოთ.

აქედან გამომდინარე, მთავარია საზოგადოებაში შეიქმნას ისეთ ტიპის განცდა, კონსენსუსი, რომელიც იქნება სიმართლეზე დაფუძნებული და სწორედ ასეთი ტიპის განხილვები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ყოველ ჯერზე ვამხილოთ ის ტყუილები, რაც მოდის ე.წ. მწვანე არასამთავრობო ორგანიზაციების და ე.წ. გარემოს დამცველების მხრიდან“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

Share