Home » ეკონომიკა » გვენეტაძე – ტურიზმის აღდგენა თუ საერთოდ არ მოხდა, დღევანდელი შეფასებით, 2021 წლის ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 1%-ის ფარგლებში იქნება

გვენეტაძე – ტურიზმის აღდგენა თუ საერთოდ არ მოხდა, დღევანდელი შეფასებით, 2021 წლის ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 1%-ის ფარგლებში იქნება

სამწუხაროდ, 2020 წელს „კოვიდ-19“-ის პანდემიის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკა, ისევე როგორც გლობალური ეკონომიკა შემცირდა და ძირითადად, ეს გამოწვეული იყო კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობის გამო არსებულ შეზღუდვებზე, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, 2020 წელს წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკა 6.1 პროცენტით შემცირდა.

„შეიძლება ითქვას, რომ თავიდან, როდესაც დაიწყო პანდემია, შედარებით დაბალ ზრდას ვვარაუდობდით, მოგეხსენებათ, დაახლოებით 4 პროცენტი იყო, თუმცა ამ პანდემიის დამახასიათებელი არის ის, რომ გაურკვევლობა ძალიან დიდია და მოვლენების განვითარების ცვლილებაც ხდება. მოგეხსენებათ, პირველ ტალღას შემდგომ მეორე ტალღა მოჰყვა არა მარტო საქართველოში, არამედ ბევრ ქვეყანაში და მიუხედავად იმისა, რომ ვარდნამ, ფისკალურურმა სტიმულირებამ და დაკრედირების ტეენდენციამ შეარბილა, 2020 წელს წინასწარი მონაცემებით ეკონომიკა 6.1 პროცენტით შემცირდა“, – განმარტა სებ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, კობა გვენეტაძის ინფორმაციით, თუ წლის მეორე ნახევარში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუმჯობესდება და ამავე პერიოდიდან ტურიზმის სექტორი ეტაპობრივად აღდგენას დაიწყებს, მაშინ ცენტრალური ბანკი 2021 წელს ეკონომიკის ნაწილობრივ გაჯანსაღებას პროგნოზირებს.

„ზემოხსენებული ტენდენციების შენარჩუნებით, ანუ, თუ დავუშვებთ იმას, რომ ეპიდემილოგიური სიტუაცია გაუმჯობესდება და წლის მეორე ნახევარში ტურიზმის სექტორი ეტაპობრივად აღდგენას დაიწყებს, მაშინ 2021 წელს ეკონომიკის ნაწილობრივ გაჯანსაღებას ველოდებით დაახლოებით ოთხი პროცენტის ფარგლებში. ალბათ უფრო ქვემოდან მიუახლოვდება ამ ნიშნულს მაჩვენებელი. მაგრამ მდგენელები პანდემიის სამწუხაროდ ისევ დროდადრო გვთავაზობენ არასასურველ სიურპრიზებს და ის განვითარებები რაც ხდება, ნამდვილად არ არის კარგი. აქედან გამომდინარე, გვაქვს ასევე პესიმისტური გათვლებიც. პანდემიის მიმდინარეობის და გლობალურად არსებული შეზღუდვების გახანგრძლივების შემთხვევაში, თუ ასეთი რამ მოხდა, თუ კიდევ რაღაც ახალი მოხდა უარყოფითი ამ მიმართულებით გლობალურად, რომელიც გრკვეულწილად რა თქმა უნდა საქართველოშიც აისახება, ეს დააზარალებს ეკონომიკას, ეს გაახანგრძლივებს შეზღუდვებს, ეს კარგად არ იმოქმედებს მობილობაზე და აქედან გამომდინარე, ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესი შენელდება. ამ შემთხვევაში, თუ კიდევ გაუარესება მოხდა გლობალურად და საქართველოშიც, თუ საერთოდ არ მოხდა ტურიზმის აღდგენა, დღევანდელი შეფასებით, 2021 წლის ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 1 პროცენტის ფარგლებში იქნება“, – განაცხადა გვენეტაძემ.

Share