Home » ეკონომიკა » „გვაქვს შანსი, მომდევნო თვეებში 5%-იანი ეკონომიკური ზრდაც კი გვქონდეს, ეს ვაქცინაციაზე იქნება დამოკიდებული”

„გვაქვს შანსი, მომდევნო თვეებში 5%-იანი ეკონომიკური ზრდაც კი გვქონდეს, ეს ვაქცინაციაზე იქნება დამოკიდებული”

“გვაქვს შანსი, მომავალ თვეებში გავიდეთ საპროგნოზო, 4%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, შეიძლება –  მაღალზეც. გვაქვს შანსი, ზრდა 5%-იც კი გვქონდეს. ეს ვაქცინაციაზე იქნება დამოკიდებული”, – ამის შესახებ ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ცუცქირიძემ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება შეაფასა.

ვხედავთ ეკონომიკის პრობლემებს, მაგრამ პოზიტიური ტრენდიც არის. პირველად, გასულ წელთან შედარებით, მარტში 4 %-იანი ზრდა გვაქვს. ეს არის შეჯამება, ინდიკატორი იმისა, მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამა რამდენად ეფექტიანი ან არაეფექტანი იყო. ერთერთი შამაფასებელია, წლის ბოლოს ეს პროგრამები ეკონომიკაზე როგორ აისახება, ვგულისხმობ როგორც ბიზნესის სტიმულირების პაკეტს, ასევე – სოციალურ, სუბსიდირების პროგრამებს.პანდემიური ეკონომიკიდან გამომდინარე პირველი ჩაკეტვა, „ლოქდაუნი“ შარშან ზუსტად ამ პერიოდში დაიწყო. შემდეგ მეორე „ლოქდაუნი“ გვქონდა. ზაფხულში დიდი ფანჯარა იყო, ნოემბრის ბოლოს კი ეკონომიკის ჩაკეტვა მოგვიწია.

წელს მარტში 4 %-იანი ზრდა გვაქვს. დღეს მსოფლიო ეკონომიკური ტრენდი, შარშანდელი დიდი რეცესიისა და ვარდნის შემდეგ, ფაქტობრივად, გამოცოცხლების ფაზაშია. დავუკვირდეთ, რომელი ქვეყნები გადიან დადებით ტრენდზე: პირველ ყოვლისა, ესაა აშშ, სადაც ვაქცინაციის ძალიან მაღალი ტემპია. ამასთან, ბაიდენმა სტიმულირების ახალი პაკეტისთვის ძალიან დიდი თანხა, დაახლოებით, 2 ტრილიონ დოლარამდე გამოყო. ამან პოზიტიური მოლოდინები გამოიწვია. პოზიტიური ტრენდია ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ისრაელში. პანდემიამდე ბოლო 3 წლის მანძილზე ევროპაში საშუალო ზრდა იყო 2-%-მდე. ჩვენთანაც საშუალოდ იყო 4-ზე მაღალი“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, დღეს ეკონომიკის მკურნალობის მთავარი მეთოდი არა რაღაც გადაწყვეტილებები, არამედ პირდაპირ ვაქცინაციასთან დაკავშირებული მენეჯმენტია.

„უნდა შევთანხდეთ ერთ რამეზე: თუ ეკონომიკა გაიხსნება, ზრდაც მაღალი გვექნება. ეკონომიკა კი ბოლომდე რა შემთხვევაში გაიხსნება? თუ ჩვენ მაღალ ვაქცინაციაზე გავალთ. ეკონომიკის მკურნალობის მთავარი მეთოდი არის არა რაღაც გადაწყვეტილებები, არამედ პირდაპირ ვაქცინაციასთან დაკავშირებული მენეჯმენტი. მარტში ზრდა გვქონდა 4%. აპრილსა და მაისში გვექნება პოზიტიური ზრდა, უფრო მაღალი, ვიდრე მარტში იყო. კუმულატიური კი მაისის ბოლოში გვექნება დადებითი. ახლა უარყოფითი გვაქვს, მაგრამ გვაქვს შანსი, მომავალ თვეებში გავიდეთ საპროგნოზო 4%-იან ზრდაზე და შეიძლება, მაღალზეც. გვაქვს შანსი, 5%-იც კი გვქონდეს. ეს დამოკიდებული იქნება ვაქცინაციაზე. ეს არ არის ფინანსური კრიზისი. ეს კრიზისი არ გამოუწვევია ფინანსურ აფეთქებებს და რყევებს, ეს არის ჩაკეტვის კრიზი“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამა ეფექტიანი იყო.

„შეიძლება, გარკვეული უკმაყოფილება იყოს. არ იყო საკმარისი იგივე სოციალური დახმარების პაკეტები, მაგრამ გამოვდივართ იქედან, რა შესაძლებლობებიც ჩვენს ბიუჯეტს ჰქონდა. მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამა ეფექტიანი იყო”, – განაცხადა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას: 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 4.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალურმა კლებამ 4.2 პროცენტი შეადგინა.

„2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, დამამუშავებელი მრეწველობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებში“, – განაცხადეს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.

kvira.ge

Share