Home » ეკონომიკა » „გვაქვს კარგი შანსი გავხდეთ ქვეყანა, რომელიც ყველაზე სწრაფად დაიბრუნებს პანდემიამდე ეკონომიკურ მდგომარეობას“

„გვაქვს კარგი შანსი გავხდეთ ქვეყანა, რომელიც ყველაზე სწრაფად დაიბრუნებს პანდემიამდე ეკონომიკურ მდგომარეობას“

წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 9.9 პროცენტი, ხოლო იანვარ-ივლისის საშუალო წლიური ზრდის ტემპმა 12.2 პროცენტი შეადგინა, რაც არა თუ რეგიონში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეკონომიკის ექსპერტის გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, იანვარ-ივლისში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა აჭარბებს ეკონომიკური ზრდის პროგნოზებსაც.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მიმდინარე წლისთვის 7.7 პროცენტამდე გაზარდა, ხოლო სულ ახლახან წამყვანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო “S&P Global“-მა საქართველოს უცვლელად დაუტოვა რა საკრედიტო რეიტინგი, სარეიტინგო სააგენტოს პროგნოზით საქართველოს ეკონომიკური ზრდა წელს სსფ -ის მაჩვენებელთა ახლოს 7.5 პროცენტი იქნება და წინა, 2021 წლის თებერვლის შეფასებასთან შედარებით მნიშვნელოვნად, 3.5 პ.პ-ით არის გაზრდილი.

ეს შეფასებები იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ქმნის კარგ წინაპირობებს, ქვეყანას საინვესტიციო რეიტინგი მიენიჭოს უახლოეს ორ წელიწადში, რაც არის გაზრდილ საინვესტიციო შესაძლებლობებთან ერთად, მყარი ბაზისი გრძელვადიანი სწრაფი ეკონომიკური ზრდისათვის,“ – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

მისი თქმით, საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ, საქართველოს ეკონომიკის შეფასების გაუმჯობესებული პარამეტრები, ეკონომიკის სწრაფი აღდგენის პოზიტიურ მოლოდინზე მიუთითებს.

„ნიშანდობლივია, რომ 2021 წლის იანვარ-ივლისის კუმულაციური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად 5.7 პროცენტით აღემატება პანდემიამდელი, 2019 წლის იანვარ-ივლისის ეკონომიკური აქტივობის დონესაც კი. ოპტიმისტური სცენარებით წლიური ზრდა სულაც 10. 5 პროცენტი შეიძლება გვქონდეს. ჩვენ გვაქვს კარგი შანსი გავხდეთ ქვეყანა, რომელიც ყველაზე სწრაფად დაიბრუნებს პანდემიამდე ეკონომიკურ მდგომარეობას,“ – აღნიშნა ექსპერტმა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის ივლისში, აპრილიდან მოყოლებული ეკონომიკური გაჯანსაღების მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა საქონლით საგარეო ვაჭრობის და პირველ რიგში ადგილობრივი ექსპორტის ზრდის ტენდენციები. კერძოდ, 2021 წლის ივლისში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 42.4 პროცენტით გაიზარდა , ხოლო ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), სარეკორდო 48.5 პროცენტით არის გაზრდილი.

„ანტიკრიზისულ და პოსტკრიზისულ ღონისძიებებზე მიმართულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, ასევე მთავრობის მიერ კრიზისის შესამსუბუქებლად განხორციელებულმა ეკონომიკის სტიმულირების პროგრამებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ეკონომიკის რეცესიული შოკიდან სწრაფ გამოსვლას და შესაბამისად, პანდემიის უარყოფითი გავლენის შემცირებას ბიზნესზე და მოსახლეობაზე მთლიანად.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა ქვეყნის მთავარ გამოწვევას ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს. თუ ჩვენ გვსურს გვქონდეს მაღალი ზრდა, რაც სავალუტო კურსის სტაბილურობასთან ერთად, სამუშაო ადგილების აღდგენასაც შეუწყობს ხელს, სწორედ ვაქცინაცია იქნება გადამწყვეტი ფაქტორი, რათა ეკონომიკა ისევ არ ჩაიკეტოს!“ – წერს გიორგი ცუცქირიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

Share